ოცნების ინიციატივა: ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს
მმართველი პარტიის ახალი ინიციატივით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს – მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დაკომპლექტების წესის ცვლილებებით ხელისუფლება ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას.
ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც: კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.
კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.
“თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე არ აირჩა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე”, – ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამასთანავე, გარანტირებულია საკონკურსო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ყოფნა.
● 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტი ხმას ელექტრონულად მისცემს
● “ყველას ვაწყენინეთ, იზოლაციის საფრთხეში ვართ”- რა თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. მოკლედ
● მოსახლეობის 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. IRI-ს კვლევის მთავარი მიგნებები
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: დაკომპლექტების წესის ცვლილებებით ხელისუფლება ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით “ქართული ოცნება” კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას აგრძელებს და ცესკოს დამოუკიდებლობას ამცირებს.
საია მოუწოდებს პარლამენტს, არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ქართული ოცნების ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება და გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის.
“გასულ თვეებში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულეების გამო, მმართველმა პარტიამ ამჯერად გადაწყვიტა ამ პროცესში დამოუკიდებელი რგოლის, პრეზიდენტის ინიციატივის არსებითად გაუქმება და ის მხოლოდ იმ ნაწილში დატოვა, თუ პარლამენტი პირველ ჯერზე ვერ შეძლებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველო კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განმწესებაში. ხოლო ამ პირების თანამდებობაზე განწესების თაობაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი პრემიერმინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე წარდგინების უფლებას კონსტიტუცია ცალსახად პრეზიდენტს ანიჭებს. პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივით კი პრეზიდენტის არსებითი როლი ამ პროცესში იგნორირებულია.” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
- არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ქართული ოცნების ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება;
- გაითვალისწინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის”.