წინასაარჩევნო დაძაბულობა ზუგდიდში - თავდასხმა კანდიდატზე და ჟურნალისტებზე, სკანდალური ვიდეოჩანაწერი
ზუგდიდში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზუგდიდის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან, სანდრა რულოვსს და ადგილობრივ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.
ზუგდიდის მერის არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის სახელით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი იყრის კენჭს.
ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის“ ინფორმაციით, შემთხვევა ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში მოხდა, სადაც გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერა მიმდინარეობდა და სანდრა რულოვსთან ერთად სხვა სტუმრებიც იმყოფებოდნენ.
ტელეკომპანიის ცნობით, რამდენიმე პირმა სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაუპირისპირდა „ოდიშის“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს. ტელეკომპანიის განცხადებით, დაპირისპირება 15 წუთს გაგრძელდა, პოლიცია კი ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
სიტყვიერი დაპირისპირება სანდრა რულოვსის მომხრეებსა და მმართველი პარტიის წევრებს შორის ამის შემდეგ ზუგდიდის საკრებულოში გაგრძელდა.
ინციდენტის კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უარყო ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ შემთხვევით ადგილზე დააგვიანა.
„წინა არჩევნები შეფასებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. სწორედ ამიტომ, ყველა ექსცესი იქნება დეტალურად გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავე, მიეცემა პასუხისმგებლობაში“, – განაცხადა გახარიამ.
ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდება
ინციდენტს ზუგდიდში წინ უძღოდა ფარული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება ტელეკომპანია «რუსთავი-2»-ის მიერ.
მასალის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები “მოვიდა ზევიდან”.
ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად. ხოლო ვისაც ვერ მოისყიდიან – დააშინონ.
სკანდალურ ჩანაწერს ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
„დიდი ხანია, რაც პირადად (მმართველი პარტიის ლიდერის) ბიძინა ივანიშვილისგან არის დავალება გაცემული, მოსყიდვის, დაშინების და ყველა ბინძურ მეთოდებზე წასვლის, რათა გაიმარჯვოს შუალედურ არჩევნებში, განსაკუთრებით ზუგდიდში.
ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ მისი ზუგდიდში დამარცხება იქნება წინაპირობა მისი საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხების. მინდა, პირადად ივანიშვილს ვუთხრა, რომ არც დაშინება, არც მოსყიდვა, მას არ უშველის. მოსახლეობა თავის სწორ არჩევანს აუცილებლად გააკეთებს “, – განაცხადა პარლამენტის წევრმა პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან” თინა ბოკუჩავამ.
“ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ია კერზაიას საქმე შეახსენა – სკოლის დირექტორის, რომელიც, ოპოზიციისა და მისი ოჯახის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ინსულტით გარდაიცვალა.
“რატომ გაქვთ ასეთი პანიკა, რომ მართლაც სახეს კარგავთ ამ არჩევნების დროს? ისევ ფარული ჩანაწერი და მისი ციტირება – ისევ ზონდერი, ზეწოლა, გატაცება. ხომ კარგად იწვნიეთ ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე ია კერზაიას საქმეზე? არ მჯერა, რომ რომელიმეს არ გრცხვენიათ ამ საქმის, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად სხვანაირად საუბრობთ“,– განაცხადა ხოშტარიამ.
როგორც გავრცელებული ჩანაწერის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, “არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების. ყველას მოვუწოდებთ მისცენ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მშვიდად გამოხატონ არჩევანი”.
მისი თქმით, პოლიცია მზად არის “მოქალაქეების მიერ არჩევანის გამოხატვის თავისუფლება დაიცვას”.
შუალედური არჩევნები
19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები იმართება. თბილისის მთაწმინდის ოლქში მაშჟორიტარი დეპუტატის არჩევნებია დანიშნული, ხოლო ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურაში და მარნეულში მუნიციპალიტეტის მერების არჩევნები გაიმართება.
“ნაცინალური მოძრაობა” განსაკუთრებულ იმედს ზუგდიდის არჩევნებზე ამყარებს – ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ამ ქალაქში მოქმედ ხელისუფლებაზე გამარჯვება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა იქნება. სანდრა რულოვსის მთავარი სლოგანია “ზუგდიდიდან იწყება გამარჯვება”.