რუსული ლოუკოსტერი სომხეთის „შირაქის“ აეროპორტში ბრუნდება. განახლება
განახლება
ავიაკომპანია „პობედამ“ მოსკოვი-გიუმრი-მოსკოვის რეისებზე ბილეთების გაყიდვის განახლება გადაწყვიტა. ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
აგვისტოს დასაწყისში ზამთრის სეზონის ბილეთების გაყიდვა შეჩერდა„შირაქის“ აეროპორტთან უთანხმოების გამო, რომელიც სომხეთის მეორე ქალქში – გიუმრიში მდებარეობს. მაშინ „პობედამ“ ადგილობრივ აეროპორტს საწვავის დაკლებაში დასდო ბრალი.
„ჩვენ დღეს გიუმრიში რეისებზე ბილეთების გაყიდვას განვაახლებთ: აეროპორტმა პირობა დადო, რომ საწვავით მომარაგების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კლიენტები გიუმრიში ისევ იფრენენ“, – განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.
სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა გიუმრის აეროპორტის მენეჯერმა მარსელო ვენდემ. მან, ინციდენტის გამო, აეროპორტის სახელით ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ „დამნაშავეები გამოვლინდებიან და დაისჯებიან“.
„მომავალში მსგავსი ინციდენტების გამორიცხვის სრულ გარანტიას ვიძლევით“, – თქვა ვენდემ.
8 აგვისტო 2019 წელი
სომხეთში ზამთრის სეზონიდან, შესაძლოა, შეწყდეს ერთადერთი რუსული ლოკოუსტერის „პობედას“ რეისები, რომელიც ქალაქ გიუმრიში რუსეთიდან და უკან დაფრინავს.
კომპანია აეროპორტ „შირაქს“ საწვავის დაკლებაში ადანაშაულებს. ამავდროულად, სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტში აცხადებენ, რომ ლოკოუსტერი თავისი რეისების შეჩერებას არ აპირებს.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა ხდება სინამდვილეში, და შესაძლებელი იქნება თუ არა ზამთარში რუსეთში პირდაპირ გიუმრიდან გაფრენა.
• ბევრი პროექტი სამომავლოდ, ცოტა კარგი რამ ამჟამად – სომხეთის სამოქალაქო ავიაციის შესახებ
• გიუმრი: ახალი წინადადება სომხეთის ტურისტულ რუკაზე
რა არის ბრალდების არსი
ყველაფერი დაიწყო რუსეთის მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ რუსული ლოკოუსტერი, ანუ ავიაკომპანია, რომელიც ბიუჯეტურ გადაზიდვებს აწარმოებდა, გიუმრიში ფრენებს წყვეტს. და მიზეზად ადგილობრივ აეროპორტში საწვავის დაკლება სახელდებოდა.
მოგვიანებით გაჩნდა კომპანიის პრეს-მდივნის ელენა სელივანოვას განცხადება, რომელშიც მან განაცხადა, რომ ავიაკომპანია გიუმრიში რეისებს მხოლოდ ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს.
„პობედამ“ აეროპორტის ხელმძღვანელობას საქმეში გარკვევის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა. თუმცა, აეროპორტის მიერ მიღებული ზომები არასაკმარისია და საწვავის ჩამსხმელი მისი დაკლების პრაქტიკას აგრძელებს.
„პობედა“ ბილეთების გაყიდვის განახლების საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს, თუკი აეროპორტი მკაფიო ზომებს მიიღებს: დაკლებული საწვავის ღირებულების კომპენსაციას მოახდენს, და მომავალში საწვავის დაკლების გამორიცხვის გარანტიას მოგვცემს“, – განუცხადა პრეს-მდივანმა რადიო „აზატუტიუნს“ („თავისუფლება“).
წინააღმდეგობრივი ინფორმაცია
სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ტატევიკ რევაზიანმა განაცხადა, რომ ლოკოუსტერი „პობედა“ ზამთრის სეზონიდან გიუმრიში ფრენების შეწყვეტას არ აპირებს.
რევაზიანის თქმით, მალე ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შორის უნდა შედგეს შეხვედრა, სადაც ყველა საკითხი გაირკვევა, მათ შორის – საწვავის დაკლებასთან დაკავშირებულიც.
ამავდროულად, კომპანიამ საერთაშორისო აეროპორტები „სომხეთი“, რომელშიც აეროპორტი „შირაქიც“ შედის, ოფიციალურად განაცხადა , რომ „ავიასაწვავის დაკლებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ყოფილა“.
რას ფიქრობენ ხელისუფლებაში
ამ სიტუაციის შესახებ უკვე გააკეთა კომენტარი ავიაციის საკითხებში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აკოპ ჩაგარიანმა.
მან საწვავის დაკლების არგუმენტს უსაფუძვლო უწოდა და განმარტა, თუ რატომ:
„საწვავის დაკლება მიზეზი არ შეიძლება იყოს. ჯერ ერთი, მათ გარდა, მსგავსი რამ არავის განუცხადებია. გარდა ამისა, გიუმრიში მათ მხოლოდ 3 ტონა საწვავი ჩაასხეს. რამდენად უნდა მოტყუებულიყვნენ ისინი სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით, რომ ზემოქმედება ასეთი არსებითი ყოფილიყო?“
რა ხდება
ჯერ კიდევ წინააღმდეგობრივი აზრების ფონზე, რეისი გიუმრი-მოსკოვის მომავლის გეგმა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
JAMnews შეეცადა, გიუმრი-მოსკოვის მიმართულებით 2019 წლის დეკემბრისა და 2020 წლის იანვრის სხვადასხვა დღეების ბილეთები ონლაინ შეესყიდა. ყველა მცდელობა უშედეგო იყო. აპლიკაცია უსასრულოდ ერთსა და იმავეს პასუხობდა: „გადაფრენის ვარიანტები არ იძებნება.“
ეს ადასტურებს, რომ ზამთრის პერიოდში ქალაქ გიუმრიდან რუსეთის დედაქალაქში გადაფრენების ბედი ჯერჯერობით შეჩერებულია.
ლოკოუსტერ „პობედას“ შესახებ
„პობედა“ რუსეთის „აეროფლოტის“ შვილობილი კომპანიაა. ეს კომპანია ბილეთებს შედარებით იაფად სთავაზობს.
ის 2016 წლიდან მოსკოვიდან გიუმრიში და უკან ახორციელებს რეისებს. 2018 წლის აპრილიდან კი დაფრინავს ასევე სანკტ-პეტერბურგში.