"სრული მარცხი" თუ "ყველაფერი გამოგვივა"? ალან გაგლოევის პირველი ორი წლის შეჯამება
ალან გაგლოევის პრეზიდენტობა
ალან გაგლოევის ე.წ. პრეზიდენტობის მეორე წელი – რომელსაც ცხინვალში ბევრი უკვე წარუმატებლად ახასიათებს – დასასრულს უახლოვდება.
ყოფილი ოპოზიციური პარტიის, “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი, რომელიც ხელისუფლებაში 2022 წლის მაისში მოვიდა ლოზუნგით „დავუბრუნოთ ოსეთი ხალხს“, არ ამართლებს ამომრჩევლის მოლოდინებს. მისი ხმამაღალი დაპირებები არ შესრულდა, რომელიც გულისხმობდა რუსეთთან საბაჟო გადასახადის პრობლემის მოგვარებას, სოფლების გაზიფიცირებას, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას – ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. სინამდვილეში, ბიუჯეტში მილიარდი დოლარის გარღვევაა; ასევე, ცხინვალში სასურსათო კრიზისი და კრიმინალის უპრეცედენტო ზრდაა.
თუმცა ზოგი თვლის, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.
“ყველა იმედგაცრუებულია მისი გულგრილობის გამო”
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი დათანხმდა JAMnews-თან საუბარს ანონიმურობის პირობით. 2022 წელს მას ხელისუფლების შეცვლა სურდა და ხმა გაგლოევს მისცა, მაგრამ ახლა უკვე თავის არჩევანს ნანობს. მისი თქმით, მხარდამჭერებმა გაგლოევისგან დაშორება უკვე დაიწყეს:
„ყველა იმედგაცრუებულია მისი აპათიის და გულგრილობის გამო. მასთან დარჩება მხოლოდ ის, ვინც მასთან პირადად ვალშია“.
სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ გაგლოევს აქვს „ორმაგი სტანდარტები“ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების ჰუმანიტარული უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში: მან ოსური უმრავლესობისგან განსხვავებით, ქართული მოსახლეობისთვის შეღავათები დააწესა. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის ზაფხულიდან ეთნიკურ ქართველებს უფლება აქვთ გადაკვეთონ გამყოფი ხაზი და გადავიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„ქართველი ეროვნების მოქალაქეების ასეთი ლიბერალიზაცია იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას. ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა გაადვილდა, მაგრამ პირიქით, მეგობრულ რუსეთში გასვლა და შესვლა გართულდა.
ამ პირობებში სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებაზე საუბარი ზედმეტია – ეს პროცესი გაგლოევმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოკლა. მან აკრძალა რეფერენდუმი და ტაბუ დაადო რუსეთთან ინტეგრაციის თემას. სამაგიეროდ, ჩვენ დავიწყეთ ლატენტური ინტეგრაცია საქართველოსთან“, – აღშფოთებულმა განაცხადა ჩვენმა თანამოსაუბრემ.
გაგლოევის სხვა „ცოდვებს“ შორის, ოფიციალური პირი საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც მეწარმეებს აქვთ რუსეთიდან საკვების შემოტანასთან დაკავშირებით გაზრდილი გადასახადების გამო, ისევე როგორც გაგლოევის ხალხისგან გაუცხოება:
„დიდი გაჭირვებით ვახერხებთ მის დარწმუნებას, რომ მოქალაქეები მიიღოს. მასთან წვდომა მხოლოდ ახლობლების შეზღუდულ წრეს აქვს, რომლებიც მასთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში“.
- სამხრეთ ოსეთს სურს შეუერთდეს რუსეთს, ამბობენ ადგილობრივი პოლიტიკოსები
- გაფიცვები ცხინვალში: მძღოლები და საავადმყოფოს პერსონალი რამდენიმე თვეა ხელფასს ვერ იღებენ
“ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ: ან სახელმწიფოს ვაშენებთ, ან რუსეთის ნაწილი ვხდებით”
პარლამენტის წევრი სახალხო პარტიიდან ამირან დიაკონოვი 2020 წლიდან 2022 წლამდე, წინა პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დროს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი იყო და მკვეთრად აკრიტიკებდა ხელისუფლების პოლიტიკას.
2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დიაკონოვმა, ისევე როგორც მისმა თანაპარტიელებმა, მხარი დაუჭირა ალან გაგლოევის კანდიდატურას.
ახლა დიაკონოვი თავს აღარ თვლის მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერად. თუმცა ჯერ კიდევ არ არის მზად იმისთვის, რომ ოპოზიციაში ღიად წავიდეს.
„გაგლოევის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაფერი გაკეთებულა ხელისუფლების შტოების გასაყოფად. გაგლოევმა განაცხადა, რომ მზად იყო თავისი უფლებამოსილება პარლამენტთან გაეზიარებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
რჩება ყველა ის სისტემური პრობლემა, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა – ეს არის კონსტიტუციური პრობლემები. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ: ან სახელმწიფოს ვაშენებთ, ან რუსეთის ნაწილი ვხდებით. და თუ ჩვენ ვაშენებთ სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაშინ უნდა არსებობდეს კონტროლისა და ბალანსის სისტემა ხელისუფლების შტოებს შორის“.
დიაკონოვი ასევე უკმაყოფილოა გაზიფიკაციის შესახებ შეუსრულებელი დაპირებებით, ჯანდაცვის სისტემაში არსებული კრიზისით და პოლიტიკური ველის ხელოვნური ფრაგმენტირებით.
ალან გაგლოევის პრეზიდენტობის ორ წელზე ნაკლებ დროში იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა შვიდი ახალი პოლიტიკური პარტია, რომლებსაც პრეზიდენტის ყოფილი მხარდამჭერები ხელმძღვანელობენ.
“ხალხი უიმედობაში ცხოვრობს”
გაგლოევს მწვავედ აკრიტიკებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ახლანდელი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ოსეთის“ წარმომადგენელი ალან ტადტაევი.
„საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომი აღიარებისთვის არაფერი გაკეთებულა. პირიქით, არის დისტანცირებაც კი რუსეთთან.
მოსახლეობის ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა, ხალხი უიმედობაში ცხოვრობს. მაღაზიებში ფასები ასტრონომიულია, მსყიდველობითი ძალა კი მინიმალური. მწვავედ დგას საჯარო სექტორის დასაქმებულებისთვის ხელფასების გაცემის საკითხი. ამავდროულად, მცირდება კადრების რაოდენობა და გაიზარდა უმუშევრობა“, – ამბობს ტადტაევი.
ის იხსენებს, რომ ბიუჯეტში არსებული დეფიციტი 818 მილიონი რუბლია [დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარი] და ხელისუფლება ამას ხსნის რუსეთში არსებული სიტუაციით და ცდილობს „საკუთარი შეცდომებისა და არაკომპეტენტურობის პასუხისმგებლობა მოსკოვზე გადაიტანოს“.
„გაგლოევის არაეფექტური მმართველობა აიხსნება არაპროფესიონალიზმით, გამოუცდელობითა და ხალხისთვის სასარგებლო რაიმეს გაკეთების სურვილის არ ქონით. ხალხმა გააცნობიერა თავისი არჩევანის შეცდომა. მიხვდნენ, რომ ისინი მოატყუეს, პროპაგანდა ჩავარდა“, – ამბობს ტადტაევი.
და ბოლოს, მისი თქმით, ბიბილოვის დროს შეიძლებოდა პრეზიდენტისა და მთავრობის ღიად გაკრიტიკება, მაგრამ ახლა სიტყვის თავისუფლება მკაცრად შეზღუდულია და „ყველა ჩუმად არის“.
“ჩვენ გვინდოდა ცვლილებები, მაგრამ არა ასეთი”
ასევე ანონიმურობის პირობით JAMnews ესაუბრა გაგლოევის ჯერ კიდევ აქტიურ მხარდამჭერებს. მათი თქმით, მათ ხმა მისცეს გაგლოევს, რადგან მას არ ეშინოდა ბიბილოვის კრიტიკა და იცოდა, როგორ გამოეყვანა ხალხი გარეთ:
„ბევრი თანაუგრძნობდა მას პირადად, რადგან ის ობოლია. რადგან მისი მშობლები ომის დროს ქართველებმა დახოცეს. დიახ, დავიღალეთ ბიბილოვისგან და მისი შეცვლა გვინდოდა. ხალხი მზად იყო ხმა მისცეს ნებისმიერისთვის, ოღონდ არა ტოლიკისთვის (ბიბილოვი). უბრალოდ გაგლოევი მეორე ტურში გადავიდა და ჩვენ მასზე დავდეთ ფსონი. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა ცვლილებები, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახლაა“.
ამავდროულად, გაგლოევის მომხრეები იმედოვნებენ, რომ თუ „ალანს დრო მიეცემა, შესაძლოა მან თავისი დაამტკიცოს“.
“ისინი აღარ კლავენ ხალხს დუქნებში”
ალან გაგლოევის თანაშემწე, გენერალურ პროკურატურასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, ვლადიმირ ვანეევი, პრეზიდენტის მიმართ კრიტიკის არცერთ პუნქტს არ ეთანხმება. მისი აზრით, გაგლოევმა პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი რამ გააკეთა. კერძოდ, პოლიციის სისასტიკე აღიკვეთა.
„მისი მოსვლით შეწყდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ ბულინგი და უკანონობა. დუქნებში აღარ კლავენ ხალხს, როგორც ადრე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო შედის სამართლებრივ მეინსტრიმში. დღეს შეგიძლია მიხვიდე სამთავრობო დაწესებულებაში და მოითხოვო შენი უფლებები“, – ამბობს ვანეევი.
- ცხინვალში გახმაურებული მკვლელობის გამოძიება დასრულდა
- ცხინვალში უკანონო ნადირობა ახალი ბიზნესია? სკანდალი გაგლოევსა და რუს ბლოგერს შორის
რაც შეეხება დანარჩენს, მისი აზრით, „ეკონომიკის გასაძლიერებლად ბევრი რამ არის საჭირო“ და ამის გაკეთება „ერთი ხელის მოსმით“ შეუძლებელია, ხოლო საბაჟო პრობლემის მოგვარება და რუსეთიდან საქონლის იმპორტზე გადასახადების შემცირება საერთოდ არ შედის გაგლოევის კომპეტენციაში:
„საბაჟო საკითხებს წყვეტს არა სამხრეთ ოსეთი, არამედ რუსეთი. ამავდროულად, ინფლაციაა რუსეთშიც. მთელი ჩვენი საკვები პროდუქტები რუსეთიდან შემოგვაქვს და თუ იქ ფასები მოიმატებს, მაშინ რა ვქნათ?
წინა ხელისუფლების დროს იყო ავტორიტარიზმი, დეზორგანიზებული იყო ყველა სამინისტრო და ამან გამოიწვია სისტემის დამბლა. ახლა ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო მმართველობა“.
ვანეევის თქმით, მთავრობა ბევრს მუშაობს ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ირწმუნება, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება:
„ნელ-ნელა ყველაფერი იქნება. მაგალითად აშენდა მოსაპირკეთებელი ფილების წარმოების ქარხანა, სადაც დასაქმებულია 25 ადამიანი – ჩვენი მასშტაბით ეს ბევრია. ასევე არის სატყეო პროექტები. ნელ-ნელა ყველაფერი ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება“.
***
სამხრეთ ოსეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარდეს. ანუ, ასეა თუ ისე, ალან გაგლოევი პრეზიდენტად კიდევ სამი წელი დარჩება.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო