ერევნის მერიამ ნაგვის გატანაზე „საბოტაჟის მომწყობი“ კომპანიის მომსახურებაზე უარი განაცხადა
ერევნის მერმა აიკ მარუტიანმა ცალმხრივი წესით დაარღვია ყველა კონტრაქტი იმ ერთადერთ კომპანიასთან, რომელიც სომხეთის დედაქალაქში ნაგვის გატანაზეა პასუხისმგებელი.
გადაწყვეტილება იმასთნ დაკავშირებით იქნა მიღებული, რომ კომპანია „სანიტეკი“ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავის მოვალეობას სრული მოცულობით არ ასრულებს. კომპანიის მუშაობაში ნაკლოვანებები 2017 წლიდან დაიწყო, 2018 წელს კი ამ ყველაფერმა იმატა, ხოლო 2019 წლის აგვისტოდან „სანიტეკმა“ ნაგვის გატანა საერთოდ შეწყვიტა.
ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის ადმინისტრაციამ ოფიციალური შემოწმებები ჩაატარა. მერმა განმარტა, რომ საჭირო იყო დოკუმენტური ფაქტები ჰქონოდათ იმის თაობაზე, კომპანია „სანიტეკი“ სათანადოდ ასრულებდა თუ არა მასთან დადებულ ხელშეკრულებებს, ასევე შესამოწმებელი იყო საკუთრივ შეთანხმებების დადების კანონიერებაც.
საქმე ისაა, რომ ამ საერთაშორისო კომპანიამ მუშაობა წინა, ანუ რევოლუციამდელი ხელისუფლების დროს დაიწყო. და მის მუშაობაში პრობლემები უკვე ახალი ხელისუფლებისა და მერიის ახალი ხელმძღვანელობის დროს გამოვლინდა.
აიკ მარუტიანის თქმით, შემოწმება დასრულებულია. ერევნის მერმა შეთანხმებების დარღვევის შესახებ თავისი გადაწყვეტილება მათი შედეგებით დაასაბუთა. შედეგები კი ნაგვის გამტანი კომპანიის მიერ მისი პირდაპირი მოვალეობების სისტემატურად არშესრულებაზე მეტყველებს. თანაც, ერევანში შემოწმების გარეშეც, დიდი ხანია, შეინიშნება ნაგვის ურნების ნაკლებობა და არსებული ურნების ცუდი მდგომარეობა, ასევე – ნაგვის გამტანი მანქანების არასაკმარისი რაოდენობა.
კომპანია „სანიტეკის“ შესახებ
„სანიტეკი“ – ეს არის ნარჩენების მართვის ლიბანური საერთაშორისო ორგანიზაცია. კომპანია 2010 წელს შეიქმნა, და 2014 წლის დეკემბრიდან სომხეთის დედაქალაქში მუშაობს.
მან გაიმარჯვა საერთაშორისო ტენდერში, რომელიც სომხეთის წინა ხელისუფლებამ გამოაცხადა. კომპანიის პირველადი შენატანი, იმ მომენტში, როდესაც ის თავისი მოვალეობის აღსრულებას შეუდგა, ათ მილიონ ევროს შეადგენდა.
ერევნის მერიისა და ნაგვის გამტანი კომპანიის ურთიერთობების შესახებ
ერევანში ნაგვის გატანასთან დაკავშირებული სკანდალური ისტორია, უკვე თითქმის ერთი წელიწადია, გრძელდება. მცხოვრებელთა საყვედურებზე პასუხის გაცემისას ქალაქის ხელისუფლება ერევანში ნაგვის გატანაზე პასუხისმგებელი ერთადერთი კომპანიის „სანიტეკის“ ცუდად მუშაობას იმიზეზებს.
• ერევნის მერია ნაგვის გატანასა და ამაზე პასუხისმგებელ კომპანიას ვერ უმკლავდება
ერევნის მერმა აიკ მარუტიანმა კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვა და ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, რომ „ერევნელები მსგავსი ხარისხის მუშაობას მეტად აღარ აიტანენ“.
2019 წლის გაზაფხულზე კომპანია „სანიტეკი“ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობისთვის ორჯერ დაჯარიმდა. ჯარიმების საერთო თანხამ 39 მილიონი დრამი ($80 ათასი) შეადგინა.
ივლისის შუა რიცხვებში კომპანიამ აღიარა, რომ მას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, და ეს მერიის მხრიდან მისთვის დაწესებული „დაუსაბუთებელი სანქციებითა და ჯარიმებით“ ახსნა.
გარდა ამისა, კომპანიის დირექტორის, ნიკოლას ელ ტავილის განცხადებით, მათი ზარალი იმასაც უკავშირდება, რომ მერია თავის დანაპირებს არ ასრულებს. საუბარია იმ გზის შეკეთებაზე, რომელიც ერევნის გარეუბანში მდებარე ნაგვის საყრელისკენ მიდის, და სადაც, “სანიტეკის” ხელმძღვანელის თქმით, კომპანიის კუთვნილი, ძვირად ღირებული ნაგვის გამტანი მანქანები ფუჭდება.
ეს საბოტაჟია?
ეკონომისტი და ერევნის ყოფილი მერი ვაგან ხაჩატრიანი კომპანია „სანიტეკის“ ახლანდელ ქმედებას საბოტაჟად აფასებს. ამის შესახებ მან რადიო „აზტუტიუნისთვის“ (“თავისუფლება“) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„ახლახან თანამშრომლებს ვკითხე, თუ რა იყო ასეთი არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შედეგი. მათ მიპასუხეს, რომ „მანქანები არ არის“. ჩემთვის ეს ძალიან უცნაურია. რას ნიშნავს მანქანები არ არის? ამის გაგება არ შემიძლია… როგორც ვხვდები, ეს საბოტაჟია. ეს სახელმწიფოსა და ქალაქის ხელისუფლების დისკრედიტირებას ნიშნავს“.
ყოფილი მერის აზრით, როდესაც „სანიტეკმა“ ერევანში ნაგვის შეგროვებასა და გატანაზე გამოცხადებული ტენდერი მოიგო, მას ქვეყნის წინა ხელისუფლებასთან რაღაც დაუწერელი შეთანხმება ჰქონდა, რაც ახლანდელი ხელისუფლების დროს არ მოქმედებს..
სანიტეკის პასუხი ბრალდებაზე
„სანიტეკში“ უარყოფენ კავშირს ერევნის ყოფილ მერთან ტარონ მარგარიანთან, რომელიც ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრია. უარყოფენ ასევე ვარაუდს იმის თაობაზე, რომ კომპანიის ავტოპარკში იყო ნაგვის გამტანი მანქანები, რომლებიც ყოფილ მერს ეკუთვნოდა, და რომლებიც მან გადადგომის შემდეგ „სანიტეკს“ ჩამოართვა.
შეკითხვაზე, თუ რატომ გაუარესდა ნაგვის გატანის სიტუაცია სწორედ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემები მანამდე გაჩნდა, ხოლო კრიზისი ახალი ხელისუფლების მოსვლას დაემთხვა.
ივლისში კომპანია „სანიტეკმა“ განაცხადა, რომ თბილისში დიდ პრეს-კონფერენციას ჩაატარებს, სადაც ყველა შეკითხვის პასუხს წარმოადგენს. ამავდროულად, ჟურნალისტებს შესთავაზა, რომ საქართველოს დედაქალაქში მათ გამგზავრებასა და კვებას ორგანიზებას გაუწევდა.
კომპანიის ეს ინიციატივა დედაქალაქის ადმინისტრაციის ოპოზიციურ ფრაქცია „ლუისს“ არ მოეწონა. მისი ხელმძღვანელი დავიდ ხაჯაკიანი ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარია: თუ როგორ აპირებს მეზობელ ქვეყანაში პრეს-კონფერენციის ჩატარებას, და თან ჟურნალისტების მგზავრობისა და კვების ხარჯების თავზე აღებას კომპანია, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს.
საბოლოოდ კონფერენცია ერევანში გაიმართა. თუმცა, იქ გაისმა განმარტება, თუ რატომ აპირებდნენ მის თბილისში გამართვას, და რატომ არ ესწრებოდა ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციას თვით კომპანია „სანიტეკის“ დირექტორი და მფლობელი ნიკოლას ელ ტავილი, ჟურნალსიტების შეკითხვებს კი ვდოკავშირი Skype-ით პასუხობდა.
გაირკვა, რომ კომპანიაში „სანიტეკის“ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დირექტორის დაპატიმრების ეშინოდათ. ეს საქმე ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში დიდი ოდენობით გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით აღიძრა.
„სანიტეკის“ დირექტორი ნიკოლას ელ ტავილი ირწმუნება, რომ ისინი აგრესიულ ადმინისტრაციულ ზეწოლას ექვემდებარებიან და ამ ყველაფერში პოლიტიკურ კონტექსტს ხედავენ.
„ სისხლის სამართლის საქმე უსაფუძვლო და არაკანონიერია, მას პოლიტიკური მოტივი გააჩნია, ეს ერევნის მერიის ერთ-ერთი მრავალრიცხოვან მცდელობათაგანია, რომ „სანიტეკის“ რესურსები ამოწუროს, რაც არსებითად ერთ მიზანს ისახავს – არასამართლიანად და დისკრიმინაციული გზით მოახდინოს ხელისუფლების მხრიდან კერძო კომპანიის ქონების „კონფისკაცია“ – თქვა ნიკოლას ელ ტავილმა.
საქმე სასამართლომდე მივიდა
2019 წლის ივლისში კომპანია „Sanitek International“-მა ერევნის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის ქალაქის ადმინისტრაციისგან 24, 7 მილიონ დრამზე (დაახლოებით $52 ათასი) მეტი ოდენობის კომპენსაციას მოითხოვს.
ახლა სასამართლოში უკვე ორი სარჩელია, მეორე – საკუთრივ „სანიტეკისგან“, ანუ „Sanitek International“-ის შვილობილი კომპანიისგან.
სასამართლოსთვის მიმართვამდე „სანიტეკი“ არაერთხელ მოითხოვდა მერიისგან ზომების მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ნაგვის კონტეინერებს მუდმივად ტეხდნენ ან წვავდნენ. ასევე, კომპანია იმ გზის შეკეთებას ითხოვდა, რომელიც ნაგავსაყრელსიკენ მიდიოდა. „სანიტეკში“ უსამართლოდ მიაჩნიათ ის ჯარიმებიც, რაც კომპანიას ეკისრებოდა, და ირწმუნებიან, რომ თანამშრომლებს ხელფასებს სწორედ ამ ჯარიმების გამო ვერ უხდიან.