ევროკავშირის ელჩი: საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირს სურს, საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა მისცეს, “თუმცა საქართველოს გადასაწყვეტია”, სურს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის წევრობა.
“რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს საქართველომ, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ, საქართველოს მოსახლეობამ, ჩვენ ევროკავშირში ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. გვესმის, რომ ევროპულ ინტეგრაციას, წევრობას ევროგაერთიანებაში ქართველების 89% უჭერს მხარს. ეს ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია”, – ამბობს ჰერჩინსკი.
ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმატებით დასრულდება. მისივე თქმით, ეს არის ხანგრძლივი და რთული პროცესი, რომელიც ყველა ქვეყანამ გაიარა იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო:
“ვიცი ისიც, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია ჩადებული. ჩვენ ვართ აქ, რომ დაგეხმაროთ, ვითანამშრომლოთ და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს საჭირო მხარდაჭერა იმისთვის, რომ ეს ოცნება განახორციელოს. თუმცა ახლა ამ ქვის დაძვრა ქართველებზეა და იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, საქართველოს წევრობით ევროკავშირში. ეს იქნება ხანგრძლივი და რთული პროცესი. ესაა გზა, რომელიც გაიარა ყველა ქვეყანამ, რომელთაც სურდათ ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა, ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია.
იმედია, განხორციელდება საკმარისი წინსვლა რეფორმებში, რომ 27-მა წევრმა ქვეყანამ გადადგას შემდეგი ნაბიჯი საქართველოს წევრობისკენ ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსისკენ, რომელიც შეიძლება საქართველომ მიიღოს დეკემბერში. თუმცა ვიმეორებ, ეს იქნება დამოკიდებული პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს რეფორმების გზაზე”, – აღნიშნა მან.
● ევროკავშირის ელჩი: მაქვს ინფორმაცია, რომ მედია ზეწოლის ქვეშაა
● სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: დაუსჯელობა, პოლიტიკური პატიმრები და მედიის თავისუფლება
● პიტერ სტანო: ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში სანქციებს შეუერთდეს
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 2022 წლის 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) კი 2022 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა და გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი აქტი მიიღო. საქართველოს მმართველი პარტია აცხადებს, რომ იზიარებს PACE-ის რეზოლუციის ზოგად სულისკვეთებას, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, რადგან არ ეთანხმება ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
მიმდინარე წლის 3 თებერვალს ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და საქართველოს თანხვედრას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან “საშუალოდ მომზადებულად” შეაფასა.