საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტზე: ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს
საქართველოს პრეზიდენტი აგენტების კანონპროექტზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში “უცხოური აგენტების” კანონპროექტის რეგისტრაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კანონი თავისი შინაარსით “რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს”.
“ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.
ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტში დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება.
სავარაუდოდ, ეს საკითხი მიმდინარე კვირაში სესიაზე განხილვისთვის არ გავა. საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო პოზიციის უახლოეს 2 კვირაში დაფიქსირებას აპირებს.
როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, ის ვერ დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს სწორედ იმ დროს, “როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება.” ზურაბიშვილის თქმით, 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, “სულ უფრო აქტუალურს ხდის” ევროპული მომავლის საკითხს
“სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიციირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.
და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.
ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.” – წერია განცხადებაში.
● “რუსული კანონის მსგავსია” – ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში. მთავარი
● რას ფიქრობენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტზე. სპოილერი: კარგს არაფერს
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
20 თებერვალს, საქართველოს ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ესტუმრნენ. ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული დეპუტატების, “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ “უცხოური აგენტების” კანონზე განაცხადა, რომ კანონპროექტი არაა აშშ-ის კანონმდებლობის მსგავსი და ის რუსული კანონის მსგავსია.
ასევე, შაჰინის თქმით, მსგავსი კანონი მიღებულ იქნა უნგრეთის მიერ და დადასტურდა, რომ ის არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან, ასევე ადამიანის უფლებების რეალიზებასთან და “როცა ვსაუბრობთ დემოკრატიის უკუსვლაზე ესეც იგულისხმება.”
კანონპროექტს 16 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პრაისის განმარტებით, კანონი დაფუძნებულია არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზე. ამის შესახებ ნედ პრაისმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე შეფასებით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.
“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატები, რომლებმაც მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს, პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის არეგისტრირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.
“უცხოური აგენტების” რეესტრში შესვლა მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, ეს იქნება დაფინანსების გამჭვირვალობის დასავლური ანალოგი და მას რუსულ მოდელთან საერთო არაფერი აქვს.
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.
მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.