"ჩვენ ვართ ევროპა" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სიტყვით EU-ის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები გამოვიდნენ. ფოტორეპორტაჟი
აქცია ჩვენ ვართ ევროპა
“ჩვენ ვართ ევროპა” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. ადგილზე თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც მოსახლეობას სიტყვით მიმართეს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრა არ გამართეს. შეხვედრები არც მთავრობის ადმინისტრაციასთან და არც საპარლამენტო უმრავლესობასთან არ შემდგარა.
ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, ამ დროს კი დელეგაციის ვიზიტი ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მეგობრების საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზის მოძებნაა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ არჩევნებზე არსებულ დარღვევებსა და დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს მის ლეგიტიმურობას”.
მისივე თქმით, თუ განცხადებები გაყალბების შესახებ არ იქნება დამოუკიდებლად გამოძიებული, მოითხოვენ პერსონალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე.
ფოტორეპორტაჟი
ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ხალხს მიმართა.
“ვიღაცას სურს, წაგართვათ თავისუფლება, ვიღაცას სურს, წაგართვათ დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში. არ დანებდეთ, იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ დემოკრატიისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და NATO-ში…
უნდა გაგაჩნდეთ გეგმა, უნდა იმუშაოთ მასზე, უნდა შეასრულოთ იმიტომ, რომ ნაჩუქარი თავისუფლება არ არსებობს, უნდა მოიპოვოთ 24 საათიანი მუშაობით ეს თავისუფლება და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამ გზაზე თქვენთან! თქვენ ხართ ევროპა.” – თქვა პავილიონისმა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა:
“ძალიან მოხარულები ვართ, რომ თბილისში დავბრუნდით – ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქში. გვსიამოვნებს თქვენი სტუმარმასპინძლობა და რეალურად ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი თქვენ ქვეყანაში, მთავრობაში, მმართველ პარტიაში დიდად არ არიან კმაყოფილები ჩვენი ვიზიტით, მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები – ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მეგობრები, რომელიც ფაქტობრივად ევროპის ცენტრია დღეს – ეს არის თქვენი ადგილი და თქვენ ამას იმსახურებთ.
ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს ვერევით თქვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს არის ჩარევა? ჩარევაა, როცა თქვენი სახელმწიფოს პრეზიდენტს ვხვდებით? მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთად, თქვენი ქვეყნის ნათელი და ამაყი მომავლისთვის
ჩარევას ვეძახით, როცა თქვენ გხვდებით – ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვით ევროპული ღირებულებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის? ეს არ არის ჩარევა, ეს არის ერთიანი მომავალი გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომ ვართ დღეს აქ – გვინდა მოგიწოდოთ, დაგეხმაროთ, მხარი დაგიჭიროთ – ვიცი, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ.”
პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, მიხალ კამინსკი: “მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება – ქვეყნისა ევროპაში, ქვეყნისა, რომელშიც დაისადგურებდა თავისუფლება, სიყვარული – ეს არის ჩემი ქართული ოცნება და თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ.
ყველა მათგანისთვის, ვისაც სურს, რომ მოგპაროთ არჩევნები, ყველა მათგანისთვის, ვისაც სურს, რომ მოგპაროთ ხმები, ვისაც სურს მოგპაროთ თავისუფლება – ჩვენ გავუმეოროთ უკრაინელი ჯარისკაცის ცნობილი ფრაზა: “Русский военный корабль (რუსულო სამხედრო გემო) …”
ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო იქნება ევროპაში. ვერავინ ვერ გაბედავს, რომ მოგპაროთ ხმები, ვერავინ ვერ გაბედავს თქვენი თავისუფლების მიტაცებას – საქართველო იქნება თავისუფალი, საქართველო იქნება ევროპაში.”
ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, იუკა კოპრა: “თბილისში პირველად 1978 წელს ვიყავი, პატარა ბავშვი ვიყავი, ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების დროს. როცა ჩამოვედი თბილისში ოჯახთან ერთად მიდიოდა დემონსტრაციები რუსთაველის გამზირზე, ადამიანები გამოდიოდნენ საბჭოთა ენის კანონის წინააღმდეგ და 1978 წელს საქართველოს მოსახლეობამ შეძლო, აიძულა საბჭოთა მთავრობა, გაეუქმებინა ენის კანონი., თქვენ, ქართველებს, კარგი ისტორია გაქვთ დემონსტრაციების.
თქვენ ნამდვილად გაგაჩნიათ ის, რომ დემოკრატია წინ წამოწიოთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ იმიტომ, რომ მხარი დაგიჭიროთ დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე და ევროკავშირის გზაზე. თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ ყველანი ვართ ევროპა, ისევ და ისევ – არ დანებდეთ ამ გზაზე. გჯეროდეთ საკუთარი თავის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გწამდეთ თავისუფლების, თავისუფლება გაიმარჯვებს და დემოკრატია დაისადგურებს საქართველოში.”
შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერიკ ოტოსონი: “რუსულ აგრესიას ერთი სახე არ აქვს, ტანკების ან ფოლადის, მას გააჩნია სახე, რომელიც უკანა კარიდან იყურება და რომელიც შეიძლება ვერც კი იცნოთ, თუ ძალიან გვიანი არ არის, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან გვიანი არ არის. იბრძვით რა, დემოკრატიისთვის, არასდროს იქნება გვიანი და როცა იბრძვი დემოკრატიისთვის, დემოკრატიას აცოცხლებთ და დემოკრატია მაშინაა ძლიერი, როცა ხალხია მასთან, ოპოზიციაა მასთან.
არასდროს არ დანებდეთ, არასდროს დათმოთ რასაც არ უნდა დაუპირისპირდეთ, ძლიერად იდექით, ჩვენ ერთად მივაღწევთ მიზანს, მადლობა საქართველოს, მადლობა ევროპას.”