"ამ კანონებს, რა თქმა უნდა, არ გავაუქმებთ" - "ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება
ვენეციის კომისიის დასკვნა
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის ბოლო ანგარიში ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, ყველაზე კარგი მაგალითია, რომ ვენეციის კომისია იქცა “პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად” და არა სამართლებრივის.
ხოლო დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ვინც აფინანსებს გადატრიალებას, არ სურთ ეს კანონები იყოს მიღებული.
“ქართული ოცნების” პარლამენტის ევრონტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილიც ეხმაურება ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას და ამბობს, რომ ოცნებაში კომისიისთვის “აზრი არ უკითხავთ”.
15 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებზე და მოუწოდა ხელისუფლებას, გააუქმოს: “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი” (ქართული FARA), ასევე “გრანტების შესახებ კანონსა” და “მაუწყებლობის შესახებ კანონში” შესული ცვლილებები, რომელიც უცხოური დაფინანსების მიღებას ზღუდავს.
რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

“სამწუხაროდ ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია. მანამდე, ვენეციის კომისას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ბოლო რამდენიმე წელია, ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში.
ეს დასკვნა და ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენლად და არა სამართლებრივის.
მაგალითად, როცა საუბრობენ FARA-ზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, იმასაც ვერ ბედავენ, რომ თქვან ამერიკაში რომ მოქმედებს კანონის უზენაესობას ეწინააღდმგებაო – ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია. იქ კი არისო, მაგრამ ჩვენ საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო – იმდენ მაინც ეყოთ სითამამე, რომ თქვან, ამერიკაში რაც მოქმედებს, ის ეწინააღდმეგება კანონის უზენაესობასო”. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რა თქვა კახა კალაძემ

“ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ტიპის განცხადებები, რადგან აღნიშნული კანონებით ჩვენ და საზოგადოება შეძლებს განახორციელოს კონტროლი თუ საიდან, ვისგან შემოდის საქართველოში თანხები, რომლებიც იხარჯება პოლიტიკაში, იხარჯება საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებაში, მოძალადეების დაფინანსებაში, შესაბამისად, ამ ყველაფერზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.
ზუსტად ამიტომ არიან ასე აგრესიულად განწყობილი აღნიშნულ კანონებზე. აღნიშნული კანონი მუშაობს ევროპულ ქვეყნებშიც, ამერიკაშიც დიდი ხანია. პირიქით, საუბრობენ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს არასამთავრობოების ფინანსები, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ ის, ვინც აფინანსებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს, მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ სურვილი, რომ ამ ტიპის კანონები იყოს მიღებული საქართველოში, რადგან ეს ყველაფერს ცხადს გახდიდა. საზოგადოებამ ყველაფერი იცის, ვინ ვინ არის, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი.
ჩვენი პოზიცია არის მარტივი. მზად ვართ, დავსხდეთ, ვისაუბროთ, მოგვიყვანეთ არგუმენტები, რატომ არის აღნიშნული კანონები ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციის პროცესს.” – თქვა დედაქალაქის მერმა.