გლდანის ციხიდან "ვივამედში" გადაყვანილი ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა
ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა
ნაცემი პატიმარი, 46 წლის იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა “ვივამედში” გარდაიცვალა. გორგაძე გლდანის ციხიდან კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით, 30 იანვარს გადაიყვანეს. 5 მაისს, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეთვიანი მკურნალობის მიუხედავად, პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო. IPN-ს ინფორმაციით, კაციტაძის უწყებამ საქმე სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“გირჩი – მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, თემურ გორგაძე, გარდაცვლილი პატიმრის ჯანმრთელობის ცნობის დოკუმენტს აქვეყნებს და წერს, რომ “ძალიან მკაფიოდ დასტურდება, რომ ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები.”

ექიმის განმარტება
კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით “ფორმულასთან” კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, პატიმარი იანვარში მათთან მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
“ჩვენთან პატიმარი 23 იანვარს. ჩვენი პირველადი დიაგნოზიც იყო ის, რაც იყო რეალურად. ეს არის მრავლობითი დაზიანება, პოლიტრავმა თავის ტვინის დაზიანებით. მას ჩაუტარდა აუცილებელი და საჭირო სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ დადგა ლეტალური შედეგი”,- აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
რას ამბობ ადვოკატი
გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატის თქმით, იოსებ გორგაძე გლდანის ციხიდან თავდაპირველად პენიტენციურმა ინსულტის ნიშნებით შეიყვანა, თუმცა კლინიკას ეს დიაგნოზი არ გაუფორმებია და სამედიცინო დასკვნებში ჩაიწერა, რომ პაციენტს თავის დაზიანება და სახის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა. მუხრან ღურწკაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში სცემეს და ახლა ამას მალავენ:
“გლდანის ნომერ მე-8 დაწესებულებამ, როდესაც “ვივამედში” შეიყვანა იოსებ გორგაძე, შეიყვანა ინსულტის ნიშნებით. შემდეგ უკვე ვივა მედის კლინიკამ გასცა შესაბამისი დოკუმენტაცია, ფორმა 100-ები და სამედიცინო ისტორია, სადაც ინსულტი არ არის მოხსენიებული საერთოდ. მას ჰქონდა თავის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები.
ვინც ეს საზარელი ფაქტი ჩაიდინა, იმ ადამიანებს ხელს აფარებენ . ეს არის ფაქტი, რომ გამოძიებას ჯერჯერობით არაფერი არ დაუდგენია . ის კი არა, მუშაობენ იმ ვერსიაზე, რომ სავარაუდოდ ეს ადამიანი წაიქცა საპირფარეშოში შესვლის დროს და მიიღო დაზიანებები . წარმოუდგენელია სახის მიდამოში დაახლოებით 30 მოტეხილობა ჰქონდეს ადამიანს სიმაღლიდან ვარდნის შედეგად.” – განუცხადა “ფორმულად” ადვოკატმა.
სახალხო დამცველი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, მათ რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები შეისწავლეს, თუმცა, გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა.
„მედიით ვრცელდება ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პატიმრის, მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში მოთავსების ფაქტი საჯარო 2025 წლის 29 იანვარს გახდა. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო საკითხის შესწავლაში. https://tinyurl.com/2e54p5ma
სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით იმყოფებოდა კლინიკაში. ასევე, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, პირადად პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს.
სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას და საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას, გამოძიების მონიტორინგის მიზნით.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.