"ჩვენი ხმა ევროპას" - მრავალათასიანი "ევროპის მარში" თბილისში. ფოტო/ვიდეო
ევროპის მარში თბილისში
11 მაისს, თბილისში, ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგე, ათეულობით ათასმა ადამიანმა, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მასშტაბური მსვლელობა – “ევროპის მარში” მოაწყო.
ევროპის მარში სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით გაიმართა. ამ მარშით ადამიანებს სურდათ მიეწვდინათ ხმა ევროკავშირის ლიდერებისთვის, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ეს უნდათ საქართველოს მოქალაქეებს, განსხვავებით ხელისუფლებისგან.
“ჩვენი ხმა ევროპას” – სკანდირებდნენ ისინი.
- “ფინანსური დახმარების გადახედვა, სავიზო და ფინანსური სანქციები” – 29 კონგრესმენი კობახიძეს წერილით მიმართავს და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს
- საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში რუსული კანონის გამო გადადგა
- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში: საით მიდიხარ, საქართველო?
დემონსტრანტები თბილისში ოთხ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და შემდეგ, კილომეტრები იარეს ფეხით ევროპის მოედნამდე.
ათასობით ადამიანი, ღამის თბილისში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, დროშებით, ბანერებით, ანთებული მობილურებით, მდინარესავით მიედინებოდა ქალაქის ცენტრიდან ევროპის მოედნისკენ.
ევროპის მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ის იყო ერთადერთი ადამიანი, საქართველოს ხელისუფლებიდან, რომელმაც მარშში მიიღო მონაწილეობა.
ეს მარში იყო ნაწილი მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა, რომელიც საქართველოში უკვე ერთ თვეზე მეტია იმართება.
ევროპის მოედანზე შეკრებილებმა ადგილზე გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის უზარმაზარი დროშები. ამ დროს ისმოდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
მარშის მონაწილეებმა მომღერალ ნინო ქათამაძესთან ერთად იმღერეს “სულიკო”.
მეკლდეური გურამ ხუციშვილი, მარშის მიმდინარეობისას, გვიან ღამით, წვიმასა და ქარში, მეტეხის ციხეზე მდგარ, ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლის უზარმაზარ ძეგლზე ავიდა და მეფის ხელზე საქართველოს დროშა დაამაგრა.
მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ევროპის მარში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მარშს წინ უძღოდა აქციაში მონაწილე ადამიანების ცემა, მუქარა, დაშინება. სოციალური ქსელები სავსე იყო პოსტებით, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წერდნენ, რომ მათ ტელეფონის ნომრებზე რეკავენ უცნობი ადამიანები და აგინებენ.
ეს მარში შეფასდა, როგორც ყველაზე ხალხმრავალი და მასშტაბური დემონსტრაცია ბოლო ათწლეულების საქართველოში. სხვადასხვა დათვლით, 11 მაისის ღამეს, ევროპის მოედანზე, სულ ცოტა, 150 ათასი ადამიანი იყო. Visioner-ის შეფასებით, მთელი დღის განმავლობაში ხალხის რიცხვი 300 ათასამდეც აღწევდა.
ამ მონაცემებს იმ ფართობის მიხედვით ადგენენ, რაც დემონსტრანტებს ეკავათ.
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” პირველად ერთი წლის წინ, 2023 წლის მარტში დააინიცირა. პარლამენტმა ის პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ მოქალაქეების მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მწვავე კრიტიკის შედეგად, ხელისუფლებამ კანონი გაიწვია.
2024 წლის 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კვლავ დაებრუნებინა კანონპროექტი პარლამენტში. შინაარსი იგივე დატოვეს, ოღონდ ამჯერად დაარქვეს „უცხური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
წელს კანონპროექტის დაბრუნებას კიდევ უფრო მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, ვიდრე შარშან. ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში საპროტესტო აქციაზე.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები მკვეთრად აკრიტიკებენ კანონპროექტს და ღიად აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ ამ კანონის მიღება დიდ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე.
კანონი ორი მოსმენით უკვე მიიღეს. 17 მაისს პარლამენტი აპირებს იგი მესამე მოსმენით მიიღოს.
ევროპის მარში თბილისში.