16 წელი აგვისტოს ომიდან. ვინ რა თქვა ამ დღეს - მნიშვნელოვანი განცხადებები
აგვისტოს ომის 16 წლისთავი
აგვისტოს ომის წლისთავი, ისევე როგორც ეწინა წლებში, წელსაც გახდა მწვავე დაპირისპირების მიზეზი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.
ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების აღშფოთების მიზეზი წელსაც ის იყო, რომ მმართველ პარტია აგვისტოს ომზე საუბრისას მთავარ აქცენტს არა რუსეთზე, არამედ საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფოლებაზე აკეთებს.
ოპოზიცია და ხელისუფლება, ტრადიციულად ვერ თანხმდებიან ომის დაწყების თარიღზეც.
ოპონენტებისგან განსხვავებით, მმართველ „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ 16 წლის წინ აგვისტოს ომი არა 7 აგვისტოს, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.
სწორედ ამიტომ, სამთავრობო შენობებზე დროშები 8 აგვისტოს დაუშვეს, 8 აგვისტოსვე გაავრცელა ოფიციალური განცხადბა საქართველოს საგარეო უწყებამაც (წინა წლებში საგარეო უწყება ომის თარიღს 7 აგვისტოს აღნიშნავდა), მმართველი ძალის ლიდერებმა 8 აგვისტოს მიაგეს პატივი ომში დაღუპულთა ხსოვნას.
8 აგვისტოს მიიჩნევს ომის დაწყების თარიღად მოსკოვიც.
საქართველოს პრეზიდენტმა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ კი, ომის თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები 7 აგვისტოს გამართეს.
მთელს ამ პროცესს პოლიტიკური, წინასაარჩევნო ელფერი დაჰკრავდა (26 ოქტომბერს საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია). “ქართულმა ოცნებამ” არ გაუშვა შანსი და ომის წაქეზებისთვის მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა და მორიგი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა, რომ მომავალში სამართ%ლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს “ნაციონალურ მოძრაობას” ომის დროს ჩადენილი ქმედებების გამო.
JAMnews-მა 7 და 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ მთავარ განცხადებებს მოუყარა თავი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
საგარეო უწყების განცხადებაში, განსხვავებით მმართველი პარტიის რიტორიკისგან, ომის მთთავარი დამნაშავე რუსეთია.
განცხადებაში რუსეთი მკაფიოდაა მოხსენიებული ოკუპანტად.
თუმცა, ანალიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პირველად და თავისივე დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს თავის განცხადებაში 7-ის ნაცვლად 8 აგვისტოს აღნიშნავს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “16 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდაა განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები; საოკუპაციო ძალების მიერ რეგულარულად ტარდება სამხედრო წვრთნები”.
ასევე საუბარია მძიმე ჰუმანიტარულ გარემოზე, ადამიანის უფლებების შელახვასა და მყიფე უსაფრთხოებაზე.
განცხადებაში წერია, რომ “რუსეთი დღემდე აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას”.
აქცენტი გაკეტებულია ასევე იმ ინტეგრაციულ პროცესებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ოკუპირებულ რეგიონებში. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს აღნიშნული რეგიონები რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ სისტემებს დაუქვემდებაროს და საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქციოს.
“ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებით, დასახლებული პუნქტებისა და სტრატეგიული ობიექტების გადაფორმებით, საოკუპაციო რეჟიმებთან სხვადასხვა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების დადებითა და განხორციელებით, რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან,” – ნათთქვამია განცხადებაში.
ამავდროულად საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას”.
“საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა”.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესებში საქართველოოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრესსპიკერის მარია ზახაროვას კომენტარი გამოაქვეყნა , სადაც მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ომის დაწყებაშია დადანაშაულებული.
„2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო“, – ნათქვამია მარია ზახაროვას განცხადებაში.
რუსეთის საგარეუ უწყების პრეს-სპიკერმა „კრიმინალური ავანტიურა“ უწოდა სააკაშვილის ქმედებებს. მისი თქმით, სააკაშვილმა რუსეთს „სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ აგრესორის მიმართ მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია გაეტარებინა და მოგვიანებით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა“. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებამ „უზრუნველყო იქ მცხოვრები ადამიანების უფლება, შეენარჩუნებინათ ეროვნული თვითმყოფადობა“.
ზახაროვას თქმით, რუსეთისგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება „უზრუნველყოფდა აფხაზებისა და სამხრეთ ოსების უფლებას, შეენარჩუნებინათ ეროვნული თვითმყოფადობა“.
განცხადებაში ზახაროვა დადებითად აფასებს ომის შემდეგ დაარსებულ ჟენევის საერთაშორისო ფორმატს. მისი წყალობით „შესაძლებელი გახდა შედარებითი სიმშვიდის შენარჩუნება სამი სახელმწიფოს საზღვრებზე, ასევე იქ წარმოქმნილ დაძაბულობის კერებთან სწრაფად გამკლავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მისი თქმით, ამ ფორმატის მთავარი მიზანია , რომ დისკუსიების მონაწილეებმა „მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დასადებად“.
როგორც ზახაროვას განცხადებაში ვკითხულობთ, კრემლის სურვილია, რომ დაიწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის „სახელმწიფო საზღვრების“ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი.
ამ კონტექსტში ნახსენებია აშშ, როგორც რეგიონში სიტუაციის ამრევი. ზახაროვას თქმით, „ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები სულ უფრო მეტად ცდილობენ, შიდარეგიონული წინააღმდეგობა რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის დასაძაბად გამოიყენონ“, ამ ფონზე კი, “სხელმწიფო საზღვრების” დელიმიტაცია სულ აქტუალური ხდება, წერია განცხადებაში.
მან ასევე განაცხადა, რომ დასავლეთს, რომელიც „რუსეთის გაღიზიანებისკენ ისწრაფვის, ავიწყდება რეგიონის სახელმწიფოების ინტერესები და მათ უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას საფრთხეს უქმნის“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი მზადაა იმ ქვეყნებთან ურთიერთქმედებისთვის, რომელთაც სამხრეთ კავკასიის ბედი ადარდებთ, და მათ შორის, „ყოველმხრივი დახმარება“ აღმოუჩინოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის გამართვას.
მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” განცხადება
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ 7 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ზახაროვას განცხადების მსგავსად, დიდწილად, აგვისტოს ომის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულზეა საუბარი.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩადენილი დანაშაულის განმო აპირებენ “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხი სამართლებრივად აგებინონ.
„ნაციონალური მოძრაობის მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო სასამართლო პროცესები სტრასბურგსა და ჰააგაში, რომლებიც, ჩვენი ხელისუფლების უდიდესი ძალისხმევით, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ახლა კი, როდესაც სრულად არის გადავლილი იმის თეორიული რისკიც კი, რომ საქართველოს, ქართულ ჯარს და თუნდაც ერთ ქართველ ჯარისკაცს საერთაშორისო დონეზე რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს, დადგა დრო, საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე და ყველა ფაქტს სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივ დანაშაულს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. 2008 წლის ომის შედეგად, დავკარგეთ ორი ისტორიული რეგიონი, დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, ხოლო 30 000 ადამიანი დევნილად იქცა. დაუშვებელია, ამ მასშტაბის დანაშაული სამართლებრივი შეფასების გარეშე და დაუსჯელი დარჩეს“, – განაცხადა მმართველმა პარტიამ.
„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ნაცვლად 7 აგვისტო გამოაცხადოს, რადგანაც ის „საკუთარი დანაშაულის დაფარვას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს“.
მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობაში.
„ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს. ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს. ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება.
და ბოლოს მმართველი პ-არტის განცხადებაში რუსეთის პასუხისმგებლობაც არის ნახსენები:
“აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეფასება
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ოცნების“ საყვედურები შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას სცდება, საგარეო ვექტორს უკავშირდება და ზუსტად ემთხვევა დასავლეთის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის ძირითად მესიჯებს, რაც „დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოსთვის“.
„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ჰყავდა ერთადერთი შემოქმედი და ეს იყო რუსეთი – კრემლის რეჟიმი. რაიმე ფორმით პასუხისმგებლობის გადანაწილება საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებაზე, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს კონკრეტული ხელისუფლება სხვადასხვა ინდიკატორით, არის საქართველოსთვის დამაზიანებელი და დამღუპველი“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ანდრო გოცირიძე – ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც წლების განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო.
გოცირიძე განმარტავს, რომ „ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება წარმოადგენს ხალხს“ და „როგორც კი ყოფილი ხელისუფლება გასამართლდება ომის გაჩაღებისთვის, მაშინვე გასამართლდება საქართველოც“; ხოლო ბრალდებები დასავლელი პარტნიორების მიმართ – უკვე შორდება შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას:
„ახლა შიდაპოლიტიკური ბრძოლა საქართველოში [საგარეო] ვექტორის ცვლილებაზე გადის. ახლა საუბარია იმაზე, რომ “დასავლეთმა საქართველოს თავს მოახვია ომი”. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ ჯდება რუსულ პროპაგანდაში, რუსული ეფესბეს სახელმძღვანელოში, როგორც ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რადგან სწორედ რუსეთი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი ახდენს ომის პროვოცირებას და რუსეთი ამტკიცებს, რომ აშშ ცვლის იმ ხელისუფლებებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ ამ ომის პროვოცირებაში“.
„ქართული ოცნების“ ბრალდებები, ანდრო გოცირიძის შეფასებით, „პირდაპირ ჯდება რუსულ ნარატივში, რომ – რუსეთი საქართველოში შემოიჭრა “მშვიდობისკენ იძულებისთვის”, როგორც მათ [რუსეთმა] დაარქვეს ამ ოპერაციას 2008 წელს“.
სხვა მნიშვნელოვანი განცხადებები
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს X-ზე „აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს. 16 წელი რუსეთის ბოლო შემოჭრიდნ, ოკუპაცია არ არის დავიწყებული! ჩვენ არასოდეს შევეჩვევით და ვერ მივიღებთ მას! საქართველო მტკიცედ დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ დაუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი: „დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრიდან თექვსმეტ წელს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით. შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს თავის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა“.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი: „ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს.
საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად.
გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის. კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სრულად ერთგულნი ვრჩებით, მათ შორის ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობის საშუალებით.
მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რუსულმა ოკუპაციამ ეს ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს, პერსპექტივა არ არსებობს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა.
მოსკოვმა განაგრძო ე.წ. „ბორდერიზაცია“, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები.
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება.
რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა და მოიცავს ღრმად ფესვგადგმულ შოვინიზმს, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უარყოფას და იმპერიული დომინანტობის აღდგენის სურვილს. რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მოსკოვის დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკის მხოლოდ ეპიზოდია, რომელსაც ადგილი არ აქვს 21-ე საუკუნეში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკასთან დაპირისპირება, რაც აიძულებს მას დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და პასუხისმგებლობას დააკისრებს რუს კრიმინალებს ყველა ზიანის, დანაშაულისა და სისასტიკისთვის“.