სომხეთში „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გზატკეცილის მშენებლები ხელფასების გადახდას ითხოვენ
სომხეთში, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გზატკეცილის მშენებლებმა ერევან-გიუმრის მთავარი გზა გადაკეტეს. 4-საათიანი გაფიცვის შემდეგ, საბოლოოდ მოძრაობა აღდგა, თუმცა მოთხოვნები ჯერ არ დაუკმაყოფილებიათ.
რას ითხოვენ მუშები?
მშენებლები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს შემდეგ, ხელფასი არ აუღიათ. ისინი ამბობენ, რომ პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა ვერ შეძლეს და სწორედ ამიტომ წავიდნენ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე.
ავტომაგისტრალის გადაკეტვის გადაწყვეტილება ზოგიერთმა მშენებელმა იმ ფაქტით ახსნა, რომ მალე ახალი წელია, მათ კი არაფერი აქვთ, რომ საახალწლო სუფრა გაშალონ. მათ შორის სტუდენტების მშობლებიც არიან, რომლებმაც შვილების სწავლის საფასური უნდა გადაიხადონ. ზოგიერთ მშენებელს კრედიტების პროცენტების დასაფარად სჭირდება თანხა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს:
„საბანკო კრედიტი მაქვს, რომელსაც ვერ ვფარავ, რადგან ხელფასი არ ამიღია. ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ, საქმე სასამართლოს გადაეცემა და მე ამ სიტუაციიდან ვერანაირ გამოსავალს ვერ ვხედავ. ბანკს არ აინტერესებს, რა მიზეზით გავხდი გადახდისუუნარო. ჩემი ბრალი არაა, მთელი ეს თვეები პატიოსნად ვიმუშავე და გაწეული სამუშაო უნდა ამინაზღაურონ“.
მთავრობის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის ნაცვლად, მომიტინგეებთან არაგაწოტნის მხარის გუბერნატორი, დავიდ გევორგიანი მივიდა, რომელმაც მშენებლებს პრობლემის სასამართლოს გზით მოგვარება ურჩია. გუბერნატორის ცნობით, ხელფასი 700 მუშას არ მიუღია. მიზეზი – ქვეკონტრაქტორებს არ მიუღიათ ფული კონტრაქტორისგან ანუ ესპანური კომპანიისგან.
რას წარმოადგენს „ჩრდილოეთ-სამხრეთი“?
„ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გზატკეცილი – დამოუკიდებელი სომხეთის ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო პროექტია. ამ გზამ ქვეყნის ჩრდილოეთი სამხრეთს უნდა დაუკავშიროს. ჩრდილოეთიდან მაგისტრალი სომხეთს საქართველოსთან დააკავშირებს და მისი გავლით უზრუნველყოფს შავ ზღვასა და ევროპულ ქვეყნებზე გასვლას. სამხრეთით კი ავტომაგისტრალი სომხეთს ირანთან დაკავშირებს. ამ პროექტის წყალობით, სომხეთს შეუძლია სატრანზიტო ქვეყანა გახდეს.
სამშენებლო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ექსპლუატაციაში ხუთიდან მხოლოდ ერთი მონაკვეთი მიიღეს. მშენებლობის დასასრულებლად ხელისუფლებას ფინანსების მოძიება მოუწევს და, დიდი ალბათობით, ეს ფული საერთაშორისო კრედიტები იქნება.
სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ავტომაგისტრალის მშენებლობის გაგრძელებას აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამ პროექტს ძალიან ძვირადღირებულად მიიჩნევენ და ამ სახსრების სხვა, უფრო დიდი ეკონომიკური ეფექტის მქონე სტრატეგიულ პროექტებში დაბანდებას სთავაზობენ. ყველაზე მოკრძალებული გათვლებითაც კი, 490-კილომეტრიანი ავტომაგისტრალი მთლიანობაში ორ მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება.
სომხეთის ხელისუფლების პოზიცია
ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო აღიარებს, რომ ხელფასის დაგვიანების პრობლემა ნამდვილად არსებობს. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აკოფ არშაკიანი საკითხის განსახილველად კომპანიასთან შეხვედრას აპირებს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა ფინანსური ვალდებულება შეასრულა კერძო კომპანიასთან, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს და ხელფასის დაგვიანებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
რით დასრულდა ყველაფერი?
ოთხსაათიანი საპროტესტო აქციისა და გზის ბლოკირების შემდეგ, მუშები ავტომაგისტრალის გახსნას მაინც დათანხმდნენ. მათი თქმით, თუკი პრობლემა არ მოგვარდება, მსგავსი აქციები გაგრძელდება.