ყვირილი კედლის მიღმა: ოჯახური ძალადობა აფხაზეთში ხელისუფლების მიერ იგნორირებული პრობლემაა
ოჯახური ძალადობა აფხაზეთში
აფხაზეთში ოჯახური ძალადობა არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ხელისუფლების მხრიდან პრაქტიკულად იგნორირებული თემაა. უკვე რამდენიმე წელია ადვოკატები, უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარუმატებლად იბრძვიან „ოჯახური ძალადობისაგან დაცვის შესახებ“ კანონის მისაღებად, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მხარდაჭერა დაზარალებულებისთვის.
ქალი კარადაში
ჩემს ბიძაშვილს კარგად ახსოვს ერთი სურათი ბავშვობიდან: სკოლიდან მოდის და სახლში გაბრაზებულ მეზობელს პოულობს, რომელიც ცოლს ეძებს. ის შედის ბავშვის ოთახში და აღმოაჩენს, რომ მეზობელი მის კარადაშია დამალული. დიასახლისი ამ დროს ცდილობს დაარწმუნოს მამაკაცი, რომ მისი ცოლი აქ არ არის და თავიდან იშორებს.
უკვე მოგვიანებით, ეს ქალი გადაწყვეტს განქორწინებას. მაგრამ ქმარი წაიყვანს მას ტყეში, ხეზე მიაბამს და ნაჯახით მოკვლით დაემუქრება. ქალს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ სიყვარულისა და მონანიების სცენა გაათამაშოს და სახლში დაბრუნდეს.
- რა სჭირდება შშმ პირთა თემში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. მიგნებები კვლევიდან და დისკუსია
- რატომ კლავენ ქალები სომხეთში? პირადი ისტორია, ოჯახური ძალადობის სტატისტიკა და ექსპერტის აზრი
საკმაოდ ჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობს ჩემი ერთ-ერთი მეგობრის მეზობლად 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – ქმარი, ცოლი და ორი შვილი. როდესაც მეგობართან მივდივარ, ხშირად ვხვდები ერთ-ერთ მათგანს და ყოველთვის თავაზიანად ვესალმები. და ყველა სხვაც იმავეს აკეთებს, თითქოს არ ესმის ყვირილი, ბავშვების ტირილი და მათი ბინიდან პერიოდულად გამოსული ღრიალის ხმები.
თავიდან მეზობლები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმაში, რაც ხდებოდა: ცოლ-შვილი თავიანთთან წაიყვანეს, ცდილობდნენ ქმრის შეკავებას, ჩართეს უფროსი ნათესავები, სპეციალისტები… მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებას უბრუნდებოდა და დროთა განმავლობაში ამას ყველა შეეჩვია. ახლა მეზობლები საერთოდ აღარ აქცევენ ყურადღებას.
კომპლექსური მიდგომა
დღეს აფხაზეთში ოჯახში ძალადობისთვის ერთადერთი სასჯელი 15 დღემდე პატიმრობაა და პრაქტიკაში ძალიან იშვიათად გამოიყენება. როგორც წესი, სამართალდამცავ ორგანოებს მსგავსი ეპიზოდების შესახებ არც კი აცნობებენ – ჭუჭყიანი თეთრეულის საჯაროდ რეცხვა აქ წესი არ არის.
პრობლემის როგორმე გადაჭრას მხოლოდ საზოგადოებრივი და უფლებადამცველი ორგანიზაციები ცდილობენ. მათ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლები.
„აფხაზეთის კანონმდებლობაში „ოჯახური ძალადობის“ ცნებაც კი არ არის. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა მხოლოდ სისხლის სამართლის სასჯელებით შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ შედეგებთან მუშაობაზე და არა მიზეზებთან. და ჩვენი კანონპროექტის „ოჯახური ძალადობისაგან დაცვის შესახებ“ არსი არის ინტეგრირებული მიდგომა“, – ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, ადვოკატი საიდ გეზერდავა.
ის განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის ძირითადი სახეებია ფიზიკური და სექსუალური. მაგრამ არის ისეთიც, როგორიცაა ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. გარდა ამისა, ავტორებმა კანონპროექტში შეიტანეს ტერმინი „ოჯახური არეულობა“.
კანონპროექტი განსაზღვრავს მინისტრთა კაბინეტის, ომბუდსმენის, ადგილობრივი თვითმმართველობის, შინაგან საქმეთა ორგანოების და არაკომერციული ორგანიზაციების უფლებამოსილებებს. ძირითადი ტვირთი ეკისრება სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც უნდა ჩაერთონ ზედამხედველობაში. მათ შეუძლიათ, მაგალითად, აგრესორს აუკრძალონ მსხვერპლთან მიახლოება და მასთან კავშირი.
საიდ გეზერდავა პრევენციულ ღონისძიებად სახავს პრობლემების ანალიზს, სტატისტიკურ აღრიცხვას, საინფორმაციო კამპანიებს, პრევენციულ საუბრებს და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
მიეცით არჩევანი
აფხაზეთში ოთხი საკონსულტაციო ცენტრია დაფუძნებული, ამბობს აფხაზეთის ქალთა ასოციაციის იურისტი მადინა ხაგუში. ქალთა ასოციაციასთან არსებული კრიზისული ცენტრი უფასო ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას უწევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.
„ყველაზე ხშირად ამ ცენტრებს ქალები მიმართავენ, ნაკლებად მამაკაცები. არის პრეტენზიები ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებითაც. ორგანიზაციები ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ოჯახში ძალადობისა და ძალადობის შემსწრე ბავშვებსაც. გახშირდა შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდების მხრიდან ხანდაზმული მშობლების მიმართ ხდება ძალადობა. ყველაზე ხშირად აგრესორები არიან ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ახალგაზრდები“, – ამბობს მადინა ხაგუში.
იურიდიული დახმარება ხდება კონსულტაციების, მხარდაჭერის, მასალების დამუშავებისა და შეგროვების, სარჩელის მომზადების სახით. აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ არაერთხელ გადაიხადა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ადვოკატის მომსახურების საფასური გამოძიების პირველ ეტაპზე და რთულ საქმეებზე სასამართლო პროცესების დროს.
თუმცა, ჯერჯერობით ვერავინ უზრუნველყოფს მსხვერპლის უსაფრთხოებას. აფხაზეთში არ არსებობს კრიზისული ცენტრი, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია არა მხოლოდ ფსიქოლოგიური და იურიდიული მხარდაჭერა მოიპოვოს, არამედ იგრძნოს ხელისუფლების მხარდაჭერაც.
მოქმედი კანონმდებლობა, ექსპერტების თქმით, არ ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის სპეციფიკას და იმ ფაქტს, რომ მსხვერპლი დაუცველი რჩება. ამ ეტაპზე, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევა მდგომარეობს არა მხოლოდ თავად ძალადობაში, არამედ სახელმწიფოს უუნარობაში, რომელსაც არ სურს აგრესორზე პასუხისმგებლობის დაკისრება. რეალურად, მოქმედ კანონმდებლობას შეუძლია დაზარალებულად ცნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უკვე მკვდარია ან სულ მცირე, სერიოზულად დასახიჩრებულია.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს ფსიქოლოგი ილონა ვუბაც.
„დაზარალებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს საცხოვრებლის ქირაობის ფინანსური შესაძლებლობა. ასეთი ცენტრის გაჩენამ ხელი უნდა შეუწყოს ქალებს არჩევანის გაკეთებაში. არსებითად, არჩევანი არის ის, რაც მსხვერპლს არ აქვს“, – თქვა მან.
მანკიერი წრე
„როცა ძალადობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ სისტემაზე. ეს არის ძალადობის მუდმივი ციკლი“, – ამბობს ანა თორგაშოვა, აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ფსიქოლოგი.
რაც უფრო ხშირად ხდება ძალადობა, მით უფრო უმწეო ხდება მსხვერპლი, თქვა მან.
„ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ადამიანი ვერ ახერხებს ძალადობის მოჯადოებული წრიდან გამოსვლას, მაგრამ მაინც არის ორი ძირითადი – პირადი და სოციალური. პირველში შედის დაბალი თვითშეფასება, საკუთარი თავის და მომავლის რწმენის დაკარგვა, დანაშაულის გრძნობა და შიში. მეორე არის მატერიალური და ყოველდღიური დამოკიდებულება: პირადი შემოსავლის ნაკლებობა, საკუთარი საცხოვრებელი, განათლება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი – სოციალური სტერეოტიპების გავლენა: მსხვერპლს ეშინია, რომ საზოგადოება მას განსჯის.“ – ამბობს ანა თორგაშოვა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო