სომხეთი მოკავშირე ქვეყნებთან ერთად აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგია
სომხეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხი ისევ განიხილეს.
5 ნოემბერს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელთა შეხვედრა დაიწყო. ეს არის სამხედრო ბლოკი, რომელიც რუსეთის ლიდერობით მოქმედებს და რომლის წევრი სომხეთიც არის; სომხეთის მხარე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობის წინაშე პირველად არ აყენებს იმ საკითხს, რომ აზერბაიჯანისთვის – ქვეყნისთვის, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი არ არის, და რომელიც ბლოკის წევრ ქვეყანასთან საომარ კონფლიქტში იმყოფება, იარაღის მიყიდვა დაუშვებელია.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია – რეგიონული საერთაშორისო სტრუქტურაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს. როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდებაში არის ჩაწერილი, მისი მიზანია – მშვიდობის, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გამყარება, კოლექტიურ საფუძველზე, წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა“. ორგანიზაცია 1992 წელს, სსრკ-ს დაშლისთანავე შეიქმნა. საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგები ძალიან მალე დატოვეს და ახლა მის ექვს წევრს – სომხეთი, ბელარუსი,ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი წარმოადგენენ.
გთავაზობთ საკითხის დეტალებსა და ამ სამხედრო ბლოკის ლიდერის – რუსული მხარის პასუხებს.
„სომხეთი ყოველთვის აყენებს აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხს“
სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხს ყოველთვის აყენებს და ამ საკითხის გადაწყვეტას ცდილობს.
მეტიც, შეკითხვაზე, დაუსვამთ თუ არა სომეხ დეპუტატებს თავიანთი რუსი ან ბელარუსი კოლეგებისთვის კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ ყიდიან მათი ქვეყნები აზერბაიჯანში იარაღს, სიმონიანმა უპასუხა, რომ სომხეთის დელეგაცია არც ერთ სხვა საკითხზე ასე ხშირად არ მსჯელობს, როგორც ამაზე. მაგრამ მისი გადაწყვეტა ჯერჯერობით არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც წამოაყენა.
„ჩვენ გვიცხადებენ: თუ იარაღს რუსეთი არ მიჰყიდის, მაშინ ვინმე სხვა მიჰყიდის, სომხეთი კი იმავე იარაღს შეღავათიან ფასად იღებს. პირადად ჩემთვის ეს პასუხი არ არის“, – განაცხადა სიმონიანმა.
აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას „სერიოზული პრობლემა“ უწოდა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვაგარშაკ არუთიუნიანმა:
„ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას საფუძვლად უდევს პრინციპი „ერთი სახელმწიფოსთვის საფრთხე – ყველასთვის საფრთხეა“. ამიტომ, სახელმწიფოებმა წევრი ქვეყნების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები არ უნდა გადადგან.“
მისი აზრით, „პრობლემა არსებობს, ამაზე საუბარი და გადაწყვეტილების მოძებნა აუცილებელია“.
თავდაცვისა და უშიშროების მუდმივი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ანდრანიკ კოჩარიანი რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას „ცუდ მოვლენად“ მიიჩნევს:
„ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ანალოგიური შეიარაღებით ასევე აღჭურვილია ჩვენი სამხედრო ძალები და ამოცანა ისაა, რომ მშვიდობას მივაღწიოთ. ძალთა ბალანსის შენარჩუნების საკითხი ყოველთვის დგას და მოწინააღმდეგეს, იარაღის სახეობების მხრივ, უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს.
ახლა ხშირად მსჯელობენ, რომ მათ ბიუჯეტში [აზერბაიჯანის ბიუჯეტი – JAMnews] თავდაცვის სფეროში მეტი გადარიცხვები ხდება, ვიდრე ჩვენთან. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ მათ შეიარაღებულ ძალებს სხვა სტრუქტურა აქვს. ბალანსი არანაირად არ არის დარღვეული. აზერბაიჯანი უბრალოდ იარაღის მეტ სახეობას იძენს“.
რუსული მხარის პასუხი
სახელმწიფო დუმას დეპუტატის ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, ეს საკითხი იმ საპარლამენტო ასამბლეის კომპეტენციაში არ შედის, რომელიც ერევანში მუშაობს:
„ ჩვენთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს. ანუ ეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენელთა შეხვედრაა, და ამგვარი საკითხები ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში არ შედის. მოცემულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა უშუალოდ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის მიმართვა“.
ამავდროულად, როგორც ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, რუსეთის მიერ იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით შეშფოთებას არამხოლოდ სომხეთში, არამედ აზერბაიჯანშიც გამოთქვამენ. მისი თქმით, ეს იმას უკავშირდება, რომ რუსეთი სომხეთს იმ ყველაზე თანამედროვე შეიარაღებით უზრუნველყოფს, რომელიც სხვა ქვეყნებს არ მიეწოდებათ.
განიხილეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლების საკითხიც
გასულ კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე დაძაბულობის მატება შეინიშნებოდა.
რუსეთის დუმას დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ეს საკითხი განიხილებოდა. ზატულინმა განაცხადა: “თუკი ერევანი აზერბაიჯანის მხრიდან საკუთარი ტერიტორიის დაბომბვის პრობლემის განხილვას საჭიროდ მიიჩნევს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომის ფარგლებში, მას ამის უფლება აქვს –
მაგრამ არ მსმენია, რომ ოფიციალურ ერევანს ეს საკითხი განხილვების დღის წესრიგში შეეტანოს“, – აღნიშნა სახელმწიფო დუმას დეპუტატმა.
ზატულინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთს საკუთარ მოკავშირედ განიხილავს, და რეალური საფრთხის შემთხვევაში, მოსკოვი მზადაა, რომ მის დასაცავად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მექანიზმი აამოქმედოს.
„მინდა შეგახსენოთ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსეთის 102-ე ბაზა, რომელიც აქ სილამაზისთვის არ არის“, – დასძინა დეპუტატმა.
კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ გიუმრიში მდებარე 102-ე ბაზის გაძლიერება უჩვენებს, რომ რუსეთი სომხეთის მიმართ სამოკავშირეო ვალდებულებებზე უარის თქმას არ აპირებს.
ეს განცხადება იმის თაობაზე საუბრების ფონზე გაისმა, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული 102-ე სამხედრო ბაზის სიმძლავრე და პოტენციალი თითქმის ორჯერ გაიზრდება. ეს საკითხი ერევანში 29 ოქტომბერს რუსეთისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა.
ზატულინის აზრით, ბევრს მიაჩნია, რომ გიუმრიში რუსული ბაზის მოქმედება სომხეთის უსაფრთხოების გარანტიაა.
„ჩემი აზრით, სამხედრო ბაზის გაძლიერებასთან დაკავშირებული შეთანხმებების ხელმოწერით ჩვენ ყველას ვუჩვენებთ, რომ რუსეთი სომხეთთან მიმართებით საკუთარ ვალდებულებებს არ გაურბის. ისევე როგორც, კერძოდ სირიის ოპერაციის შემთხვევაში, სადაც ჩვენ სირიის დასახლება კამიშლის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ, და თურქეთთან ამ საკითხზე ცალკე მოვილაპარაკეთ“, – თქვა დეპუტატმა.
რატომ არ მოითხოვს სომხეთი ბლოკისგან საზღვრის დაცვაში მხარდაჭერას
შეკითხვას, თუ რატომ არ მოითხოვს სომხეთის მხარე ბლოკის ჩარევას, როდესაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა ჩნდება, თავდაცვისა და უშიშროების მუდმივი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ანდრანიკ კოჩარიანმა უპასუხა:
„სომხეთის შეიარაღებულ ძალთა დღევანდელი მდგომარეობა გვკარნახობს, რომ მათ შეუძლიათ საკუთარ ძალებს დაეყრდნონ“.
სომხეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ურთიერთობები
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამჟამად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარ ფაქტორს უწოდებს. ამის შესახებ მან 5 ნოემბერს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა. ფაშინიანმა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის სამი განზომილება გამოყო:
„პირველ რიგში, ეს არის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ესაა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, და რასაკვირველია – თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ჩვენი საერთო საფრთხეებისადმი მიდგომის სფეროში“.
ეს განცხადება იმით არის საინტერესო, რომ ვიდრე ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციონერი იყო, ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის წინააღმდეგ გამოდიოდა.