სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მედიამენეჯრი ისევ პატიმრობაში რჩება
მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება
გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება, 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვასილ მეტრეველმა მიიღო. ამ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმარი მედიამენეჯერის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებაც იმსჯელა.
ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სასამართლომ მზია ამაღლობელის მიერ ახალი დამაშაულის ჩადენის რისკი მიუთითა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მედიამენეჯერის უფლებებს იცავს, უთითებს, რომ ეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
საიამ სასამართლოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს ოცამდე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება წარუდგინა. ამ გადაწყვეტილებების თანახმად, სასამართლომ პოლიციაზე თავდასხმად არ შეაფასა ისეთი ძალადობრივი ქმედებები, როგორიცაა, პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახის არეში მუშტის გარტყმა არაერთხელ, თვალბუდის, ტუჩის დაზიანება, ოთხი პირის მიერ ორი პოლიციელის ცემა და ა. შ.
„აღნიშნულით საბუთდება, რომ მზიას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კანონით დადგენილი სტანდარტი“, – წერს ორგანიზაცია.
ამ პროცსეზე ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის საქმეში დევს დეტექტივის 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, თითქოს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა და ამაზე კომუნიკაციას ტელეფონით აწარმოებდა. ამ საფუძველით, პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებას მოითხოვა.
ასევე, ამავე პროცესზე სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მიიჩნევს, რომ “მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა”.
“ნეტგაზეთი”/”ბათუმლების” დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება