"შეხედეთ თანამედროვე საქართველოს" - გრიგორი კარასინი აღფრთოვანებულია "ქართული ოცნების" მთავრობის ქმედებებით
გაზიარება
გაზიარება
კარასინი 4 ოქტომბერზე
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა, კიდევ ერთხელ შეაქო “ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებები.
მან განაცხადა, რომ “მაიდანის გამეორების მცდელობა სრულიად ჩავარდა“ და რომ საქართველო გაძლიერდა, მომწიფდა და მშვიდად რეაგირებს ყველა პროვოკაციასა და ინტრიგაზე.
‘ცხოვრება გვასწავლის!“ – წერს კარასინი სოციალურ მედიაში.
„მაიდანის დასავლური პოლიტიკური ტექნოლოგიები, რომლებიც ოდესღაც საკმაოდ ეფექტური იყო, მოძველებულ ნაგავად იქცა. შეხედეთ თანამედროვე საქართველოს. სააკაშვილის გადატრიალების მსგავსმა ისტერიამ და ზურაბიშვილის სტილის საზოგადოებრივმა ინდოქტრინაციამ საქართველოს ასწავლა ფიქრი და ჭეშმარიტად აუცილებელისა და თავს მოხვეულის გარჩევა.
“ქართულმა ოცნებამ“ მოიგო 64-ვე ოლქში ადგილობრივ არჩევნებზე. ამავე დღეს თბილისში მოწყობილი არეულობები ემოციური იყო, მაგრამ, როგორც გაირკვა, უაზრო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი პირდაპირ ევროკავშირის ელჩი დაასახელა ამ “საზიზღრობის“ ორგანიზატორად.” – წერს კარასინი ტელეგრამზე.
აქვე ნახეთ JAMnews-ის სტატია იმაზე, თუ როგორ გააშუქეს რუსმა პროპაგანდისტებმა 4 ოქტომბრის მოვლენები.
4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. არჩევნებზე არ მივიდა ასევე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ “ოცნებამ” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არცევნები გააყალბა. შედეგად, საარჩევნო აქტივობამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანტორეკორდი დაამყარა.
პარალელურად, ამავე დღეს, თბილისში გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელიც მოგვიანებით მომიტინგეების ნაწილსა და პოლიციაშ შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. პროტესტში მონაწილეთა ნაწილმა პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
სამართალდამცავებმა აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეთ. საქმე აღიძრა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით. დაკავებულია ოცამდე ადამიანი, მათ შორის, არიან პოლიტიკოსები და აქტივისტები.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა ევროკავშირის ელჩი ამ არეულობის ორგანიზებაში. კობახიძემ დაანონსა შემდგომი დაკავებებიც და თქვა, რომ იქნება “ნული თანაგრძნობა” პროტესტში მონაწილეთა მიმართ.