ემიგრანტებისთვის დამატებითი უბნების გახსნაზე სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
ემიგრანტებისთვის დამატებითი უბნების გახსნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სალომე სამხარაძემ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ენმ-ს გარდა, სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) და ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის სარჩელები განიხილება.
მოსარჩელეები დამატებითი უბნების გახსნას მოითხოვენ ესპანეთში, კერძოდ, არნედოსა და ვალენსიაში, საფრანგეთში, სტრასბურგში და იტალიაში, ოსტუნში.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 91%-ს საშუალება ექნება ხმა ელექტრონული წესით მისცეს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აპირებს მოიწვიოს გრძელვადიანი საერთაშორისო მისია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
კომენტარი
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ხელისუფლების ყველა შტო „წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს“ იმისთვის, რომ ემიგრანტებმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირონ.
“დღეს, ამ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში. დღეს, აქ, 28-ე დარბაზში, სალომე სამხარაძემ, რომელიც არის მუსურიძის ყოფილი თანაშემწე და დაინიშნა უვადოდო [მოსამართლედ] სწორედ იმ ნიშნით, რომ მუსურიძის თანაშემწეა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს წაართვას ხმის უფლება. მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება.
გუშინ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეს ფიზიკურად არ მიშვებდნენ დარბაზში, სანამ ძალით არ შევედი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების ყველა შტო წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი არჩევანი ვერ გააკეთონ, ვერ დაიცვან, მაგრამ ეს არის ძალიან დროებით. 26 ოქტომბერს ისინი აუცილებლად ძალიან მძიმედ დაასრულებენ,“ – განაცხადა კორძაიამ.
ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ სირთულეს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების სიმცირე წარმოადგენს. მათ დიდ ნაწილს ასობით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ათასობით კილომეტრის გავლა უწევს იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირონ, ეს კი უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის დროსა და ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამონახვასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ.
ამაზე მეტყველებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მაჩვენებელიც. კერძოდ, ცესკოს თანახმად, 2020 წელს ემიგრაციაში მყოფი ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 66 217 იყო, ხმა კი მათმა 18.5%-მა მისცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების საერთო რაოდენობას უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიხედვით და იმ ადამიანების რაოდენობის თანახმად ითვლის, ვინც არჩევნებამდე 19 დღით ადრე დარეგისტრირდება არჩევნებზე ხმის მისაცემად. თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ემიგრანტების რაოდენობა აღნიშნულ რიცხვს ბევრად აღემატება.
მართალია, არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს ქვეყნის გარეთ, თუმცა გაეროს თანახმად 2019 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 852 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, 2020-ის შემდეგ კი ემიგრანტების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს.