სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში უშედეგო აღმოჩნდა
მირზოიან-ბაირამოვის მოლაპარაკებები ვაშინგტონში
ოთხი დღის განმავლობაში, 1-4 მაისს, ვაშინგტონში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით. ეს არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის მოლაპარაკებების ყველაზე გრძელი რაუნდი იყო. ვაშინგტონის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება არ გაკეთებულა, მხარეები შემოიფარგლნენ ერთობლივი პრესრელიზით:
მინისტრებმა მიაღწიეს პროგრესს ორმხრივი შეთანხმების ზოგიერთ მუხლში. ამასთან, დააფიქსირეს, რომ პოზიციები ზოგიერთ ძირითად საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ განსხვავდება.
თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოპტიმისტურად იყო განწყობილი თავის შეფასებებში:
”იმედი მაქვს, რომ ორივე მინისტრი, ისევე როგორც მე, თვლის, რომ სამშვიდობო შეთანხმება შორს არ არის და ის უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის. ეს მშვიდობა დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ორი ხალხის ცხოვრებაზე, არამედ ექნება რეგიონული და უფრო გლობალური გავლენა“.
მოგვიანებით, შემდეგი განცხადება გამოჩნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პრესრელიზში:
„სომხეთიც და აზერბაიჯანიც პრინციპულად შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე და უკეთ ესმით ერთმანეთის პოზიციები გადაუჭრელ საკითხებზე. მე მოვიწვიე მინისტრები, რათა თავიანთ დედაქალაქებში დაბრუნებულებმა გაიაზრონ თავიანთი მთავრობებს მოსაზრება, რომ დამატებითი კეთილგანწყობის, მოქნილობისა და კომპრომისის პირობებში, შეთანხმება შესაძლებელია. ისინი გააგრძელებენ გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის მცდელობებს შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერით და ჩართულობით”
კომენტარები ერევანიდან
ტიგრან გრიგორიანი, პოლიტოლოგი:
ვაშინგტონის მარათონი დასრულდა, ჩემი აზრით, მოსალოდნელზე ნაკლები შედეგით. დარწმუნებული ვარ, იყო მოლოდინი, რომ სულ მცირე ერთობლივ განცხადებას მოეწეროდა ხელი. თუმცა, უმნიშვნელოვანეს საკითხებში პროგრესს არც არავინ ელოდა.
კერძოდ კი, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხებია:
- ბაქო-სტეფანაკერტის პირდაპირი მოლაპარაკებების მექანიზმზე შეთანხმებას;
- რუკებზე შეთანხმება
- სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების გარანტიებსა თუ მექანიზმებზე შეთანხმება.
მდივნის ბლინკენის ოპტიმისტური კომენტარების მიუხედავად, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას ამ სამ ძირითად საკითხზე.
კომენტარები ბაქოდან
აზერბაიჯანელმა დეპუტატმა რასიმ მუსაბეკოვმა ამერიკაში მოლაპარაკებების შემდეგ დოკუმენტირებული შეთანხმების არარსებობა ერევანზე რუსული ზეწოლით ახსნა:
„ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებზე სომხეთმა არ დათმო თავის მოთხოვნები და ჩაშალა აზერბაიჯანთან შეთანხმების პარაფირება. გამოცხადდა მოსკოვში მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ. ფაქტია, რომ იქიდან მოხდა წახალისება. სტავროპოლის ტერიტორიის მაგისტრალური გაზსადენის შეკეთება დასრულდა და სომხეთს 1 მაისს შეწყვეტილი გაზის მიწოდება აღუდგინეს.
დეპუტატი ასევე ელის კრემლისგან კიდევ ერთ გამამხნევებელ ჟესტს – რუსეთში შეუშვებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთულ სომხურ სატვირთო მანქანებს “ლარსის” გავლით. ეს პროცესი შეჩერებული იყო.”
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ტოფიგ ზულფუგაროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რთული იყო.
”საუკეთესო შემთხვევაში, მათ შეეძლოთ რაიმე ტექსტის პარაფირება. რადგან ლოგიკურად ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურები უნდა შეიკრიბონ მომზადებულ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის. ასეთი ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ მოსალოდნელია ქვეყნების ლიდერების შეხვედრა. იგრძნობა, რომ შეერთებული შტატები აპირებს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს პოლიტიკური წერტილი დაუსვას. ეს იქედან ჩანს, რომ ამერიკელებმა მოლაპარაკებზე პოსტკონფლიქტური პერიოდის პრობლემების ფუნდამენტური გადაწყვეტის საკითხი დააყენეს“.
მირზოიან-ბაირამოვის მოლაპარაკებები ვაშინგტონში