ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია
ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 9 ნოემბერს ახალგორში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს და რომელსაც ცხინვალში 1 წელი და 9 თვე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გათავისუფლებულია.
როგორც სამხრეთ ოსური სახელმწიფო საინფორმაციო რესურსი „ოსინფორმი“ იტყობინება, გაფრინდაშვილი სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
_____________________________________________________________________________________
• ცხინვალის უშიშროება ვაჟა გაფრინდაშვილის ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირზე მიუთითებს
• შეიძლება თუ არა პატიმრების ცემა? ცხინვალის გამოცდილება
_____________________________________________________________________________________
„პატიმრობაში ყოფნის დროს გაფრინდაშვილი თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან იმ პირთა გამოსავლენად, რომლებიც შესაძლოა მონაწილეობდნენ 1989-1992 და 2004, 2008 წლებში მომხდარ სამხედრო დანაშაულებში … გამოძიების პროცესში, მას უჩვენებდნენ ვიდეომასალებს, რომლებიც გადაღებული იყო საომარი მოქმედებების დროს და რომლებზეც ასახული იყო ოსი ხალხის გენოციდი. მასალები შეეხებოდა ასევე ზარის და ერედვის ტრაგედიებს. გაფრინდაშვილი ციხიდან გაიყვანეს და მიიყვანეს იმ ადგილებში, სადაც ეს ტრაგედიები მოხდა.
გაფრინდაშვილმა გამოავლინა ინტერესი ამ მასალების მიმართ. ცხინვალის დათვალიერების დროს ავლენდა კეთილგანწყობას, არ ამბობდა უარს სუფრასთან მიპატიჟებაზე და აქებდა ოსურ სამზარეულოს. სასამართლო პროცესის დროს ბოდიში მოიხადა „იმ უხერხულობისთვის, რაც მისმა ქმედებებმა გამოიწვია“ და მადლობა გადაუხადა ოს ხალხს ციხეში „კომფორტული ყოფნისთვის“.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გაფრინდაშვილმა შეწყალების თხოვნით მიმართა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აღიარებს დანაშაულს და ნანობს თავისი საქციელის გამო“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ცხინვალი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალების დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერა.
გათავისუფლების შემდეგ გაფრინდაშვილმა მედისათან პირველი განცხადება გააკეთა:
“ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით ყველას. ჩვენს მთავრობას, პარლამენტს, შსს, უშიშროებას… ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე და მერე ყველას ყველა ინფორმაციას მოგაწვდით. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის…კარგად ვარ. უდიდეს მადლობას მოვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდში მედგა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. ყველას დიდ მადლობას გიხდით… ასე, მე რასაც ვუყურებდი, სამწუხაროდ ინფორმაცია ნაკლები მქონდა, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ ”
მისი გათავისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კი განაცხადა, რომ “საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო”.
საქართველოს ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი კონფლიქტის ზონაში 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალი აცხადებდა, რომ მან ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და ოსურ მხარეს გადავიდა.
დაკავების შემდეგ გაფრინდაშვილი არ აღიარებდა დანაშაულს და ცხინვალის ციხეში ყოფნის დროს აცხადებდა, რომ კონფლიქტის ზონაში სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს და მას დანაშაული არ ჩაუდენია.
ცხინვალი გაფრინდაშვილის ამ ნაბიჯს პროვოკაციას და კარგად დაგეგმილ ქმედებას უწოდებდა.
დაზუსტებული ინფორმაცია, თუ როგორ და რატომ აღმოჩნდა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალში, ამ დრომდე უცნობია.
9 ნოემბრის შემდეგ გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლტორში იმყოფებოდა. 20 დეკემბერს ცხინვალის სასამართლომ მას ერთი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ექიმის გათავისუფლების საქმეში საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საზოგადოება.
თბილისში პერმანენტულად იმართებოდა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები, სადაც ექიმის უპირობო გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქტივისტების აზრით, საქართველოს ხელისუფლება არასაკმარისს აკთებდა ექიმის ციხიდან გამოსახსნელად.