კომენტარი: ბენეფიციართა პირადი მონაცემების მოთხოვნა ტოტალური კონტროლის გამოვლინებაა
ნონა ქურდოვანიძის კომენტარი
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ეხმაურება იმ ფაქტს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ე.წ. ფარას კანონის აღსრულება დაიწყო და ამბობს, რომ ბენეფიციართა პირადი მონაცემების მოთხოვნა ტოტალური კონტროლის გამოვლინებაა. მისივე განმარტებით, არსებობს კანონები, რომელიც არეგულირებს იმას, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია იყოს კონფიდენციალური და ამ კატეგორიაში არიან ბენეფიციარები.
როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, საქართველოში მიღებული “ფარას“ კანონი დამოუკიდებელი ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენება, ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ ის ამერიკაში მოქმედი კანონის იდენტურია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 17 ივნისს რუსული კანონების აღსრულება დაიწყო. როგორც ენჯეოები განმარტავენ, მათ უკვე მოსთხოვეს ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემა, ვინც მათი დახმარებით ისარგებლა.

ნონა ქურდოვანიძე: “კანონების აღსრულება დაიწყო, რომელიც არადემოკრატიულია და რუსული კანონის სხვადასხვა ფორმას წარმოადგენს. როგორც იცით, დღეს საქართველოში მოქმედებს, როგორც თვითონ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები] ამბობენ ე.წ. ამერიკული FARA-ს პირდაპირი თარგმანი, მაგრამ მისი იმპლემენტაცია სრულიად სხვაგვარად ხდება საქართველოს რეალობაში, ვიდრე ეს ამერიკაშია. ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ ეს იდენტური კანონია, რადგან განსხვავდება, როგორც პოლიტიკური კონტექსტი, ასევე მისი გამოყენების მიზნები.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქართველოში ამ კანონის მიღების მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ინდივიდების, დამოუკიდებელი ადამიანების და მედიების ჩახშობა. ამიტომ როდესაც საუბარია, რომ ეს ამერიკული კანონის ანალოგია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ არ იყენებენ. ამერიკაში მისი სამიზნე დამოუკიდებელი ორგანიზაციები არ არის, რომლებიც საკუთარი წესდების საფუძველზე დაფინანსებას მოიპოვებენ და ამას სხვადასხვა პროექტის სახით ახორციელებენ. რაც შეეხება საქართველოში მიღებულ კანონს, მისი მიზანია, რომ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს ებრძოლოს.
გარდა ამისა, საქართველოში ე.წ. გრანტების კანონში შესული ცვლილებები მოქმედებს. სწორედ, ამის საფუძველზე სასამართლოს ხელით რაჟდენ კუპრაშვილი კონკრეტული ორგანიზაციებისგან კონკრეტულ ინფორმაციას ითხოვს. ჯერჯერობით ჩვენ [საიას] წერილი არ მიგვიღია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღეს ხუთ ორგანიზაციას მიმართავენ, თუ ხვალ სამს, ეს არაფერს ცვლის. ეს პროცესი ყველასთან მივა!
ეს ტოტალური კონტროლის გამოვლინებაა, როდესაც ამ ფორმით ინფორმაციის გამოთხოვნა ხდება. ეს არის სრულიად უკანონო, იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს სხვა სპეციალური კანონები, რომლებიც არეგულირებს იმას, რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია კონფიდენციალურია და სხვისთვის ხელმისაწვდომი არ შეიძლება იყოს. მათ შორის, ასეთია ბენეფიციარების შესახებ არსებული ინფორმაცია.
როდესაც კონკრეტული ორგანიზაცია, მაგალითად: სამართლებრივი დახმარების ფარგლებში დახმარებას კონკრეტულ პირს უწევს, იმ პირის შესახებ ინფორმაცია სხვებისთვის არ შეიძლება იყოს გაზიარებული. ეს არის სახელმძღვანელო პრინციპი ნებისმიერი იურისტისთვის, ადვოკატისთვის.
რაჟდენ კუპრაშვილი პრესკონფერენციაზე ამბობდა, თითქოს ასეთი ინფორმაცია არ მოუთხოვიათ, მაშინ როდესაც სასამართლოს აქტში (ეს სასამართლოს აქტი თავის მხრივ ეფუძნება რაჟდენ კუპრაშვილის მიმართვას სასამართლოსთვის) ცალსახად წერია, რომ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილია.
ჩემი აზრით, ამ ყოველივეს მიზანია, საქმიანობის შეფერხება და ნდობის დაკარგვის, რომ ორგანიზაციებს ადამიანები აღარ ენდონ და არ მიმართონ.
გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უფლება და ამ უფლებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სტანდარტია უკვე დადგენილი, მართლაც გასაოცარია, რომ როგორ შეიძლება ამ სტანდარტების ასე გამოყენება ხდებოდეს. განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირების ასეთ განსაკუთრებული დაცვის ობიექტებად მიჩნევა, ეს სრულიად წარმოუდგენელია.
პირიქით, საჯარო ფიგურები (როდესაც თანხმდებიან, რომ კონკრეტულ თანამდებობაზე, საჯარო პოზიციებზე იყვნენ) თავიდანვე უნდა უშვებდნენ იმას, რომ ისინი შესაძლოა კრიტიკის ობიექტები გახდნენ. მათ მიმართ შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთი ლექსიკაც, რომელიც მათ არ მოსწონთ.“