საქართველოს პრემიერი TI-სთვის საარჩევნო მიზნის ორგანიზაციის სტატუსის მოხსნას ითხოვს
ირაკლი კობახიძე TI-ზე
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
კობახიძე ასევე მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, ამის მიზეზად კი ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. TI-ს ინფორმაციით, ორგანიზაცია ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად განაგრძობს.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ TI და სამოქალაქო ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა” გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. ამის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
დღეს PACE-მა (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: “ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” იძულებულია შეწყვიტოს საარჩევნო ოპერაცია.”
რას ამბობს ირაკლი კობახიძე
● ის ფაქტი, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია.
● აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.
თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
● ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოუცხადა.
● ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ საზოგადოებას სათანადო დასკვნების გამოსატანად და სიფრთხილის გამოსაჩენად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის რაიმე სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ ჭირდება.