საქართველოში მიიჩნევენ, რომ ბავშვებს სექსუალური განათლება არ სჭირდებათ" />

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორს გაუპატიურებით ემუქრებიან

საქართველოში მიიჩნევენ, რომ ბავშვებს სექსუალური განათლება არ სჭირდებათ

გენდერის მკვლევარი ხატია ახალაია ამბობს, რომ რამდენიმე დღეა სახლიდან გასვლის ეშინია.

ორგანიზაცია განათლების და შრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ინტერნეტსივრცეში სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეოგაკვეთილები განათავსა.

“მოდი ვისაუბროთ ჩვენი სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებიც ფეხებს შორის მდებარეობს”- ასე იწყება ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

• სექსუალური განათლება – რატომ არ ისწავლება ეს საგანი სკოლებში 

• “მინდა დედაჩემი ჩემი მეგობარი იყოს”. UNICEF-ის კვლევა ქართველ მშობლებსა და მოზარდებზე 

• 6 რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს 

ხატია ახალაია აცხადებს, რომ ამ ვიდეოების ჩაწერის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მუდმივად ესმის ისტორიები, როგორ აბულინგებენ სკოლებში ბავშვები ერთმანეთს.

ვიდეოგაკვეთილების ავტორი ამბობს, რომ ის თავის ვიდეოებში მთლიანად იუნესკოს სექსუალური განათლების სტანდარტსა და საერთაშორისო სახელმძღვანელოს ეყრდნობა და ბავშვებში საკუთარი სხეულის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა სექსუალობაზე გაჩენილი ინტერესი კომპეტენტური ინფორმაციით დაიკმაყოფილონ:

“როცა მოზარდებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, ისინი ინტერნეტის უკონტროლო სივრცეს ან პორნოგვერდებს მიმართავენ, სადაც ხშირად ინფორმაციას დამახინჯებული გზებით იღებენ და ეს მოზარდის ფსიქიკაზე კარგად არ აისახება,” – ამბობს ის. 

ეს ის მესიჯებია, რომლებსაც ახალაია ყოველდღიურად იღებს. ის ამბობს, რომ მუქარის წერილებში მას გაუპატიურებითაც ემუქრებიან. ასევე აგრესიის სამიზნეა მისი ოჯახი – მეუღლე და ორი შვილი:

“ოთხი წლის მყავს შვილიშვილი და აბა ვინმემ გაბედოს და ამ თემებზე დაელაპარაკოს”

“ცეცხლი უნდა წავუკიდოთ მათ სახლებს, ვინც ამ პროექტს მხარს უჭერს”

“ამის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლაა დასაწყები, ამის შესაჩერებლად სისხლის ღვრასაც არ უნდა მოვერიდოთ”

“გახიო უნდა ცემით ეს გოგო. სად არიან კაცები?”

ახალაია არ გამორიცხავს, რომ ამ მუქარების მიღმა, შესაძლოა,  ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები იდგნენ.

მან 15 თებერვალს პროკურატურას მიმართა და მუქარების შემცველ წერილებზე რეაგირება სთხოვა.

ხატია ახალაიას მხარს უჭერს სახალხო დამცველი, რომელიც ასევე სწავლობს ამ საქმეს.

________________

 

•  საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც სქესობრივი განათლება ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია. უსაფრთხო სექსზე, კონტრაცეფციასა და ადამიანის სექსუალობაზე ქართველ მოსწავლეებს სკოლაში არავინ ელაპარაკება.

•  საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბავშვებისთვის მეცნიერული ცოდნის მიწოდება საკუთარ ანატომიაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ბავშვებს  კი არ დაიცავს, არამედ, პირიქით – დააბნევს და ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების დაწყებისკენ უბიძგებს. 

•  იყო რამდენიმე მცდელობა, რომ სკოლებში დაწყებულიყო საგანი, რომელიც გენდერს, თანასწორობას და სხვა მსგავს თემებს შეეხებოდა, თუმცა ყველა შემთხვევაში მსგავს წამოწყებებს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა განსაკუთრებით ეკლესიის მხრიდან. 

•  გაეროს რეკომენდაციით, სექსუალური განათლება აუცილებელია 5-დან უნდა დაიწყოს. ორგანიზაციას შემუშავებული აქვს სპეციალური სტანდარტი, რა ასაკში როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს სექსუალობაზე. 


ასევე წაიკითხეთ