დაპირისპირება ადიგენში: მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს
დაპირისპირება ადიგენში მუსლიმებთან
გამოცემა “ბათუმელების” ცნობით, 8 მარტს ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა – მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს.
ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, შენობაში, რომელიც იუსუფ მიქელაძის საკუთრებაა, ბოლო წლებში ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და აღავლენენ პარასკევის ლოცვას. რეგიონული მედია ციტირებს მუფთის სიტყვებს, რომ გარკვეული პირები და ადგილობრივი მღვდელი ცდილობს “კონფლიქტი გააჩინოს ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შრის”.
ვიდეოში, რომელიც მედიამ გაავრცელა, ჩანს სახლთან შეკრებილი ჯგუფი, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც შენობაში შეკრებილ პირებს ემუქრებიან. კადრებში ჩანან პოლიციელებიც, რომლებიც სახლის გარშემო შეკრებილ ჯგუფს აკავებენ.
მუფთი ასლან აბაშიძის თქმით, მღვდელმა, რომელსაც, მისი ცნობით, ნიკოლოზი ჰქვია, მსგავსი რამ გასულ პარასკევსაც სცადა.
“ადიგენში ხდება ეს ამბავი, ცენტრში. ეს მღვდელი კი ნიკოლოზია. ძალიან ცუდად იქცევა, იგინება, იარაღით დადის. წინა კვირას დაემუქრა სახლის მეპატრონეს და მოძალადეა ვიღაც. ცემითაც ემუქრება მუსლიმებს და ასე შემდეგ. სამცხე-ჯავახეთში მუსლიმები ვერ იქნებიანო ამბობს.
რაზმავს ხალხს, თავიდან 9-10 კაცი აიყოლა, ძალოსნები მიჰყავდა, შემდეგ ნელ-ნელა მოამატა მხარდამჭერები. დღეს უკვე მობილიზება გააკეთა ხალხის, გასულ პარასკევსაც გააკეთა იგივე. ჩვენ დიალოგით გვინდოდა საქმის გადაწყვეტა, ჩაერია ადიგენის მერი და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც არეგულირებდნენ სიტუაციას. ჩვენ ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესაც გავაგებინეთ, პარლამენტის წევრ, ანზორ ბოლქვაძესაც და ასე შემდეგ.” – განაცხადა აბაშიძემ.
● “ჩემი დიდი ბაბუა სელიკუ ხაშიგი მუსლიმი იყო, ბებიაჩემი კი ქრისტიანი” – წერილი აფხაზეთიდან
● საქართველოს უმცირესობები: ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერების ნგრევა
● საპატრიარქომ ყველაფერი წაგვართვა – ვინ არის ქალი, რომელიც მეუფე იაკობს დაუპირისპირდა და რა ხდება ბოდბეში
მუსლიმთა სამმართველო: კატეგორიულად მიუღებელია ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
“ვგმობთ და კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა. აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ როგორც კონსტიტუციას ასევე ერთმანეთის ღირებულებებს, განსხვავებული ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანებს.
მივმართავთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, დროულად მოიკვლიონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. იმედს გამოვთქვამთ, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების რეაგირებით შესაძლებელი გახდება კონფლიქტის მოგვარება, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქართულ ტოლერანტულ და შემწყნარებლურ ტრადიციას.
ამავე დროს, მხარეებს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პროვოკაციებს.
უზენაეს ალლაჰს შევთხოვთ, დამდეგი მადლმოსილი რამაზანის თვის მადლით მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში.” – წერია განცხადებაში.
ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფო ვალდებულია, შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს
ოპოზიციონერი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს.
“მართლაც მძიმე ფაქტი იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, აქ სახელმწიფო არის ვალდებული, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს ამ ყველაფერზე და არ წავიდეს იმაზე, რომ რაღაც შეთანხმებებზე იყო საუბარი და რაღაც თემებზე”, – აღნიშნა მან.
ნაკაიძის თქმით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მოიწყოს სამლოცველო და როგორც თავად ამბობს, ამას წინ ვერაფერი აღუდგება.
“ცალსახად და მნიშვნელოვანია – საქართველო ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მოიწყოს სამლოცველო და შესაბამისად, მან შეასრულოს საკუთარი ლოცვები. ეს ცალსახაა და ამას ვერაფერი წინ ვერ აღუდგება, მაგრამ როცა საუბარია საზოგადოებრივ-სახალხო პოლიტიკაზე ამ შემთხვევაში და რაღაც შეთანხმებებზე, მე ვიცი ამ შეთანხმების შესახებ.
იყო საუბარი, რომ სხვა სოფელში გადატანილიყო აღნიშნული დაწესებულება, ამისთვის სახელმწიფო გაიღებდა შესაბამის თანხებს და მისცემდნენ ამ ტერიტორიის სანაცვლოდ სხვა სოფელში. ამაზე მუსლიმი თემი, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან, თანახმა იყვნენ, მაგრამ პრაქტიკულად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა, რომ ის თანხებს არ მისცემდა აღნიშნულ ორგანიზაციას, რადგან ის არ სცნობს აღნიშნილ მუსლიმებს. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, როცა სახელმწიფო, პრაქტიკულად, ამ ყველაფრის სათავეშია და პრობლემას ქმნის.” – თქვა ნაკაიძემ.