"მზად ვართ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ" - მიხაილ გალუზინი
მიხაილ გალუზინის ინტერვიუ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა იზვესტიასთან საუბრისას განაცხადა.
2008 წელს, ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შეწყდა ავიამიმოსვლა და რუსეთმა სავიზო მიმოსვლის პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა.
გალუზინის მტკიცებით, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები “სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია”. ინტერვიუში რუსი ჩინოვნიკი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს აქებს და ამბობს, რომ გასულ შემოდგომაზე გაკეთებული განცხადება ბოდიშის მოხდაზე “გონივრული” იყო.
ამასთან, მიახილ გალუზინი განმარტავს, რომ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე მათი გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა აღნიშნავს, რომ მზად არიან, “თანამშრომლობა ყოველმხრივ” კიდევ უფრო განავითარონ.
რა თქვა გალუზინმა
“რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა ჩვენმა, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია, მას შემდეგ რაც ამ რეჟიმმა სცადა აგრესია მოეხდინა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამის გამო ახლა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმს და თავად ისიც უამრავ კრიტიკას ექვემდებარება.
გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან გონივრული განცხადებები სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ. მე როგორც მესმის, ასეთივე დამოკიდებულება აქვს ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის მიმართ. ეს რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია.
ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ უკავშირებს ჩვენს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, გადახედვას არ ექვემდებარება.
მაგრამ, ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყოველმხრივ კიდევ უფრო განვავითაროთ, ამისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობაა.
საქართველოსთვის რუსეთი მრავალი მიმართულებით საკვანძო ბაზრად რჩება, კერძოდ, ღვინის პროდუქტებისა და ხილის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია.
რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურული, ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად მჭიდრო კავშირების გაგებით, ორი ხალხის საკეთილდღეოდ ყოვლისმომცველი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობით ხელმძღვანელობით, რუსულმა მხარემ ბოლო წლებში გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
კერძოდ, აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აღუდგა. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ისინი. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ იქამდე, სადამდეც ქართული მხარე მზად არის წავიდეს. ჩვენთვის აქ არანაირი შეზღუდვა არ არის.”- თქვა გალუზინმა.