"რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება" - კომენტარი
რუსული კანონი საქართველოში
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება. ამის შესახებ მან “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.
ქურდოვანიძის განმარტებით, აღნიშნულ კანონპროექტს ევროკავშირის სამართალთან ძალიან დიდი შეუსაბამობა აქვს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონები მხოლოდ ისეთ ქვეყნებში არსებობს, რომლებიც არადემოკრატიულია, მაგალითად, რუსეთში.
● 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” მმართველი პარტია რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა, ამ არგულენტის არც დამოუკიდებელ ექსპერტებს, არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო საზოგადოებას არ სჯერა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამგვარად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს და ნიადაგს იმზადებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ალტერნატიული აზრი ქვეყანაში ჩაახშოს.
● ერთხელ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი საქართველოს მმართველმა პარტიამ უკვე დააინიცირა ზუსტად ერთი წლის წინ – გასული წლის მარტში. მაშინ კანონი პირველი მოსმენით პარლამენტში მიიღეს კიდეც, თუმცა “ოცნება” იძულებული გახდა კანონი გაეწვია, რადგან თბილისი მრავალათასიანმა პროტესტმა მოიცვა. ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა აღნიშნული კანონის მიღებას, რომელსაც საქართველოში “რუსული კანონი” უწოდეს, რადგან იგი რუსეთში მიღებული კანონის ანალოგია.
ნონა ქურდოვანიძე: “ამ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არამხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. იმიტომ, რომ ამ კანონის შედეგებია ის, რაც წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ და ვივარაუდოთ, რა მოხდება.
ეს შედეგები აუცილებლად დადგება ამ კანონის მიღების შემთხვევაში. პირველ რიგში, ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ევროკავშირის სამართალთან ამ კანონპროექტს აქვს ძალიან დიდი შეუსაბამობა.
ასეთი შეუსაბამობის პირობებში, ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასეთი კანონები არსებობს მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არადემოკრატიულია, მაგალითად, რუსეთში.
● “ამერიკელების ფული რატომ მიედინება უცხო ქვეყანაში” – პარლამენტის თავმჯდომარე დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ
● პრეზიდენტი ზურაბიშვილი: “ქართული ოცნება“ დაკავებულია ჩვენი ევროპული გზისა და მომავლის საბოტაჟით”
● “მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის!” – ოპოზიცია რუსული კანონის ხელახალ ინიციირებას ეხმაურება
როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის რუსული კანონი, გამოვდივართ სწორედ ამ მიზნებიდან, რასაც ემსახურება ეს კანონი.
ეს კანონი არ ემსახურება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობის პრობლემა არასამთავრობო სექტორში არ დგას.
სახელმწიფოს ახლაც აქვს შესაძლებლობა და ბერკეტები, რომ ეს თანხები და ხელშეკრულებები, ყველაფერი, რომელიც საგრანტო ურთიერთობებთან არის კავშირში, ისედაც იყოს მისთვის ცნობილი.
რაც რეალურად არის მიზანი ამ კანონის, ეს არის ის, რომ საბოლოოდ, საქართველოში ეს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა, დემოკრატიული ხმები, რომელიც ჯერ კიდევ ისმის, დამოუკიდებელი მედიები, საბოლოოდ დაიხუროს, გაუქმდეს და ამით დაზარალდეს მოსახლეობა, ამით საქართველო დაშორდეს ევროკავშირს. ეს არის ძირითადი მიზანი.”