"თუ სომხეთი თანახმა იქნება, საქართველოში სამმხრივ შეხვედრებს დავიწყებთ" - ალიევი თბილისში ჩამოვიდა
ალიევი თბილისში ჩამოვიდა
8 ოქტომბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ჯერ კიდევ დასამყარებელია და ღარიბაშვილთან საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ეს იყო. მისივე განმარტებით, თუ სომხეთი თანახმა იქნება, საქართველოში სამმხრივი შეხვედრები დაიწყება.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის “სტრატეგიულ პარტნიორობაზე” და თქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ყველა სფეროში წარმატებულია.
ალიევის განცხადება
“გამოწვევები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არსებობს, მშვიდობა ჯერ ისევ დასამყარებელია სამხრეთ კავკასიაში. დღეს პრემიერთან საუბარი მქონდა ამაზე. სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა. ახლა არის ის დრო, მხარს ვუჭერთ საქართველოს მთლიანობას, ისევე, როგორც საქართველო უჭერს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. მეორე ომი, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოიტანა. გასულ თვეს აღვადგინეთ სუვერენიტეტი მთელი ქვეყნის და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით.
ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო მიმართულების და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი იყო ოკუპირებული წლების განმავლობაში და ეს არ გვაძლევდა საშუალებას, რომ ნორმალიზებისკენ გადაგვედგა ნაბიჯები, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა.
ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში და მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, რომ მზადაა, დახმარება აღმოგვიჩინოს და გვთავაზობს ფასილიტატორის როლს და იმავეს ველით სომხეთისგანაც. თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დავიწყებთ შესაბამისი უწყებების დახმარებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში.”
● ბაქომ გაიმარჯვა, სომხები ტოვებენ ყარაბაღს. რა იქნება შემდეგ – კონფლიქტი დასრულდა? ყველა მხარის პოზიცია ერთად
● “თქვენი ევროინტეგრაციის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი ვარ” – მომავალ კვირაში თბილისში ორბანი ჩამოვა
● “უკიდურესად შემაშფოთებელია” – ჰერჩინსკი რუსულ ბაზაზე, ე.წ. კარვების კანონზე და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
ღარიბაშვილის განცხადება
“გვქონდა საუბარი ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით, თანამშრომლობის საკითხები მიმოვიხილეთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის საკითხებში. აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში, ტოპ 5-ეულში არის ბოლო წელს, წელს ვაჭრობა 15%-ით გაიზარდა, ასევე, გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. ზოგადად, ჩვენ, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში.
ჩვენ მიმოვიხილეთ შუა კორიდორის განვითარების პერსპექტივები, იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას. ამ მხრივ, დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს.
ჩვენ, ასევე, ვიწყებთ ძალიან მალე ახალი პორტის მშენებლობას, ანაკლიის პორტის მშენებლობას, ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მლნ ტონა. ასევე, დასრულდება ძალიან მალე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან.
ასევე, რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტო, ბაქო-თბილისის-ყარსის პროექტი. ასე რომ, ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი, ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა.”
სამშვიდობო შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის – სომხეთის ქვეყნისთვის, სომეხი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვისა და აზერბაიჯანის ხალხისთვის, ქართველებისა და საქართველოსთვის.
ასე რომ, ჩვენ საქართველოს ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, იქნება ეს ფასილიტაციის თუ მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.
ჩვენი მომავალი უნდა იყოს სტაბილური, მშვიდობიანი და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება.”