თურქეთი: 600 დეველოპერი გამოძიების ქვეშაა, 260-ზე მეტი გადარჩენილი ბავშვის სახელი უცნობია
დეველოპერების დაპატიმრებები თურქეთში
თურქეთში 600-ზე მეტ სამშენებლო კონტრაქტორზე და ქონების მფლობელზე გამოძიება მიმდინარეობს, მათგან 184 დაკავებულია. მათ ბრალად ედებათ 6 თებერვალს, რამდენიმე საათის ინტერვალით ერთმანეთის მიყოლებით, ორი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩამონგრეული შენობების უხარისხო მშენებლობაში მონაწილეობა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.
თურქეთში მიწისძვრების შედეგად დადასტურებულად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 44200-მდე გაიზარდა. სირიასთან ერთად, რომელიც ასევე დაზარალდა მიწისძვრით, დაღუპულთა რიცხვი 50000-ს აჭარბებს.
თურქეთში 160 000-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა. საზოგადოება აღშფოთებულია და მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, რომ სტიქიური უბედურების შედეგებმა მნიშვნელოვნად გამოაშკარავა ჩინოვნიკების შეცდომები.
წლების განმავლობაში თურქი ექსპერტები აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ კორუფციამ და მთავრობის პოლიტიკამ ბევრი ახალი შენობა სახიფათო გახადა.
თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ქალაქის მერი.
ოპოზიციური პარტიები და ზოგიერთი სამშენებლო ექსპერტი ადანაშაულებს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციას სამშენებლო სტანდარტების დაუცველობაში. მათი თქმით, ახლა ხელისუფლება ცდილობს პასუხიმგებლობა მოიხსნას და მთელი ბრაზი მშენებლებზე მიმართოს.
მთავარი კრიტიკა ე.წ. „კონტრაქტორების ამნისტიას“ მოიცავს, რომელიც მრავალი წელია მოქმედებს სამშენებლო კოდექსის დარღვევით. მათ ბევრი დარღვევა აპატიეს “სამშენებლო ბუმის” სტიმულირების მიზნით, მათ შორის მიწისძვრისკენ მიდრეკილ რეგიონებში.
დაწყებული ფართომასშტაბიანი გამოძიება ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი ერდოღანი პრობლემას აღიარებს. მაგრამ საჯაროდ, მას მაინც ურჩევნია ისაუბროს, როგორც მან ცოტა ხნის წინ განაცხადა დაზარალებულ რეგიონში ვიზიტის დროს, ამ სიტყვებით: ”ეს ყოველთვის ხდებოდა. ეს ბედისწერის ნაწილია“.
თურქეთში ძალიან მალე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. თავდაპირველად, ისინი ივნისისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ 14 მაისამდე გადაიდო, რაც საგანგებო მდგომარეობით აიხსნა.
სწრაფად გამწვავებული ეკონომიკური კრიზისის გამო, მიწისძვრამდეც ბევრი პოლიტოლოგი ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციებს ძალიან მყიფედ აფასებდა. ახლა ეს არჩევნები კიდევ უფრო მეტად შეარყევს ერდოღანის ძალაუფლებას.
ბავშვები, რომელთა სახელებიც მიწისძვრამ წაშალა
ტომ ბეიტმანი, BBC News, ადანა, სამხრეთ თურქეთი
ადანას საქალაქო საავადმყოფოში დაშავებული ბავშვები ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ გააცნობიერონ რამდენი დაკარგეს. მე ვუყურებდი ექიმებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, როგორ აჭმევდნენ დაშავებულ ექვსი თვის გოგონას, რომლის მშობლები მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ იპოვეს.
მას აქვს მრავლობითი მოტეხილობა, სისხლჩაქცევა თვალის ქვეშ და კიდევ რამდენიმე დაზიანება სახეზე. მაგრამ ის ბრუნდება და მიღიმის.
„ჩვენ ვიცით, სად იპოვეს და როგორ მოხვდა აქ. და ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ მისი მისამართი. ძებნა გრძელდება“, – ამბობს ექიმი ნურსა კესკინი, პედიატრი და ქალაქ ადანის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე.
თურქეთის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს სტიქიის ზონიდან დაშავებული 260-ზე მეტი ბავშვის იდენტიფიცირება. მათი მშობლები სავარაუდოდ გარდაცვლილები არიან, რადგან მათი კვალი გაქრა.
მიწისძვრამ ამ ბავშვების სახლები დაანგრია და ახლა მათ სახელებიც წაართვა.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გოგონა, ექიმების თქმით, ხუთი ან ექვსი წლისაა. მას სძინავს და შეერთებული აქვს ინტრავენური წვეთები. ექიმების თქმით, მას თავის ტვინის ტრავმული დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.
მე ვეკითხები, შეეძლო თუ არა მას თავის სახელი ეთქვა. “არა, ეს მხოლოდ თვალის კონტაქტი და ჟესტებია”, – პასუხობენ ექიმები.
ბევრი ბავშვი ადანაში მიიყვანეს სხვა რაიონებიდან, სადაც საავადმყოფოებიც ჩამოინგრა. ადანა გახდა ამ რეგიონის ხსნის ცენტრი. პირველ პერიოდში აქ ახალშობილები მოჰყავდათ ქალაქ ისკენდერუნში ძლიერ დაზიანებული საავადმყოფოს სამშობიაროდან.
„ბევრი უფროსი ბავშვი შოკის გამო ვერ ლაპარაკობს. მათ იციან თავიანთი სახელები. როგორც კი მათი მდგომარეობა დასტაბილურდება, ჩვენ შეგვიძლია [ვცდილობთ] ვესაუბროთ მათ“, – ამბობს დოქტორი კესკინი.
ჯანდაცვის წარმომადგენლები აგრძელებენ უცნობი ბავშვების და შესაძლოა მათი ნათესავების მისამართების ძებნას. მაგრამ ქუჩები ნანგრევების ქვეშაა და ამოცანა ძალიან რთულია.
და მშობლები შვილებს ეძებენ
ამავდროულად, ბევრი მშობელი ახლა უიმედოდ ეძებს მიწისძვრის დროს გაუჩინარებულ შვილებს. თურქული სოციალური მედია ივსება დაკარგული ბავშვების შესახებ ცნობებით, სადაც მოცემულია დეტალები, თუ რომელ სართულზე ცხოვრობდნენ ისინი ჩამონგრეულ შენობებში.
გადარჩენილი ნათესავები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აგრძელებენ საავადმყოფოებში ბავშვების ან მათი მშობლების ძებნას.