ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას
უვიზო მიმოსვლის შეჩერება
ევროპარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა ახალ წესებს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს. ახალ მექანიზმს მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 96 იყო, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 24-მა დეპუტატმა შეიკავა.
საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზებს დაემატება:
- ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს;
- ქვეყნის უვიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაკლებობა.
გაუმჯობესებული მექანიზმი ასევე მოიცავს კიდევ ერთ ცვლილებას, რომელიც კონკრეტულად საქართველოს მიემართება და გულისხმობს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას მხოლოდ იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ განახლებული წესების მიღება, ნაწილობრივ, საქართველოს გამო ხდება.
რას ნიშნავს ახალი წესები
● ამის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, 17 ნოემბერს ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის თვიდანაა მოსალოდნელი.
● ახალი ზომები შეეხება 61 ქვეყანას, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს.
● არსებული კანონმდებლობით, უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება ჯერ 9 თვით შეიძლება და მისი გახანგრძლივება დამატებით 18 თვითაა შესაძლებელი. ახალი წესებით დროებითი შეჩერების პირველი ეტაპი 12-თვიანია და მისი გახანგრძლივება 24 თვით შეიძლება.
● გაუმჯობესებული მექანიზმი ასევე მოიცავს კიდევ ერთ ცვლილებას, რომელიც კონკრეტულად საქართველოს მიემართება და გულისხმობს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას მხოლოდ იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა, დაადასტურა, რომ ევროკავშირი განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობას, როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტს.
“ამ დრომდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე.” – თქვა კაია კალასმა 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, 24 სექტემბერს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ “ფორმულასთან” საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, უვიზო შეჩერდება, რადგან “სხვაგვარად წარმოუდგენელია.”
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებაში” ძალიან კარგად იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ ქვეყანამ უვიზო რეჟიმი შეინარჩუნოს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, თუ საქართველო არ შეასრულებს რეკომენდაციებს და უვიზო რეჟიმი შეჩერდება, ამაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ოცნებას ეკისრება.