„ვიცოდი, რომ ერთი ქალი აკეთებდა უფრო იაფად და მასთან წავედი“. რატომ მიმართავენ ქალები არალეგალურ აბორტს საქართველოში?
აბორტი საქართველოში, ანუ ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა კანონით დედის გადაწყვეტილებით 12 კვირამდეა დაშვებული. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰერა XXI“ მიერ საქართველოს 7 რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, სახელმწიფოს მიერ დაწესებული სტანდარტები ხშირად არ არის დაცული, უსაფრთხო და ლეგალური პროცედურა კი ბევრი ქალისთვის ხელმიუწვდომელია.
JAMnews-ი შეეცადა გარკვეულიყო იმ ძირითად მიზეზებში, რომელთა გამოც საქართველოში ქალები არალეგალურ აბორტს მიმართავენ.
„ექოსკოპიაზე ატირებული შევედი, ექიმს ვუთხარი რომ სხვა გზა არ მაქვს, ვერ გავაჩენ და არაფერი მინდა ვიცოდე. უცებ აპარატი უცნაურად აშიშინდა. ხმა მაშინვე ვიცანი, ბავშვის გულის ცემას მასმენინებდა,“ – 39 წლის ირინემ (სტატიაში ყველა სახელი შეცვლილია) ამბავი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების შესახებ ქალთა დახურულ ფეისბუკ ჯგუფში ანონიმურად გაგვიზიარა.
ისტორია, რომელიც საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტით დაიწყო, სახლში, ყოფილ მედდასთან არალეგალური აბორტით დასრულდა. როგორც გვწერს, ასე ზედმეტი კითხვები აირიდა თავიდან.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში საქართველოში აბორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა – 39 200 შემთხვევა. უახლესი მონაცემი 2017 წლისაა – აბორტი 24 900-მა ქალმა გაიკეთა.
თუმცა არ არსებობს მონაცემები, თუ რამდენი ქალია იძულებული სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატის, „ხალხური“ რეცეპტის, „მეზობელი ექთნის“ ან სხვა, ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიში საშუალებით სცადოს ორსულობის შეწყვეტა.
„ბარიერები უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის გზაზე“ – ორგანიზაცია „ჰერა XXI“-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ამ ფორმას ირინეს მსგავსად, სხვადასხვა მიზეზით სხვა ქალებიც მიმართავენ.
კვლევის მიზანი, რომლის ფარგლებშიც 90 ქალი გამოიკითხა, იმის დადგენა იყო, იცავს თუ არა სახელმწიფო სტანდარტს, რომელიც პროტოკოლსა თუ გაიდლაინებში თითქმის უშეცდომოდაა გაწერილი.
• სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორს გაუპატიურებით ემუქრებიან
• სექსუალური განათლება – რატომ არ ისწავლება ეს საგანი სკოლებში
• აფხაზეთი: ერთი წელიწადი აბორტების გარეშე
აბორტი საქართველოში – ფინანსური ხელმისაწვდომობა
პირველი ბარიერი რომელიც კვლევამ გამოავლინა ფინანსებია. ქვეყანაში, სადაც UNICEF-ის კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ქალებს უჭირთ არჩევანი კიდევ ერთი ახალი სიცოცხლის სასარგებლოდ გააკეთონ. იგივე მიზეზი მათ ხშირად არალეგალურ აბორტზე წასვლას აიძულებს.
„გაჭირვებაა მიზეზი, თორემ შვილი ყველას უნდა,“ – გვიხსნის 35 წლის სოფო, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში მარტო არჩენს ოჯახს. საშიშ მეთოდებზე, ცხელ აბაზანებსა და სიმძიმეების აწევაზე ბევრი მოისმინა, გარისკვის ეშინოდა, თუმცა სიღარიბემ ყველა შიში გადაფარა.
„კლინიკა ახლოს არის, მაგრამ ძვირია. ამდენს ვერ გადავიხდიდი. მეზობლისგან ვიცოდი, რომ ჩვენს მახლობლად ერთი ქალი აკეთებდა უფრო იაფად და მასთან წავედი. არც ეს იყო იაფი ჩემთვის, მაგრამ მაინც შეღავათი მომცა,“ – ამბობს ხათუნა, სოფოს მსგავსად ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
ხათუნას „ვალების რვეულში“ მაღაზიის წვრილმანი ნისიების გვერდით დღემდე წერია 150 ლარი – ექთნისთვის გასასტუმრებელი აბორტის თანხა.
აბორტის ღირებულება ქალაქისა და დაწესებულების დონის მიხედვით, 80 დან 250 ლარამდე მერყეობს. სახელმწიფო პოლიტიკა სოციალურად დაუცველი ქალებისთვის არანაირ შეღავათს არ ითვალისწინებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვიხსნიან, ხელოვნურ აბორტზე ქვეყანა ფინანსებს ვერავისთვის გამოყოფს.
საყოველთაო ჯანდაცვა ხარჯებს ფარავს მხოლოდ მაშინ, თუ თვითნებური აბორტის ან მუცლის მოშლის დროს ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ეთიკური დილემა და გეოგრაფიული ბარიერი
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს იმ სამედიცინო დაწესებულებების ზუსტი ჩამონათვალი, სადაც აბორტი კეთდება.
მოქმედი კანონმდებლობით ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს უარი თქვას აბორტზე რელიგიური და ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.
ჯანდაცვის სამინისტრო არ აღრიცხავს იმ დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია ამ სერვისის მიღება. შესაბამისად რეგიონიდან ჩამოსული ქალი შესაძლოა აღმოჩნდეს კლინიკაში, სადაც აბორტი არ კეთდება.
„ჰერა XXI“-ის ხელმძღვანელს ნინო წულეისკირს ეს ბუნდოვანება უდიდეს პრობლემად მიაჩნია.
“სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს რამდენი სერვისმიმწოდებელი ყავს უსაფრთხო აბორტის სფეროში. სამინისტრო უნდა ცდილობდეს, რომ სპეციალისტი იყოს ყველა რეგიონში, ყველა დაწესებულებაში. ჩვენმა 2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მთელი რეგიონებია, მაგალითად მცხეთა-მთიანეთი, სადაც ეს სერვისი არ არის. პრობლემებია გურიასა და ქვემო ქართლშიც. უნდა ადევნებდნენ თვალყურს რომ ქალს არ მოუწიოს მცხეთა-მთიანეთიდან სისხლდენით ჩამოსვლა თბილისში, რომ მისი სიცოცხლე იყოს დაცული.“
ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ ვარაუდით შეუძლიათ თქვან, სად არის ყველაზე რთულად მისაწვდომი ეს სერვისი.
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე JAMnews-თან ინტერვიუში საკითხს ასე ხსნის:
„თუ დაწესებულებას არ სურს მიაწოდოს პაციენტს სერვისი, ჩვენ ვერ ვაიძულებთ მას. სურათს შეგვიძლია გადავხედოთ სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. ანტენატალური მეთვალყურეობა სადაც მიდის, იქ ზუსტად ვიცით რომ ორსულთა მოვლა მიმდინარეობს, მაგრამ ხელოვნური აბორტი კეთდება თუ არა ვერ ვიტყვით, რადგან ეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება.“
დარახველიძეს მიაჩნია, რომ რაიონული ცენტრისთვის მიმართვა, მიუხედავად სიშორისა, ხშირად უფრო უსაფრთხოა, რადგან პროცესის გართულების შემთხვევაში ქალს უკეთ მოუვლიან.
საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ამბობს, რომ „აბორტის რეკლამა აკრძალულია“. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი ბუნდოვანია, რადგან აბორტის უსაფრთხო მეთოდებზე საინფორმაციო ბროშურის გავრცელებაც კი შესაძლოა რეკლამად ჩაითვალოს.
„ჰერა XXI“-ს გამოკითხული ქალების უმრავლესობას არ გააჩნდა ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის სერვისზე, გადაუდებელ კონტრაცეფციაზე, აბორტის საშიშ თუ ნაკლებ რისკიან მეთოდებზე, ან სავალდებულო მოსაფიქრებელი 5 დღიანი ვადის შესახებაც.
აბორტი საქართველოში და სტიგმა საზოგადოებაში
ფრიდრიხ ებერტის ფონდის 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 74% აბორტის აკრძალვის მომხრეა და მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ ეს სერვისი ლეგალური უნდა იყოს. 2017 წელს საქართველოს პარლამენტში აბორტის აკრძალვაზე ორი ინიციატივაც შევიდა, თუმცა ის განსახილველად არ მიიღეს.
აბორტს ეწინააღმდეგება ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი – საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. 2013 წელს პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში დაწერა, რომ „სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის.“ საპატრიარქო დღესაც ითხოვს, მუცლად მყოფ ჩანასახს პირველი დღიდანვე მიენიჭოს სამართლებრივი სამოქალაქო სტატუსი და შესაბამისად, აბორტი ჩაითვალოს მკვლელობად.
განკითხვის შიში ქალს ხშირად არალეგალური ან სახიფათო გზისკენ უბიძგებს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის გოგი ცერცვაძის სამედიცინო პრაქტიკაში ბევრი მსგავსი მაგალითია.
„ქალი ხშირად ცდილობს სწრაფად გადაჭრას ეს პრობლემა, ექიმის გარეშე. გაიზარდა ისეთი პაციენტების რიცხვი, რომლებსაც ქორწინების გარეშე ჩასახული ბავშვის გაჩენა არ სურთ. სვამენ წამლებს, გაურკვეველ ბალახეულს იყენებენ, ბევრი რამ შეიძლება იყოს. მყოლია პაციენტი, რომელმაც მითხრა რომ საშვილოსნოს ყელის გახსნას აპირებდა საქსოვი ჩხირით. შეეშინდა და გადაიფიქრა,“ – ყვება გოგი ცერცვაძე.
„ოფიციალურად რაც გამოიყენება იმ მეთოდსაც კი აქვს გართულებები და როცა გაურკევველ წესებს იყენებენ, ბუნებრივია რისკები უფრო მაღალია – ამ ყველაფრის მიზეზი, რა თქმა უნდა სტიგმაა“.
ხშირად სტიგმას აძლიერებენ ისინიც ვისგანაც ქალი დახმარებას ელის.
პროტოკოლი „გამიგე“ და ტენდენციური კონსულტაცია
„შედეგს გართულებები მოჰყვა, გინეკოლოგთან მივედი, მაგრამ მისი დამოკიდებულება იყო მეორე აბორტის ტოლფასი. გაბრაზდა, ისე მიყვირა, თითქოს მე ბედნიერი ვყოფილიყავი ამ ყველაფრით. ფაქტიურად გამომაგდო და არ მომხედა, სხვასთან მიდიო,“ – ყვება 30 წლის ია.
იმას, რომ ექიმების უხეში და დამამცირებელი დამოკიდებულება გამონაკლისი არ არის, კვლევაც ადასტურებს. აბორტისწინა მიღებაზე მედიკოსები არ ერიდებიან ქალს უთხრან, რომ ამორალურ ადამიანად მიიჩნევენ, რომ აბორტი მკვლელობაა, რომ „ქორწინების გარეშე წესიერი ქალები არ ორსულდებიან“. არადა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ პროტოკოლს, რომელიც აბორტისწინა კონსულტაციის წესებს ადგენს „გამიგე“ ჰქვია და ასე იშიფრება:
გ – გულისხმიერად შეხვდი პაციენტს;
ა – ანამნეზი მიზანდასახულად გამოკითხე;
მ – მიაწოდე ინფორმაცია პრობლემის შესახებ;
ი – ინფორმირებულ არჩევანში დაეხმარე;
გ – გაარკვიე არჩევანის დეტალებში;
ე – ერთად შეთანხმდით მომდევნო ვიზიტზე.
„აგდებით მექცეოდნენ, ფოიეში გამახდევინეს ტანსაცმელი, მეუბნებოდნენ ცოდვას ჩადიხარო, ისტერიული ხარო“
„უემოციოდ აკეთებენ ყველაფერს. აღგიქვამენ იმ ადამიანად, ვინც დიდი შეცდომა დაუშვა და არა იმად, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება“
„სულ მგონია სოფლიდან რომ ვიყავი ჩასული და ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგიტომ მექცეოდნენ ასე, ფულის ჩუქება რომ არ შეგიძლია, არავის აინტერესებს რა გაწუხებს, რას განიცდი“
ეს ფრაზებია იმ ქალების ამბებიდან, რომლებსაც ექიმებმა ვერ „გაუგეს.“
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ პრობლემას ვერ აკონტროლებენ. მათ გაწეული სერვისის შეფასება შეუძლიათ, თუმცა კონსულტაციის ხარისხზე ვერაფერს იტყვიან, რადგან ეს პრივატული პროცესია.
“ეს არის უდიდესი ზეწოლა ქალზე. მიკერძოებული კონსულტირება უკვე დარღვევაა, ექიმი ვალდებულია ქალს მისცეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება. დააკვირდით ამ მნიშვნელოვან სიტყვებს – ინფორმირებული არჩევანი. ეს ნიშნავს, რომ მე, სერვისის მომწოდებელი, გაძლევთ სრულ ინფორმაციას, თქვენ აკეთებთ არჩევანს და მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს,“ – ამბობს ნინო წულეისკირი.
მეტი დრო ფიქრისთვის – ბარიერი თუ უპირატესობა?
კვლევაში მონაწილე ქალები დამატებით სტრესად აბორტის ე.წ. „მოსაფიქრებელ ვადასაც“ აღიქვამენ, რომელიც 2014 წელს 3-დან 5 დღემდე გაიზარდა. რამდენიმე მათგანი აღიარებს, რომ გამოსავალს მიაგნო და თანხის სანაცვლოდ აბორტი პირველივე დღეს გაიკეთა, თუმცა დოკუმენტებში ეს შეწყვეტილ ორსულობად (“მუცლის მოშლად”) გაფორმდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია მოსაფიქრებელი ვადის გაუქმებაა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშიც ვკითხულობთ.
უცნობია რამდენი ქალი დაბრუნდა კლინიკაში მას შემდეგ, რაც მას აბორტის დაუყოვნებლივ ჩატარებაზე უარი უთხრეს – სახელმწიფო არც ამ მონაცემს აღრიცხავს.
მარინა დარახველიძე ამბობს, რომ რეგულაციის ზუსტ ეფექტს სამინისტრო ვერ ზომავს, თუმცა სტატისტიკა ბარიერის დაწესების შემდეგ არ გაუარესებულა.
გამოსავალი – კონტრაცეფცია
სახელმწიფო საზოგადოების არც ერთი ფენისთვის არ აფინანსებს აბორტს, თუმცა ის არც კონტრაცეფციას აფინანსებს. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ეს პრობლემა ხაზგასმითაა აღნიშნული. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია სოციალურად დაუცველებს აქვთ.
ჯანდაცვის სწორი პოლიტიკის შემთხვევაში ქალისთვის პირველი აბორტი ბოლო უნდა იყოს, თუმცა საქართველოში განმეორებითი აბორტების რიცხვიც მაღალია. პრობლემა აქაც ინფორმირებულობაშია – ქალებმა არ იციან, რომ კონსულტაცია კონტრაცეფციასთან დაკავშირებით ოჯახის ექიმთან უფასოა.
ნინო წულეისკირი გვეუბნება, რომ „2017 წელს დამტკიცებულ დედათა და ჩვილ ბავშვთა ახალ სტრატეგიაში, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტში შევიდა ოჯახის დაგეგმვის სერვისები სოციალურად დაუცველი ქალებისთვის, მაგრამ ეს დღემდე რჩება ქაღალდზე კარგად დაწერილ დოკუმენტად.“
მარინე დარახველიძე კი ამბობს, რომ ამ ფენისთვის კონტრაცეპტივების დარიგებაზე ზრუნავენ და გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობენ.
სტრატეგიაში ორი წლის წინ ჩაწერილი გეგმის შესრულება, სავარაუდოდ მომდევნო წლიდან დაიწყება. უფრო ზუსტი თარიღის დასახელება სამინისტროს უჭირს.