რა თქვეს რუსული კანონის მიღების შემდეგ თბილისში მყოფმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა
ევროკავშირის დელეგაციის წევრების განცხადებები
აგენტების შესახებ რუსული კანონის დამტკიცება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სტუმრობას დაემთხვა. მომხდარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ძალიან მკაცრად შეაფასეს.
- პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი “აგენტების შესახებ”
- პარლამენტთან არბევენ და აკავებენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. ადგილზე უპრეცენდენტო რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული
„კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა პრესკონფერენციაზე, რომელიც 14 მაისს, თბილისში შეხვედრების დასრულების შემდეგ გაიმართა.
პაველ ფიშერმა თქვა, რომ ამ კანონის შესწორება სურათს არ გაალამაზებს. მან ახსენა სხვა კანონებიც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბოლო პერიოდში, ან, რომელზეც ახლა მუშაობს.
ახსენა კანონი ოფშორების შესახებ, უმცირესობებისა და ლგბტ პროპაგანდის კანონი:
‘ყველა ეს კანონი გვაჩვენებს ტრაექტორიას, რომელიც შეუსაბამოა იმ გზასთან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის და თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის“.
„ქართული კოშმარი“ – ასე აღწერა საქართველოში არსებული ვითარება ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა.
მან გაიხსენა ლიეტუვის ისტორია, როდესაც ის ევროკავშირში გაწევრებას ცდილობდა. თქვა, რომ 1997 წელს ლიეტუვა საქართველოსავით იყო:
„ბრიუსელს არ ვუსმენდით: “ოჰ, ეს ევროპელები, სუვერენული უფლებები”. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში არ მოგვიწვიეს, მხოლოდ ესტონეთი მიიწვიეს“.
თქვა, რომ ლიეტუვას ორი წელი დასჭირდა ევროპის საბჭოს დასარწმუნებლად გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაეწყოთ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში წევრობა მხოლოდ საუკეთესოს შეუძლია. ეს შეჯიბრია და ქვეყანამ, რომელსაც წევრობა სურს, უნდა დაარწმუნოს ყველა ბიუროკრატი ევროკომისიაში, ყველა კომისია, ყველა ქვეყანა, რაც რთულია.
პავილიონისმა თქვამ, რომ “ქართული კოშმარი” ახლა ყველაზე ცუდებთან შეჯიბრში მონაწილეობს:
„გამიგია, რომ უნგრეთი ცდილობს მსგავსი კანონის მიღებას, გამიგია, რომ ყირგიზეთმა მიიღო ცოტა ხნის წინ. ეს უკუმიმართულებაა. ევროკავშირში მოხვედრის შანსიც კი არ არსებობს, მხოლოდ საუკეთესოები შევლენ იქ, ესენი საუკეთესოები არ არიან”.
„იმედგაცრუებული ვარ“ – თქვა ასევე თბილისში მყოფმა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა.
მან თქვა, რომ მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს შედეგებს. და, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, რაც მოხდება, არის რეპუტაციისა და სანდოობის დაკარგვა:
„ამ გამოწვევებით სავსე დროს რეპუტაცია და სანდოობა არის ძალიან დიდი, დიდი, დიდი პლუსი. მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, რადგან არა მხოლოდ მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ხალხსაც მაღალი ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის“.
მან ისაუბრა სანქციებზე. თქვა, რომ იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და პარლამენტარები ითხოვენ სანქციებს. მაგრამ, ყველაზე მკაცრი სანქცია, არის ის, რომ კანდიდატის სტატუსი უფასურდება.
„ივნისში ევროკავშირი და ევროკომისია აპირებენ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ სად არის საქართველო? ეს არის საშინელება“.
მაიკლ როთი შეეხო თავისუფალი სავიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერებასაც. მან თქვა, რომ არ სურთ ახალგაზრდა თაობის დასჯა, რადგან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძვირი დაიჯდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ქუჩაში იმყოფებიან, მაგრამ, ყველაფერი ძველებურადაც ვერ გაგრძელდება:
„მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია ევროკავშირისა და ჩვენი მთავრობების მიმართ არის, რომ საქმეს ჩვეულ რეჟიმში ვერ გავაგრძელებთ“.
დელეგაციის წევრები აქციაზე
პრესკონფერენციის შემდეგ, ევროკავშირის დელეგაციის წევრები, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებს მიმართეს სიტყვით.
“შეაჩერეთ ეს კანონი”, – მიმართა სცენიდან მიხაელ როთმა საქართველოს ხელისუფლებას.
“ამ საღამოს ჩვენ მოვედით სოლიდარობისთვის. თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეს არის ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ. ამ საღამოს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”, – ამ სიტყვებით კი აქციის მონაწილეებს ფიშერმა მიმართა.
“ძვირფასო მეგობრებო, ჩემი პრეზიდენტი 2008 წელს აქ იდგა სხვა პრეზიდენტებთან ერთად. და ჩვენ აქ ვდგავართ ახლაც. ხვალ, ამერიკის სენატი, ჩვენთან ერთად, სხვა პარლამენტარებთან ერთად, გამოვაქვეყნებთ განცხადებას, რომელიც ამ კანონს პუტინის კანონს უწოდებს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი უკრაინასა და საქართველოში. თქვენ იქნებით ევროკავშირისა და ნატოს წევრები“, – უთხრა აქციის მონაწილეებს ჟიგიმანტას პავილიონისმა.
„მადლობა“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები მათი გამოსვლის შემდეგ. აქციაზე კი საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები ჩართეს.
დასასრულს ორგანიზატორებმა ევროპელ დელეგატებს ვარდები აჩუქეს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს 13 მაისს ეწვივნენ. მათ სურდათ, შეხვედროდნენ საქართველოს ინსტიტუტების წარმომადგენლებს. თუმცა, ამის საშუალება არ მიეცათ. ისინი მხოლოდ პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ ოფისში.
10 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მათ არ შეხვდებოდა, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს.
ევროკავშირის დელეგაციის წევრების განცხადებები