კელი დეგნანი: არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-საქართველოს პარტნიორობას
კელი დეგნანი საქართველოზე
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-საქართველოს პარტნიორობას. მისივე თქმით, საქმის მიხედვის იმის დროა, რომ ევროკავშირის “ქვეყნებს დაანახოთ” – საქართველო ამ გზის ერთგულია.
კელი დეგნანმა ელექტრონული არჩევნების სისტემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს.
მისი თქმით, “აშშ-შიც ვნახეთ”, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი “სუფთა და სამართლიანი იქნება” – დეგნანმა აღნიშნა, რომ მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს “არ ესმით” ის როგორ მუშაობს.
აშშ-ის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი ასრულებს თავის მისიას და მომავალი ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის მოვალეობას შეასრულებს. ეს “რადიო თავისუფლებისთვის” ელჩის სტატუსით მიცემული მისი ბოლო ინტერვიუა.
კელი დეგნანი: “არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას. ამას ისინი გარკვეული მიზეზების გამო და კერძო ინტერესებით აკეთებენ, რაც სწორედ ამაზეა გათვლილი.
ისინი არ ცდილობენ მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაციას, არამედ ნებისმიერი დამოუკიდებელი ხმისა, რომელიც გამოდის საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ხალხი საკმარისად საზრიანია – მინიმუმ ისინი, ვისაც მე შევხვედრივარ, ძალიან საზრიანად უდგებიან ამას.
ისინი მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ – როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა მის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იქნებიან აქ საქართველოსთვის, ვინაიდან აქ ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის.
● კელი დეგნანი: არავის სურს, საქართველო დაბრუნდეს რეპრესიულ დროში, როცა იყო ცენზურა და დაშინება
● ამერიკის ელჩი: საკითხავია, რატომ აძლევს პუტინი ამ “საჩუქარს” საქართველოს ახლა
● საქართველოს პრეზიდენტი: ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ ვიღაცები რაღაც ფრონტებზე
გამბედაობა მოდის განსხვავებების გვერდზე გადადებითა და ერთად მუშაობის სურვილით; იმის გააზრებით, რომ ამ განსხვავებების არსებობის მიუხედავად, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ. თითოეული პოლიტიკური ლიდერი უნდა მუშაობდეს იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საქართველოს ხალხის 85%-ს სურს.
ეს არის შენი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც პარლამენტის წევრის საქმე – იმუშაო შენი მოქალაქეების სახელით, რომლებსაც წარმოადგენ. ევროკომისიის ივლისის, სულ რამდენიმე კვირის წინანდელი სიტყვიერი ანგარიშის თანახმად, 12-დან 3 რეკომენდაცია შესრულებულია.
მათ განაცხადეს, რომ საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია. პროგრესი ჰქონდა აგრეთვე კიდევ 7-ზე და ორზე მეტია სამუშაო. დასაკარგავი დრო არ არის. საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო – საქართველო ნამდვილად ამ გზის ერთგულია.
ყველა ქართველმა იცის, რომ კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის ნაბოძები არ არის, მას დამსახურება სჭირდება, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, მეტ უსაფრთხოებას. შეხედეთ ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრს: მათ მიიღეს როგორც ეკონომიკური სარგებელი, ასევე გაიუმჯობესეს სტაბილურობა. ამიტომაც სურთ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ სურს საქართველოსაც ევროკავშირში შესვლა.“