სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვა ფინჯან ყავასთან ერთად: ფაშინიან-ალიევის მოლაპარაკებები ტირანაში
პაშინიან-ალიევის მოლაპარაკებები ტირანაში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 16 მაისს შეხვდნენ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, სადაც ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეექვსე სამიტი გაიმართა.
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ლიდერებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და ხაზი გაუსვეს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პროცესის გაგრძელების აუცილებლობას.
შეხვედრის დეტალები ოფიციალურად ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ტირანიდან გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების მიხედვით, ფაშინიანი და ალიევი არაფორმალურ გარემოში, ფინჯანი ყავის თანხლებით ესაუბრნენ ერთმანეთს. მოგვიანებით მათ შეხვედრას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეუერთდნენ.
2025 წლის მარტში სომხეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების მთავარ დებულებებზე. თუმცა მას შემდეგ ბაქომ წამოაყენა ახალი წინაპირობები, რომლებმაც დოკუმენტის ხელმოწერის პროცესი შეანელა.
აზერბაიჯანი მოითხოვს სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და ეუთოს მინსკის ჯგუფის ოფიციალურ დაშლას. ოფიციალური ბაქოს პოზიციაა, რომ ამ ნაბიჯების გარეშე შეთანხმებას რეალური ძალა არ ექნება.
ერთ დღით ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს. მისი თქმით, სომხეთის მოქმედი კონსტიტუცია არ შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს არც აზერბაიჯანის, არც სხვა ქვეყნის მიმართ.
“მინსკის ჯგუფის დაშლის იდეა ჩვენთვის მისაღებია. თუმცა სომხეთისთვის მიუღებელია აზერბაიჯანის სურვილი, კონფლიქტი მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში დახუროს და მთლიანად სომხეთში გადმოიტანოს. ჩვენი წინადადებაა, ერთდროულად მოეწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას და დაიწყოს ჯგუფის დაშლის პროცედურაც“, — აღნიშნა ფაშინიანმა.
ამავე დროს, სომხეთში ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეთანხმების გაჭიანურების მიზეზები შესაძლოა რეგიონულ ძალებს უკავშირდებოდეს. პოლიტოლოგ რობერტ გევონდიანის თქმით, მოსკოვს არ აწყობს რეგიონის დესტაბილიზაციის დასრულება.
“რუსეთი დაინტერესებული არ არის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გახსნით და სატრანზიტო ვაჭრობის დაწყებით. ამ შემთხვევაში კრემლი დაკარგავს სომხეთისთვის სატრანზიტო სტატუსის ქვეყნის უპირატესობას. ასევე, მას ჩამოერთმევა შესაძლებლობა, კონფლიქტის გზით სამხრეთ კავკასიაში გარკვეული დონის გავლენა შეინარჩუნოს“, — აცხადებს ექსპერტი.
ფაშინიანი: “სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია — სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა კვლავ დღის წესრიგშია“
ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერევნის კონსტიტუცია არ შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ — ეს პოზიცია, მისი თქმით, უკვე დაადასტურა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ.
ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანისთვის პრობლემურად მიჩნეული პუნქტები უკვე გათვალისწინებულია სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში.
შეთანხმების მიხედვით:
- მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ალმა-ათას დეკლარაციის საფუძველზე;
- არცერთ ქვეყანას არ გააჩნია ტერიტორიული პრეტენზიები და იღებს ვალდებულებას, მომავალშიც არ წამოაყენოს მსგავსი მოთხოვნები;
- შეთანხმება პრევალირებს ეროვნული კანონმდებლობის დონეზე — ანუ შიდა სამართლის გამოყენება დოკუმენტის შესრულების შესაზღუდად დაუშვებელია.
„თუ ეს შეშფოთება რეალურია, მაშინ პრობლემის გადაჭრის ყველაზე სწრაფი გზა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაა,“ — აღნიშნა ფაშინიანმა.
მინსკის ჯგუფის საკითხი და ერთობლივი ინიციატივა
სომხეთის ლიდერმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, შეთანხმების ხელმოწერის დღესვე ევროკავშირის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო) წარედგინოს ერთობლივი მიმართვა მინსკის ჯგუფის ოფიციალური დაშლის შესახებ:
“მოვაწეროთ ხელი შეთანხმებას და იმავე დროს წარვუდგინოთ ეუთოს ერთობლივი განცხადება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ჟესტი ნდობისა და სტაბილურობის მიმართულებით.“
ბაქოს რეაგირება: კვლავ კონსტიტუციური ცვლილებების მოთხოვნა
ფაშინიანის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი აიჰან ჰაჯიზადე. მისივე თქმით, ბაქოსთვის მშვიდობის მთავარი პირობა რჩება სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის.
“მხოლოდ ტექსტური განცხადებები საკმარისი არ არის, როდესაც იმავე კონსტიტუციის 21-ე მუხლში მოყვანილი გერბი დღემდე ასახავს ტერიტორიულ პრეტენზიებს მეზობელი ქვეყნების, მათ შორის თურქეთის მიმართ,“ — აღნიშნა ჰაჯიზადემ, რაც, სავარაუდოდ, არარატის მთაზე მინიშნებას გულისხმობს.
ბრიუსელის პოზიცია: შეთანხმება თითქმის მიღწეულია
ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ერთი ხელის გაწვდენაზე აქვთ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საფრთხოების საკითხებში კაია კალასმა იმედი გამოთქვეს, რომ შეთანხმებას მხარეები უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს.
“ეს იქნება ერთი კონფლიქტით ნაკლები რეგიონში და ახალი შესაძლებლობა — მშვიდობისთვის,“ — აღნიშნა კალასმა ტირანაში გამართულ სამიტზე.
კომენტარი
სომეხი პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი რეალურად არ ცდილობს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას, მაშინ როდესაც რუსეთი პროცესის შეფერხებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
“არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს იმ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მაგიდაზეა,“ — ამბობს ანალიტიკოსი. მისი აზრით, მოსკოვს შესაძლოა საკუთარი ალტერნატიული დოკუმენტი ჰქონდეს, რომელიც უფრო მისაღებია კრემლისთვის.
გევონდიანი ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან რუსეთის ჩამოცილება მიუთითებს იმაზე, რომ ხელმოსაწერი შეთანხმება მოსკოვის ინტერესებში არ ჯდება. ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სამშვიდობოების ყარაბაღიდან ნაადრევად გამოყვანაც შესაძლოა სწორედ ამ პროცესს უკავშირდებოდეს.
“შესაძლებელია, ბაქო მოსკოვს დაჰპირდა, რომ არ მოაწერდა ხელს შეთანხმებას სომხეთთან, მანამ სანამ ერევანი, მაგალითად, არ დათანხმდება რუსეთის ჩართულობას ე.წ. ზანგეზურის დერეფანის საკითხზე,“ — აცხადებს ანალიტიკოსი.
საუბარია სატრანსპორტო მარშრუტზე, რომელიც აზერბაიჯანს მის ანკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს. სომხეთი არ ეწინააღმდეგება ამ მარშრუტის ფუნქციონირებას, თუმცა მკაცრად უარყოფს ტერმინის — “დერეფნის“ — გამოყენებას, რაც ტერიტორიული სუვერენიტეტის შელახვად აღიქმება. ერევნის ოფიციალური პოზიციაა, რომ გზას არ უნდა ჰყავდეს მესამე მხარე — მათ შორის რუსეთი.
რუსეთი და აზერბაიჯანი — მზარდი პარტნიორობა
გევონდიანის თქმით, მოსკოვსა და ბაქოს შორის გარკვეულ საკითხებზე თანხვედრა შესაძლოა რეგიონულ და გლობალურ ფაქტორებს უკავშირდებოდეს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის პოზიციები რეგიონში გაძლიერდა ჯერ 2020 წლის ომის, შემდეგ კი — 2023 წელს მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილების შემდეგ.
“ბაქო დღეს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ დასავლეთისა და ჩინეთისთვისაც,“ — აღნიშნავს ის.
ანალიტიკოსის აზრით, აზერბაიჯანის მზარდი როლი ასევე უკავშირდება დასავლეთსა და რუსეთს შორის გამწვავებულ დაპირისპირებას უკრაინის ომის ფონზე. გევონდიანის შეფასებით, დასავლეთის სანქციებმა რუსეთს აიძულა მოეძებნა ახალი ტრანსპორტისა და ენერგეტიკული კავშირები, მათ შორის ბაქოს საშუალებით.
“აზერბაიჯანი რუსულ ენერგორესურსებს აზერბაიჯანული ეტიკეტით ყიდის. საბოლოო ბენეფიციარი კი კვლავ რუსეთია,“ — აცხადებს გევონდიანი.