„საქართველოს რუსიფიკაცია გაართულებს სომხეთის რუსეთისგან დაშორებას" - მოსაზრება ერევნიდან
მოსაზრებები “რუსეთის კანონზე”
საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით უკვე მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ქართულ საზოგადოებაში მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.
ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით სომეხ ექსპერტებს განსხვავებული შეფასება აქვთ. უმრავლესობას მიაჩნია, რომ „რუსული კანონი“ უარყოფითად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციაზე. გარდა ამისა, „სომხეთის რუსეთიგან ჩამოშორებას გაართულებს.
- მუქარა, გინება, ცემა. რა ფაზაში შევიდა “ქართული ოცნება”. ექსპერტების კომენტარები
- მოსაზრება აფხაზეთიდან: ჰპირდება თუ არა კრემლი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის სანაცვლოდ?
- აშშ-ის ელჩი: როცა მეგობარი შეშფოთებულია და ოკუპანტი გიწონებს, უნდა დაისვას კითხვა – კარგია თუ არა
რა არის მნიშვნელოვანი იცოდე კანონის შესახებ
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტის „უცხოელი აგენტების შესახებ“ მიღება ერთი წლის წინ, 2023 წლის მარტში სცადა. პარლამენტმა ის პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ ქართველების მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მხრიდან მწვავე კრიტიკის შედეგად, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია.
2024 წლის 3 აპრილს ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი თავიდან შემოტანა – შინაარსი იგივე დარჩა, მარტო სახელი შეიცვალა.
კანონპროექტის განხილვას კვლავ მოჰყვა მასობრივი პროტესტი და კიდევ უფრო მასშტაბური. საქართველოს ასიათასობით მოქალაქე პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა.
დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს განცხადებები, სადაც კანონს გმობენ და განმარტავენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ დიდ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას. კანონის მესამე მოსმენით მიღებამდე ცოტა ხნით ადრე თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი ჩამვიდა.
საქართველოს პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააფრთხილა:
„თუ ქვეყნის დემოკრატია დასუსტდება და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა გაგრძელდება, მაშინ იქნება ფინანსური შეზღუდვები, განსაკუთრებით მოგზაურობაზე შეზღუდვები. სანქციები დაწესდება იმ პირებსა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დესტრუქციულ ქმედებებზე“.
პარლამენტში კანონის დამტკიცების შემდეგ რუსული კანონი ხელმოსაწერად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. თუმცა, მის დასაძლევად მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები აქვს.
კომენტარები
გურგენ სიმონიანი, პოლიტოლოგი
„კანონის მიღება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციაზე. მაგრამ არამგონია საკითხი დახურული იყოს. სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს. ამ კანონის მიღებამ საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, სამოქალაქო საზოგადოება კი აქტიურად იბრძვის მისი გაუქმებისთვის. ვნახოთ რა იქნება. პროცესები გრძელდება – ჩვენ არ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი უკვე დასრულდა.
რაც შეეხება სომხეთს, მან არ უნდა განსაზღვროს თავისი შიდა განვითარების პროცესი და საგარეო პოლიტიკური პერსპექტივები კონკრეტულ ქვეყანაში მომხდარი მოვლენებით.
ამავდროულად, უდავოდ გართულდება ჩვენი ამოცანა – დემოკრატიული მიმართულებით სვლა და რუსული გავლენისგან თავის დაღწევა.
საქართველო ჩვენთვის ბუნებრივი კავშირია გარე სამყაროსთან.
სომხეთი სტაბილურად უნდა გაჰყვეს საკუთარ გზას და არ იგრძნოს შეზღუდვა, მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მეზობელ სახელმწიფოში.”
ჰაკობ ბადალიანი, პოლიტიკური კომენტატორი
„სომხეთი და საქართველო განიხილებიან როგორც სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენის გასაფართოებლად.
ძნელი სათქმელია, როგორ დასრულდება ეს პროცესი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მატჩი ფრედ დასრულდეს. ან ოფიციალური თბილისი გაიმარჯვებს, ან რუსეთი.
საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ის გაფრთხილების საპასუხოდ ურთიერთობების შესაძლო გადახედვის შესახებ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამით საკუთარ თავს ზიანს აყენებს. მან ასევე პრაგმატიზმისკენ მოუწოდა პარტნიორებს და განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯები და სანქციები ვერ შეასუსტებს საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს.
საქართველოს მთავრობის ეს თავდაჯერებულობა საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები: ან ქვეყნის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საპროტესტო აქციებს ქართული საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა არ აქვს, ან თვლიან, რომ ისინი კვლავ შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას და თუ დასავლეთი სანქციებს გამოიყენებს, ეს მხოლოდ შეასუსტებს დასავლეთის პოზიციებს როგორც საქართველოში, ასევე კავკასიაში. როგორც ჩანს, თბილისი სწორედ ამ ლოგიკით აზროვნებს.”