“ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.
მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებლმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – წერია განცხადებაში.
გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განაჩენის გამოცხადების დღეს, მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა – სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, – პოლიციელიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
სანქცირებულ მოსამართლე ნინო სახელაშვილს განაჩენის გამოსაცხადებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა.