მთავრობა სოციალურად დაუცველთა ბაზის მასშტაბურ გადამოწმებას იწყებს
სოციალურად დაუცველთა ბაზა
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მასშტაბურ გადამოწმებას. ხელისუფლება აცხადებს, რომ ათასობით ბენეფიციარის სტატუსი შესაძლოა აღარ შეესაბამებოდეს რეალურ სოციალურ მდგომარეობას.
ინიციატივის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძე. მისი თქმით, ერთიანი მონაცემთა ბაზა ‘შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან“, რომელიც ქვეყანას ბოლო წლებში ჰქონდა, რაც, მინისტრის შეფასებით, ქმნიდა “რიცხვებით მანიპულირების და ყალბი შთაბეჭდილებების“ საფუძველს. სარჯველაძე აცხადებს, რომ “დროა, წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს“.
ოფიციალური მონაცემებით, დღეს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია დაახლოებით 410 000 ოჯახი (დაახლოებით 1 300 000 ადამიანი). აქედან ფინანსურ შემწეობას იღებს 185 000-ზე მეტი ოჯახი, ჯამში დაახლოებით 710 000 ადამიანი. ნახევარზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი ფულად დახმარებას არ იღებს, თუმცა სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათით.
გადამოწმება მომდევნო თვეებში ეტაპობრივად განხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში. პრიორიტეტი მიენიჭება იმ ოჯახებს, რომელთა შემთხვევაში მაღალია ალბათობა, რომ აღარ აკმაყოფილებენ სოციალური დახმარების მიღების კრიტერიუმებს. ერთ-ერთ ინდიკატორად სახელდება ბოლო სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000 ლარის შემოსავალი.
მინისტრის თქმით, მიზანია, ბაზაში დარჩნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა – როგორც ფულადი შემწეობის, ისე სხვადასხვა სოციალური შეღავათის სახით.
“ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც ვერც ახლა და ვერც წარსულში ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას,“ — განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, 2012 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა ის ქულა, რომელიც შემწეობის დანიშვნას განსაზღვრავს, რაც, მისი შეფასებით, უფრო ფართო ჯგუფებისთვის დახმარების ხელმისაწვდომობას ემსახურებოდა. მინისტრის განცხადებით, ეს ცვლილება რომ არ განხორციელებულიყო, დღეს დახმარების მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 120 000 ოჯახს არ გადააჭარბებდა.
სარჯველაძე ასევე აღნიშნავს, რომ კოვიდ-პანდემიის შემდეგ მოქმედი მორატორიუმის გამო ოჯახების გადამოწმება პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა, “გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა“. მისი თქმით, შედეგად, ბაზაში დარჩნენ ოჯახები, რომლებსაც სოციალური დახმარების საჭიროება აღარ აქვთ.
სარჯველაძე საუბრობს შემთხვევებზეც, რომლებიც, მისი თქმით, სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს: ოჯახები, რომლებმაც ბოლო თვეებში მიიღეს რამდენიმე ათეული ათასი ლარის შემოსავალი, შეიძინეს ახალი, 2024 წელს გამოშვებული ავტომობილები ან აიღეს ასიათასობით ლარის საბანკო სესხები. მინისტრის შეფასებით, ასეთ შემთხვევებში “სახეზეა მატერიალური შესაძლებლობების გაუმჯობესება“, რაც სოციალური შემწეობის გაგრძელებას ეჭვქვეშ აყენებს.
ორი დღით ადრე პარლამენტში ანალოგიური პოზიცია გამოთქვა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, პირველადი ანალიზის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღებთა დაახლოებით 8% “არის შეძლებული, ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, არამედ რეალურად შეძლებულია“.
ხელისუფლება ამ პროცესს “განსაკუთრებული ყურადღების“ ღირსად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გადამოწმება მკაცრი კონტროლის პირობებში წარიმართება. მინისტრის თქმით, პროცესი იქნება ხანგრძლივი და სკრუპულოზური, რომელიც საბოლოოდ მიზნად ისახავს სოციალური რესურსების “უფრო ეფექტიან და მიზნობრივ“ განაწილებას იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება რეალურად სჭირდება.