"საქმე არასწორი მიმართულებით მიდის" - საფრანგეთისა და შვედეთის ევროპის მინისტრები
გაზიარება
გაზიარება
საფრანგეთის და შვედეთის ევროპის მინისტრები
საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ბენჟამენ ჰადადიმ “ევროსკოპთან” განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” რეპრესიები ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გზას უჭრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
ამასთან, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, ჯესიკა როზენკრანციმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განმარტა, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო “საქმე არასწორი მიმართულებით მიდის.”
ბენჟამენ ჰადადი: “ევროკომისია გაფართოების ანგარიშით ძალიან მკაფიო იყო საქართველოსთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ქმედებები, რეპრესიები ოპოზიციის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ გზას უჭრის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ეს სამწუხაროა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას. ეს მისწრაფება არის ძლიერი და მას საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს.
მაგრამ რაც ხდება წინა წლის არჩევნებიდან მოყოლებული, ბოლო თვეებში ლიბერალური გზიდან გადახვევა – უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მთლიანად შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, საქმოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქვეყანას შეუძლია დაუბრუნდეს ევროპულ მისწრაფებას. სხვა შემთხვევაში ეს პროცესი გაიყინება.”
ჯესიკა როზენკრანცი: “შვედეთის პოზიცია დიდი ხანია არის ის, რომ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, გაწევრდნენ ევროკავშირში და გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ასევე ვხედავთ საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ არ არსებობს რეალური ამბიცია ან ინტერესი, მიჰყვნენ ამ გზას, ან განახორციელონ საჭირო რეფორმები.
პირიქით, ვხედავთ, რომ საქმე არასწორი მიმართულებით მიდის და შესაბამისად, ეს პროცესი წინ არ მიდის. ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია: თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმების განხორციელებაზე.”