"ტექნიკური პროგრესი საკმარისი არ არის" - სერგი კაპანაძის მოსაზრება ევროკომისიის დასკვნაზე
სერგი კაპანაძის მოსაზრება ევროკომისიის დასკვნაზე
3 თებერვალს ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და საქართველოს თანხვედრას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან “საშუალოდ მომზადებულად” შეაფასა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად. ასევე, ქვეყანას აქვს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან დაკავშირებით.
● The Economist: დემოკრატიის ინდექსში საქართველო ჰიბრიდულ რეჟიმად რჩება
● “სააკაშვილი კვდება ციხეში და ეს ძალიან იმოქმედებს საქართველოს მომავალზე” – ევროპარლამენტში გამართული დებატები
დასკვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია Grass-ის დამფუძნებელი და პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი სერგი კაპანაძე.
“ევროკომისიამ გამოაქვეყნა კითხვარის შეფასება სამივე ქვეყნისთვის. სანამ დღეს და ხვალ სამთავრობო პროპაგანდა ამოიქოქება და მილიონ რამეს იტყვიან, უნდა ვიცოდეთ, რომ რეალობა არის შემდეგი:
– ნამდვილად, საქართველო ცოტათი წინ არის ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. უფრო კონკრეტულად, 32 თავიდან ყველაზე მეტი ვერდიქტი “მზადყოფნის ადრეული დონე” აქვს მოლდოვას (12), შემდეგ უკრაინას (8 ), და შემდეგ ჩვენ (6). ანუ, სადაც ყველაზე მეტი გვაქვს გასაკეთებელი, ყველაზე ცოტა ეგეთი სფერო ჩვენთან არის.
– ნამდვილად, სადაც “მზადყოფნის გარკვეული დონე” ვერდიქტი აქვს ევროკომისიას, მაგ თავებში ყველაზე მეტი თავი გვაქვს ჩვენ და მოლდოვას (17), შემდეგ მოდის უკრაინა (15).
– ნამდვილად, სადაც “მზადყოფნის საშუალო დონე” აქვს შეფასებული ევროკომისიას, მაგ თავებში პირველზე ვართ ჩვენ (9 თავი), მეორეზეა უკრაინა (5 თავი), ხოლო მესამეზე მოლდოვა (3 თავი).
– ხოლო ისეთი თავები, სადაც “მზადყოფნის კარგი დონეა” ვერდიქტი, აქვს მხოლოდ უკრაინას (4). ჩვენ და მოლდოვას არც ერთ არ გვაქვს მწვანედ შეფასებული. სხვათა შორის, ერთ-ერთ წინა სამუშაო ვერსიაში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მზადყოფნა ჩვენთან შეფასებული იყო “კარგი დონით”, მაგრამ როგორც ჩანს, უკრაინაზე ჩვენი პოზიციონირების გამო შეგვიმცირეს შეფასება.
ახლა რაც შეეხება მთავარს. ეს თავები არ ეხება ე.წ. ფუნდამენტურ უფლებებს, fundamentals. კერძოდ, ისეთ თემებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დემოკრატიასთან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, კოპენჰაგენის პოლიტიკურ კრიტერიუმებთან. ამ თავებზე ევროკომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა შარშან (12 პირობა). შესაბამისად, ამ მოხსენებაშიც ნახსენებია, რომ ეს ფუნდამენტური საკითხები ამ მოხსენებაში არ შეფასებულა. ამიტომ, ტყუილია ის განცხადებები, რომ ე.წ. “ფუნდამენტურ საკითხებზე” ამ მოხსენებაში ჩანს, რომ მოლდოვაზე წინ ვართ.
საბოლოოდ კი დასკვნა არის მარტივი. სასტარტო პოზიცია საკანონმდებლო და რეგულატორული ჩარჩოების კუთხით გვაქვს მართლაც კარგი. ეს არის ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და ვიზა ლიბერალიზაციის შედეგი.
სამწუხარო ის არის, რომ ამ სასტარტო პირობების მიუხედავად, შარშან კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ და თუ ის 12 პირობა არ შევასრულეთ, ვერც წელს მივიღებთ.
ტექნიკური პროგრესი კი საკმარისი არ არის ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის.” – წერს კაპანაძე.
● “დემოკრატიული ლპობის საფუძველი ბიძინა ივანიშვილია” – დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 2002 წლის 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) კი 2022 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა და გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი აქტი მიიღო. საქართველოს მმართველი პარტია აცხადებს, რომ იზიარებს PACE-ის რეზოლუციის ზოგად სულისკვეთებას, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, რადგან არ ეთანხმება ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.
რეზოლუციაში შესწორების სახით დამატება მოგვიანებით შევიდა, სადაც ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში “პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას.”
აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.