ხუთი ქალი საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
მიტროპოლიტი ნიკოლოზი სექსუალური შევიწროება
ხუთი ქალი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირს, მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
“რადიო თავისუფლება” აქვეყნებს ჟურნალისტ ნასტასია არაბულის მასალას, სადაც ერთი ქალი ღიად, ხოლო ოთხი ანონიმურად ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ სხვადასხვა დროს მიტროპოლიტის მხდიდან სექსუალური შევიწროების მსხერპლნი.
ქალი, რომელმაც ღიად თქვა, რომ მაღალი წოდების სასულიერო პირის მსხვერპლია, 33 წლის ლელა კურტანიძეა. ის ამბობს, რომ ათ წელზე მეტი დასჭირდა, ხმამაღლა საუბარი რომ გაებედა. თავად მიტროპოლიტი ქალის მონათხრობს ცილისწამებად მიიჩნევს, რომლის მიზანი მისი რეპუტაციის შელახვაა.
“რადიო თავისუფლება” ლელას გარდა კიდევ არაერთ ქალს ესაუბრა, რომელთა ნაწილი შევიწროებაზე, ნაწილი კი სექსუალურ ძალადობაზე ჰყვება. მათგან ერთი ქალი ამბობს, რომ მიტროპოლიტის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი როცა გახდა, არასრულწლოვანი იყო. ერთის ამბავი საქართველოს ფარგლებს გარეთ, გერმანიაში ვითარდება. ორმა ქალმა კი, ლელას მსგავსად, სტუდენტობისას, ჯავახეთის ექსპედიციაში გაიცნო ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
ლელას გარდა საკუთარ ამბებს ყველა ანონიმურობის პირობის დაცვით ჰყვება, შესაბამისად, მათი სახელები სტატიაში შეცვლილია. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში, არ არის დასახელებული მონასტრები და დაკონკრეტებული თარიღები, არ არის მითითებული ქალების პროფესიები, რათა ირიბად არ გამჟღავნებულიყო მათი ვინაობა.
● საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
● “ვაგროვებთ კომპრომატებს” – გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს
ყველა ქალს აერთიანებს ის, რომ ისინი სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ექსპედიციის მონაწილეები იყვნენ. ჯავახეთის ექსპედიცია სტუდენტური ბანაკია, რომლის მონაწილეებიც ზაფხულში ორი კვირით მიდიან ახალქალაქის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების დასახმარებლად. სწორედ ამ ეპარქიის მიტროპოლიტია ნიკოლოზი.
ლელა კურტანიძის მონაყოლის თანახმად, მან ჯავახეთში ექსპედიცის დროს ცურვა არ იცოდა და მიტროპოლიტმა შესთავაზა, მე გასწავლიო.
“როცა ხელებს უხერხულ ადგილებში მკიდებდა, ვკრთებოდი, ვცდილობდი მოშორებას და წყალში ვვარდებოდი. ამ დროს მეკითხებოდა, რას შვრები, აი, როგორ აფუჭებ ყველაფერს? ისე მეკითხებოდა, თითქოს მე ვაკეთებდი რაღაც არაადეკვატურს. ხან გავიწევდი, ხან თავის დახსნას ვცდილობდი, მაგრამ უფრო ვემორჩილებოდი. პირველივე დღეს მაკოცა, არა ტუჩებში, მაგრამ ისე, რომ რაღაც ზედმეტად ინტიმური იყო ამაში” .
სტატიის კიდევ ერთი გმირი ქალი ჰყვება, რომ ექსპედიციის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა იგი თავისთან დაიბარა “სამომავლო გეგმებზე” სასაუბროდ.
“საძინებელში შემიყვანა და მთხოვა ჩამოვმჯდარიყავი საწოლზე. ძალიან კი მეუცნაურა, მაგრამ უბრალოდ არც კი დამიშვია, რომ რამე არასწორი შეიძლებოდა იქ მომხდარიყო. ჩემს სექსუალურ ცხოვრებასა და გამოცდილებაზე დამისვა კითხვები. მე ძალიან დავიბენი და გულწრფელად ჩამოვურაკრაკე ყველაფერი. მერე, გვერდით მომიჯდა და მერე ყველაფერი გაიბლარა და გაიდღაბნა.
სხეულზე შეხება, მის სხეულზე, ჩემსაზე, გენიტალიებზე. ოღონდ ეს არ იყო შემთხვევითი შეხებები. გაოგნებული ვიჯექი და შოკისგან ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა, გონებაში ბორბალი უსწრაფესად ბრუნავდა, ვერც კი დავუშვი, რომ ადამიანი, რომელიც ბახს გვასმენინებდა წინა დღეს, ამაღლებულ სიყვარულსა და მათეს პასიონზე [ბახის ნაწარმოები – რ.თ.] გვესაუბრებოდა, რამე ამორალურის ჩამდენი იყო. უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ან არ მინდოდა დაჯერება.
წასვლისას მითხრა, რომ ის, რაც მოხდა, იყო დიდებული და ამაღელვებელი, რომ მე განსაკუთრებული ვარ, მიძინებული ენერგიის მატარებელი, ულამაზესი სხეული და ძუძუები მაქვს, ძლიერი და ლამაზი ფეხები და რომ ჩვენი შეხვედრები საიდუმლოდ უნდა დავტოვოთ. მე და ღმერთის სწორ კაცს საიდუმლო გაგვიჩნდა“, – უყვება ქალი “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს.
სტატიაში კიდევ სამი ქალის ამბავია მოთხრობილი.
რაც შეეხება მიტროპოლიტს, ჟურნალისტთან შეხვედრისას მას არ უარუყვია ის ფაქტი, რომ ლელა კურტანიძეს ცურვას ასწავლიდა ფარავნის ტბაში, თუმცა ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება არ ყოფილა.
“როგორ წარმომიდგენია ცურვის სწავლება სხეულზე შეხების გარეშე,” – უპასუხა მან ჟურნალისტს.
„ცუდ საქმეში მონაწილეობთ. როგორც ჩანს, ეკლესიის წინააღმდეგ მორიგი ტალღაა აღძრული, მაგრამ ეკლესია ჰგავს ბერმუხას, რომელსაც მუმლი ვერაფერს დააკლებს. ტერენტი გრანელი ამბობს: ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად…,” – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის პირს რამდენიმე ქალი საჯაროდ ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით წლებია ამ ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი ორგანიზაციაა.
62 წლის ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ერისკაცობაში პაატა, უმაღლესი წოდების ეპისკოპოსია – მიტროპოლიტზე მაღალი რანგის მქონე ქართულ ეკლესიაში მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქია.
2021 წელს სუსიდან გაჟონილ ჩანაწერებში, რომელიც დიდწილად სასულიერო პირების პირად ცხოვრებაზე დაკვირვების დეტალებს აღწერს, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შესახებ წერია:
„მიტროპოლიტი ხასიათდება, როგორც განათლებული, ერუდირებული, გაქნილი და მექალთანე პიროვნება... მის უარყოფით მხარედ ითვლება მისი დამოკიდებულება სუსტი სქესის წარმომადგენლებთან. ცნობილია, რომ ინტიმური ურთიერთობა აკავშირებს: ეპარქიაში მომლოცველ ახალგაზრდა ქალებთან და მონაზვნებთან“.