აფხაზი სატვირთო მანქანების მძღოლები რუსეთის საზღვარზე გაიფიცნენ
გაზიარება
გაზიარება
სატვირთო მანქანების მძღოლები გაიფიცნენ აფხაზეთში
აფხაზი სატვირთო მანქანების მძღოლები რუსეთის საზღვარზე გაიფიცნენ. ისინი უკმაყოფილონი არიან აფხაზეთის საბაჟოს მიერ შემოღებული ახალი წესით – საზღვრის გადაკვეთისას და ტვირთის განბაჟებისას, სატვირთო მანქანები სრულად უნდა გადმოიტვირთოს.
პრობლემა ის არის, რომ ფსოუს საბაჟო ტერმინალი ამ პროცედურისთვის არ არის მზად. მას არ აქვს საჭირო აღჭურვილობა და შესაბამისად, მძღოლები იძულებულნი არიან, ეს ამოცანა თავად შეასრულონ.
„თუ რამდენიმე სატვირთო მანქანა ერთდროულად გაჩერდება გადმოსატვირთად, მაშინვე საცობი წარმოიქმნება და სამუშაოები პარალიზდება. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება მალფუჭებად საქონელთან თბილ სეზონზე, სანამ სატვირთოები გადმოიტვირთებიან“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
ამგვარად, 12 თებერვალს მძღოლები ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ამჟამად აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელობა მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.