“ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ “ზოგადი განათლების ახალი ხედვა” წარადგინა, სადაც საუბარია ჩინური ენის არჩევითად, მეორე ენად სწავლებაზე.
წულაძემ ახალი ხედვის რამდენიმე მიმართულება საზოგადოებას წარუდგინა, რომლის მიხედვით:
შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთის მხრივ მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად. მეორეს მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებული პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომი მიიღონ.
დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.
ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო.
ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას.
როგორც წულაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოში არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერების მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული სკოლების ინტელექტუალური რესურსი გამოყენებული იქნება სხვა სკოლებში ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისთვის.
განათლების სამინისტრომ ასევე განიხილა, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე ქართული ენის სტანდარტის დამტკიცება. ამასთან, მათი თქმით, აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე.
შეხვედრაზე “ქართული ოცნების” მინისტრმა მასწავლებელთა კარიერულ წინსვლაზეც ისაუბრა და მისი მტკიცებით, ამ მიმართულებით ისინი მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სქემის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც საზოგადოებას ზაფხულში წარედგინება.
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარუდგინა და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მათთან ერთად განიხილა. დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება”,- ნათქვამია განცხადებაში.