"დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების გამო სამიზნეში არ იღებს" - EU-ში განმარტავენ, რით განსხვავდება მათი დირექტივა რუსული კანონისგან
რუსული კანონი და ევროკავშირი
“ევროკავშირის დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს და ის კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე დამიზნებული არ არის“, – ასე განმარტავს ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო განსხვავებას “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონსა და ევროკავშირის დირექტივას შორის. პიტერ სტანოს კითხვით ფაქტ-მეტრმა მიმართა.
პიტერ სტანოს განმარტება:
● “ევროპული კომისიის დირექტივის პროექტი „მესამე სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალიან განსხვავდება ქართული კანონისგან.
● დირექტივა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად დაინიციირდა. ის ექსკლუზიურად ფოკუსირდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენის აქტივობებს ახორციელებენ (როგორებიც არიან ლობისტები) და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიდგომის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირში საერთო გამჭვირვალობის სტანდარტები უზრუნველყოს.
● დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს და ის კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე დამიზნებული არ არის.
● გარდა ამისა, დირექტივა ძლიერ გარანტიებს შეიცავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზომები იყოს პროპორციული, არ მოხდეს რომელიმე აქტორის დისკრიმინაცია ან სტიგმატიზაცია და არანაირად არ შეზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, როგორებიცაა: გამოხატვის ან გაერთიანების თავისუფლება. პროექტი ასევე მოიცავს დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების მკაფიოდ განსაზღვრულ საზედამხედველო პრეროგატივებს და ეფექტური სასამართლო განხილვის უფლებას.”
● ევროკავშირის დირექტივის პროექტი ანგარიშვალდებულების ზრდისთვის გამჭვირვალობის ინსტრუმენტია, რომელიც არ კრძალავს აქტივობებს და არ მოიცავს კრიმინალურ სანქციებს.
● აკუნინი ქართველებს: თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით, პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას
● “ქვეყანა ხდება პუტინის პირადი სალარო, ეს იცით რას ნიშნავს?” – ექსპერტები ოფშორების კანონზე და ოცნების ტაქტიკაზე
● რაში დასჭირდა “ქართულ ოცნებას” აგენტებზე რუსული კანონის დაბრუნება? ექსპერტების შეფასებები
● 15 აპრილს იურიდიულმა კომიტეტმა ოცნების მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზეც მიიღეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ალტერნატიული კანონპროექტები, რომლებიც ოპოზიციამ დააინიციირა, უარყოფილია.
● 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” მმართველი პარტია რუსულ კანონს ხელახლა აინიციირებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა, ამ არგუმენტის არც დამოუკიდებელ ექსპერტებს, არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო საზოგადოებას არ სჯერა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამგვარად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს და ნიადაგს იმზადებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ალტერნატიული აზრი ქვეყანაში ჩაახშოს.
● ერთხელ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი საქართველოს მმართველმა პარტიამ უკვე დააინიციირა ზუსტად ერთი წლის წინ – გასული წლის მარტში. მაშინ კანონი პირველი მოსმენით პარლამენტში მიიღეს კიდეც, თუმცა “ოცნება” იძულებული გახდა კანონი გაეწვია, რადგან თბილისი მრავალათასიანმა პროტესტმა მოიცვა. ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა აღნიშნული კანონის მიღებას, რომელსაც საქართველოში “რუსული კანონი” უწოდეს, რადგან იგი რუსეთში მიღებული კანონის ანალოგია.