სტუდენტები აცხადებენ, რომ პოლიცია სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა. რას პასუხობს თსუ
ზეწოლა სტუდენტებზე
“მაისის სტუდენტური მოძრაობის” ინფორმაციით, პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა და სტუდენტების პირად მონაცემებს აგროვებდა. თუმცა თსუ-ის სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი ამბობს, რომ ეს საცხოვრებელში გეგმური შესვლა იყო, რასაც მართლწესრიგის ოფიცრები ყოველ წელს აკეთებენ.
სტუდენტების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ რეპრესიების შესახებ ცნობები მას შემდეგ გახშირდა, რაც 7-9 მარტს ათასობით სტუდენტი რუსთაველის გამზირზე გამოვიდა და ე.წ. რუსული კანონი გააპროტესტა.
17 თებერვალს ოცნების სატელიტმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. როგორც ამას პროცედურები ითვალისწინებს, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.
ამ ორიდან ერთი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 7 მარტს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო. კანონის ინიციირებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი პროტესტი მრავალათასიან მიტინგებში გადაიზარდა, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. მომიტინგეებს დაუშინეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
ამ კანონპროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ყველა, მთავრობის გარდა, რუსულ კანონს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიღება ქვეყნისთვის დიდი ბარიერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
საბოლოოდ, უმრავლესობამ უკან დაიხია და „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით ჩააგდო. „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა. რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ კანონის არმიღებით საზოგადოებამ “ხელიდან შანსი გაუშვა”.
“ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა.
სტუდენტური მოძრაობის განცხადება
როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მარტის საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების გასანეიტრალებლად, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.
მოძრაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და ასევე პროფესორებისგან მოითხოვს, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას და მომხდარზე რეაგირებას.
“როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, მათ თავი ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს და პირადი მონაცემები გამოართვეს. ამავდროულად, მათ სტუდენტებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რას ემსახურებოდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. ამის შესახებ სტუდენტები ადმინისტრაციას არ გაუფრთხილებია. პოლიციის თანამშრომლებს არ ახლდნენ საცხოვრებლის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, არ იყვნენ ინფორმირებულნი მსგავსი აღრიცხვის საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ.” – აღნიშნულია განცხადებაში.
სტუდენტების თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ არის სტუდენტების ინტერესების დამცველი და მათ არ აინტერესებთ უნივერსიტეტის მომავალი და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გადარჩენისთვის იბრძვიან, მათივე განმარტებით, ეს ფაქტი არის მიზანმიმართული რეპრესიების მაჩვენებელი, რის საშუალებასაც აძლევს უნივერსიტეტი სახელმწიფოს სტუდენტების წინააღმდეგ:
“მაისის სტუდენტური მოძრაობა” არ აპირებს მიიღოს ეს მუქარა სტუდენტების მიმართ და მოვითხოვთ, უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება მომხდარი ფაქტის შესახებ. გვითხრას, თუ რატომ მისცეს პოლიციას სტუდ-ქალაქში შესვლისა და პერსონალური ინფორმაციის მოპოვების უფლება. სხვა შემთხვევაში, საჯაროდ დაგმონ პოლიციის მოქმედება და მოითხოვონ საჯარო პასუხი. გვჭირდება, პროფესორების მკაფიო პოზიციაც. პოლიციას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტში, სტუდენტების საცხოვრებელში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ხელისუფლება ავტორიტარული გამოვლინებებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება”
● “ევროკავშირის გზაზე ერთ-ერთი პრობლემის სახელი ბიძინა ივანიშვილია” – დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე
● “შეიძლება ევროპა მართლაც არ არის სათქვენო” – დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
თსუ-ს პასუხი სტუდენტებს
თსუ-ის სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს საცხოვრებელში გეგმური შესვლა იყო, რასაც მართლწესრიგის ოფიცრები ყოველ წელს აკეთებენ.
გრიგოლაშვილის თქმით, მართლწესრიგის ოფიცრები შევიდნენ ბაგების სხვა საერთო საცხოვრებლებშიც, მათ შორის იმ კორპუსებში, რომლებიც თსუ-ს არ ეკუთვნის და სტუდენტების გარდა თსუ-ის თანამშრომლების და სხვა მაცხოვრებლების შესახებ ინფორმაციაც შეაგროვეს.
მისი აზრით, 15-16 მარტს სტუდენტურ საცხოვრებლებში ოფიცრების შესვლა არ ებმის რომელიმე კონკრეტულ ფაქტს, რადგან ამგვარი პრაქტიკა წინა წლებშიც არსებობდა და ამ შემთხვევაშიც შეგროვდა არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ ყველა მაცხოვრებლის შესახებ მონაცემები.
გრიგოლაშვილის განმარტებით, თავად თსუ არაა ინფორმირებული როდის ჩათვლის პოლიცია საჭიროდ ადგილზე მივიდეს და “კანონით გათვალისწინებული ქმედებები” განახორციელოს:
“მართლწესრიგის ოფიცრების საცხოვრებლებში შესვლის შესახებ წინასწარ არც წინა წლებში ჰქონდათ ინფორმაცია.” – თქვა გრიგოლაშვილმა.