საკონსტიტუციო სასამართლო "აგენტების შესახებ“ კანონის შეჩერებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს
“აგენტების შესახებ“ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
„მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას“, – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლოში ოთხი სარჩელია შესული. ერთი სარჩელის ავტორი პრეზიდენტია.
კონკრეტულად რა სარჩელებია შესული სასამართლოში:
პირველი: მოსარჩელე პრეზიდენტი. ამ სარჩელში საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.
მეორე. მოსარჩელე – საქართველოში მოქმედი 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია. ამ სარჩელში აღნი8შნულოია, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.
მესამე: 38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
მეოთხე: ორი მედიაორგანიზაცია: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.
შეფასებები და პროგნოზები
იმ პირობებში, როცდესაც სასამართლო საქართველოში მკვეთრად პოლიტიზირებულია, ბევრი სკეპტიკურად უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას “აგენტების კანონთან” დაკავშირებით.
თუმცა, სასამართლო კლანის არსებობის პირობებში, საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი მაინც არ კარგავს იმედს, რომ ცხრა მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და შეაჩერებს “აგენტების კანონის” მოქმედებას.
“თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს დემოკრატიისთვის. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება,” – აღნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, თამარ კორძაია.
“ეს არის შესაძლებლობა სასამართლოსთვის და თითოეული მოსამართლისთვის, რომ დადგნენ ისტორიის ნათელ მხარეს. ეს არ არის ჩვეულებრივი პროცესი. აქ ერთმანეთის პირისპირ დგანან რუსული კანონი და ქართული კონსტიტუცია. დავიტოვენ იმედს, რომ მოსამართლეები საქართველოს კონბსტიტუციის მხარეს იქნებიან,” – მიიჩნევს, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პარალელურად, სარჩელს ამზადებენ ევროსასამართლოშიც.
“სასამართლო ვალდებულია, განახორციელოს ისეთი სამართლებრივი მოქმედებები, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ კანონით საქართველოში არ მიიღებენ,” – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
“ჩვენ სარჩელში არის წარმოდგენილი ძალიან ცალსახა არგუმენტები, რომ აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სწორედ ამიტომ, ჩვენს ორგანიზაციას და ასხევე სხვა ორგანიზაც იებს საქართველოში გაცხადებული გვაქვს ძალიან ცალსახად, რომ არ ვემორჩილებით ამ კანონს და არ ვაპირებთ, რომ რეგისტრაციას აგენტებად. ჩვენი სარჩელი იმაზეც მიუთითებს, რომ ჩვენ კონსტიტუციის დაცვით ვმოქმედებთ და კონსტიტუციის გარანტირებული უფლებების ჩარჩოსი ვრჩებით,” – აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.
თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ სარჩელის შეტანას არანაირი აზრი არ ჰქონდა:
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორი არგუმენტები ექნება საკონსტიტუციო სასამართლოში. ყველას წინასწარ ესმის, რომ სასამართლო, რომელმაც პრეზიდენტი თვითონვე გამოაცხადა კონსტიტუციის დამრღვევად სრულიად უაზრობაზე, ამ სარჩელის განმხილავი უბრალოდ, ვერ იქნება. ამით, უბრალოდ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოზე ლეგიტიმაციის მინიჭება, თითქოს იქ ახლა მართლა კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს და არა სხვა“, – აღნიშნა “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
კონტექსტი
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
აღნიშნული კანონი 1 აგვისტოს ამოქმედდა. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების უმრავლესობა არ აპირებს რეესტში დარეგისტრირდეს როგორც უცხო ქვეყნის ინტერესებ ის გამტარებელი აგენტი.