თბილისის ანტირუსულმა აქციებმა სოხუმსა და ცხინვალში „მეორე ფრონტის“ შიში გააჩინა. ხელისუფლების რეაქცია
“მეორე ფრონტის” შიში სოხუმსა და ცხინვალში
თბილისში გამართულ ხალხმრავალ ანტირუსულ აქციებს სოხუმსა და ცხინვალში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივი პოლიტიკოსები და ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, რომ თბილისში მალე ახალი ხელისუფლება მოვა, რომელიც მზად იქნება „მეორე ფრონტი“ გახსნას.
ამ განწყობებს ამძაფრებდა განცხადებები მოსკოვიდან. აქციების პარალელურად, რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები – ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდნენ განცხადებებს მოსალოდნელ პროვოკაციებსა და ომის საფრთხეზე.
მასშტაბური ანტირუსული აქციები საქართველოში 6 მარტს დაიწყო. ეს აქციები მოჰყვა საქართველოს მთავრობის განზრახვას, მიეღო რუსული კანონი ე.წ. აგენტების შესახებ.
სამდღიანმა სახალხო პროტესტმა, რომელშიც ჩაერთო ყველა, ისიც კი, ვინც ამ დრომდე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერთვებოდა, მათ შორის, საჯარო მოხელეების ნაწილიც, „ქართული ოცნება“ იძულებული გახადა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ჩაეგდო
ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია, რადგან „არსებობს რისკები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თბილისში განვითარებული მოვლენები კიევის მაიდანს შეადარა. მან თქვა, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები მხოლოდ საბაბი იყო მთავრობის ძალისმიერი მეთოდით შესაცვლელად.
რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენიტეტს ამერიკის ზეწოლით კარგავს და, რომ სწორედ აშშ-ის ორგანიზებული იყო თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები.
- გაზი, წყლის ჭავლი, დაკავებები – მასშტაბური აქცია თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ქრონოლოგია და ბევრი ფოტო
- “ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით” – სალომე ზურაბიშვილი
- საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
- საზოგადოების პროტესტი რუსულ კანონს. ყველა განცხადება ერთად
აფხაზურ ტელეგრამ-არხებსა და ჩატებში პოპულარული გახდა ვიდეო თბილისის აქციიდან, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდა გამომსვლელი სოხუმსა და ცხინვალს ახსენებს:
„მე ვარ თბილისში დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ, მე ვარ წარმოშობით ერედვიდან, ცხინვალის რეგიონიდან, ჩემი მიწა ოკუპირებულია… ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია დავბრუნდე და გავყარო ოკუპანტები. ყველა უნდა დაბრუნდეს, გაგრაში, სოხუმში, ცხინვალში, ერედვში“ , – ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი ფავლენიშვილმა შეკრებილებს და შემდეგ,დაიწყო სკანდირება: „სოხუმი! ცხინვალი!“ რასაც აქციის მონაწილეთა ნაწილიც აჰყვა.
ნახევარ საათში, მისი გამოსვლის ვიდეო სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელდა, რასაც მოჰყვა დისკუსია იმაზე, რომ “ქართველები ომს აპირებენ”:
ვიდეოს კრემლის მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც გამოეხმაურა:
“დემონსტრანტები თბილისში ყვირიან: სოხუმი! სოხუმი! სინამდვილეში თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს აურზაური ჩვენთვის მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო“, – დაწერა ტელეგრამის არხზე კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა.
რამ გამოიწვია “მეორე ფრონტის” შიში
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ რეგიონებში გაჩენილ შიშებს რამდენიმე ფაქტორით ხსნის. მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, საკუთარ იმიჯს, რომ ის არის ერთადერთი „მშვიდობის პარტია“ საქართველოში, სოხუმსა და ცხინვალში კარგად ყიდის. ამიტომ, მისი რაიმე ტიპის მარცხი იქ მძაფრად აღიქმება:
„პარადოქსია, მაგრამ, პრორუსული „ქართული ოცნება“ იქ ძალიან წარმატებულად აპელირებს მშვიდობაზე, რასაც ვერ ახერხებს მაგალითად, პროდასავლური ქართული ოპოზიცია“.
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სოხუმის ჩატებში აქციის ერთ-ერთი მონაწილის გამოსვლა დაიხვიეს ხელზე:
„მე ამ გამოსვლას დიდ ყურადღება არ დავუთმობდი, რადგან დაახლოებით 300-მდე ადამიანი გამოვიდა ამ სამ დღეში და ცხადია, ყველა სხვადასხვა რამეს ამბობდა. მხოლოდ ერთმა გამომსვლელმა ახსენა სოხუმი და ცხინვალი. ამ ერთი განცხადებით რაიმე ტრაგედია არ მომხდარა. მეტიც, ეს ისეთი მტკივნეული თემაა საქართველოსთვის, მიკვირს, რომ მხოლოდ ერთმა ახსენა“.
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მისთვის კითხვის ნიშნებს იწვევს ის რეაქცია და გამოხმაურება, რაც ამ ვიდეოს მოჰყვა: „ჩემთვის ეს განცხადება არ არის იმდენად უცნაური, რამდენადაც ის, როგორ აიტაცეს ის როგორც სოხუმსა და ცხინვალში და ასევე რუსეთში.”
რატომ დუმს თბილისი?
თბილისი ამ დრომდე არ გამოხმაურებია არც სოხუმსა და ცხინვალში გაჩენილ შიშებს და არც კრემლის განცხადებებს.
“ძალიან მძიმე სანახავია ხელისუფლების საქციელი”, – ამბობს “რონდელის ფონდის” უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი, რომლის აზრით, ეს არის სრული კაპიტულანტური დამოკიდებულება და ერთადერთი, რაც შეიძლება მიიღოს ხელისუფლებამ სანაცვლოდ, არის კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის შექება ღარიბაშვილის მიმართ.
იგი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამიზნულად აგებს პროპაგანდას “მეორე ფრონტის” შიშზე და შესანიშნავად მანიპულირებს ამით, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებშიც. პეტრიაშვილი გულისხმობს საქართველოს მთავრობის გზავნილს, რომ ის არის ერთადერთი ძალა საქართველოს ისტორიაში, ვისი მმართველობის პერიოდშიც საქართველოში მასშტაბური ომი არ ყოფილა.
“წლების წინ, საგარეო უწყება ფორმალურ განცხადებებს მაინც აკეთებდა, მაგრამ, ახლა ვხედავთ, რომ ესეც არ ხდება. ეს იმიტომ, რომ მოშლილია საგარეო პოლიტიკური საქმიანობის მექანიზმი. უბრალოდ, პოლიტიკა არ არსებობს. მიდგომა ასეთია – არ არის საჭირო პასუხი, არ არის საჭირო რეაგირება“, – ამბობს იგი და იხსენებს, შემთხვევას, როდესაც რამდენიმე წლის წინ, გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის შეურცხყოფას შუაღამესვე მოჰყვა საგარეო უწყების განცხადება: “ახლა არც შუაღამეს, არც მეორე დღეს, არც 48 საათში არავის არაფერი უთქვამს“
ბუკა პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, რა დისკუსიებიც დაიწყო სოხუმსა და ცხინვალში, საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უნდა ეთქვა ის, რაც უკვე დეკლარირებული აქვს: “რომ, ის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს სოხუმსა და სამაჩაბლოს. ამის გამეორება არ იყო რთული”.
“იმედი მაქვს, არსებობს კომუნიკაციის დახურული არხები საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ცხინვალის რეჟიმს შორის და იქ მაინც წავიდა ეს გზავნილი თავის დროზე” .
“მეორე ფრონტის” შიში სოხუმსა და ცხინვალში