შემდეგი ნარვაა? უკრაინის მოვლენებმა ესტონეთი რუსულენოვანი მოქალაქეების პრობლემაზე დააფიქრა
ჰრომადსკოეს მასალების მიხედვით
Narva is next („ნარვა მომდევნოა“) —2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს სიტყვები ჰეშთეგად იქცა იმ ესტონელი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის, რომლებიც კიდევ ერთხელ შეეცადნენ, რომ ყურადღება ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დიდ რუსულენოვანი რეგიონის პრობლემისაკენ მიემართათ. უკრაინული ტელეკომპანიის ჰრომადსკოეს რეპორტაჟში ნაამბობია, თუ როგორ ცდილობს ესტონეთი რუსულენოვანი უმცირესობის ინტეგრირებას.
ორ სკამზე
ნარვა – მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის – მესამე, და ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონის იდა ვირუმაას ყველაზე დიდ ქალაქია. აქ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 53 ათასი – ეთნიკური რუსია. ადგილობრივი მოსახლეობის 87% რუსულად ლაპარაკობს.
აქ უმუშევრობის დონე — ქვეყანაში ყველაზე მაღალია (8%), რაც საშუალო ესტონურზე 1,5%-ით მეტია. ცხოვრების დონე კი აქ რამდენადმე დაბალია, ვიდრე საშუალოდ ესტონეთში.
ყირიმთან პარალელები ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. 1993 წელს ნარვას მერმა იური მიშინმა და მისმა პოლიტიკურმა ძალამ – „რუსი მოქალაქეების კავშირი“ – უკვე სცადეს ესტონეთისგან გამოყოფა და ჩაატარეს რეფერენდუმიც, რომელიც არალეგიტიმურად იქნა აღიარებული. თუმცა, მაშინ რუსეთმა ნარვას სეპარატისტებს მხარი არ დაუჭირა.
ესტონეთის მთავრობამ ამ ფსევდორეფრენდუმის შემდეგ რუსულენოვანი უმცირესობის მიმართ პოლიტიკა გაამკაცრა. მას შემდეგ ესტონეთის მოქალაქეობის მიღების კანდიდატები ვალდებულები არიან ჩააბარონ გამოცდა, რომელიც ისტორიის, კულტურისა და სამართლის საკითხებს შეიცავს, ასევე მათ უნდა დაადასტურონ ესტონური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ვისაც ეს გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, იღებენ ესტონეთის არამოქალაქის პასპორტებს, რომლებიც ვიზუალურადაც კი განსხვავდება ქვეყნის მოქალაქეების პასპორტებისგან – ისინი რუხი ფერისაა. ასეთი პასპორტების მფლობელებს პარლამენტში კენჭის ყრის ან ხმის მიცემის, პოლიტიკური პარტიების შექმნის და მისი წევრობის, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში მუშაობის უფლება ჩამორთმეული აქვთ.
ნარვას ქალაქის მმართველობის მდივნის ანცა ლიმეცის თქმით, ბევრი მოქალაქისთვის საქმის ამგვარი ვითარება სრულიად ხელსაყრელია. 2008 წლიდან კი, როდესაც რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე რუხი ფერის პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა დაუშვა, ესტონეთის მოქალაქეობის მიღების •მსურველთა რიცხვმა კიდევ უფრო იკლო.
სხვათა შორის, არამოქალაქეები შესამჩნევად ჭარბობენ უფროს თაობაში. ახალგაზრდების დიდ უმრავლესობა ესტონურის სწავლას ამჯობინებს, ტალინისა და ტარტუს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლასა და იმ შესაძლებლობებს ირჩევს, რასაც ესტონეთის მოქალაქეებს გაერთიანებული ევროპა სთავაზობს.
• რას წარმოადგენს სინამდვილეში რუსული სამყარო რუსეთის გარეთ? სამი მოკლე ფილმი
• მხოლოდ კარგი რუსეთის შესახებ. როგორ ფინანსდება და იმართება საზღვარგარეთ პრორუსული მედია
• მოლდოვა რუსულ პროპაგანდას აპაუზებს
ეთნიკური რუსების მიღება
ესტონელების უმრავლესობა ორი ათწლეულის განმავლობაში ნარვას მაცხოვრებლებს უცხოებად მიიჩნევდა. ისინიც იმავეთი პასუხობდნენ. ინტეგრაციის პოლიტიკა 20 წლის წინათ შერბილდა. ეს ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ პირობად იქცა. იმ დღეს, როდესაც ესტონეთის ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებები დაიწყო, მუშაობას შეუდგა ინტეგრაციის სახელმწიფო ფონდი.
ფონდი ესტონეთის რუს მოსახლეობას ესტონური ენის შესწავლაში, ესტონელების გაგებასა და სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში უნდა დახმარებოდა.
„ჩვენი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ესტონური ენის შესწავლას ხმარდება, – ამბობს ინტეგრაციის ფონდის დირექტორი ირენა კიაოსაარი, – ჩვენ ამ შესაძლებლობას ყველა მსურველს ვთავაზობთ. მეთოდები განსხვავებულია – ეს არის კურსებიც, ენის კლუბები, ენის კაფეები. ვცდილობთ ისეთი გარემო შევქმნათ, რომელიც ესტონური ენის შესწავლის სტიმულს გააჩენს“.
მისი თქმით, ფონდის მიზნობრივ ჯგუფს – არამხოლოდ რუსები, არამედ ესტონელებიც წარმოადგენენ.
„სამწუხაროდ,ყველა ესტონელი როდი იყო მზად ეთნიკური რუსების საკუთარ საზოგადოებაში მისაღებად. და ეს ამ უკანასკნელებს მოტივაციას უკარგავდა“, — ამბობს კიაოსაარი.
იმისთვის, რომ რუსულენოვან ახალგაზრდობას უმაღლესი განათლების შანსი მიეცეს, 90-იანი წლების დასასრულს ნარვაში გაიხსნა პირველი უმაღლესი სასწავლებელი – ტარტუს უნივერსიტეტის კოლეჯი.
სწავლება უპიტარესად ესტუნურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა ენის ცოდნისადმი მოთხოვნები აქ ისეთი მაღალი არ არის, როგორც დედაქალაქში. 20 წლის განმავლობაში კოლეჯი 2 ათასმა ადამიანმა დაამთავრა, დღეს აქ 450 სტუდენტი სწავლობს, 40 მათგანი – პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა.
კოლეჯი არამხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს – ის სწრაფად იქცა ნარვასა და მთლიანად რეგიონის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ ცენტრად. აქ გამოფენები, კონცერტები, ოფიციალური ღონისძიებები, ღია ლექციები, და საჯარო დისკუსიები ტარდება.
• საქართველოში რუსული ენა lingua franca-ს ფუნქციას კარგავს
•გაგაუზია — მოლდოვის შემადგენლობაში არსებული პრორუსულად განწყობილი ავტონომია
• საქართველო — ახალი სახლი სამხრეთაფრიკელი ბურებისთვის
ნარვასთვის ყურის დაგდება
ესტონეთის ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში ამ რეგიონს უბრალოდ იგნორირებას უკეთებდა, ვინაიდან აქ ესტონეთის ცოტა, და რუსეთის ბევრი მოქალაქეა. პოლიტიკურ პარტიებს აქ ამომრჩევლები არ ჰყავთ – ნარვას მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობენ. ვითომ, საკუთარი პრობლემები თავადვე გადაწყვიტონო, – ამბობს ტარტუს კოლეჯის დირექტორი კრისტინა კალასი, – ყირიმი ხელისუფლებისთვის მაღვიძარასავით იყო: თუკი ნარვასა და ესტონეთის რუსულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციას დროულად არ შეუდგებით, იდა-ვირუმააში, შესაძლოა, ყირიმი განმეორდეს.
ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონი დიდი ხნის განმავლობაში ესტონეთისგან კულტურულად და მედიურად იზოლირებული იყო. აქედან სანკტ-პეტერბურგი უფრო ახლოსაა, ვიდრე ტალინი. ნარვას მოსახლეობისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი რუსულენოვანი ტელევიზია რუსეთის არხები იყო. მათი გავლენა ახლაც იგრძნობა.
თუმცა, ესტონეთი არ დაადგა ლატვიისა და უკრაინის გზას, სადაც რიგი რუსული მედიის მუშაობა კანონმდებლობით იყო აკრძალული, არამედ ცდილობს, რომ საკუთარი ისეთი მედიაპროდუქტის წარმოება წაახალისოს, რომელიც რუსულს კონკურენციას გაუწევს. კრისტინა კალასის აზრით, 21-ე საუკუნეში რაიმე ინფორმაციის აკრძალვა უაზრობაა, ბევრად უფრო ქმედითია ადამიანებისთვის კრიტიკული აზროვნებისა და ფაქტების მანიპულაციებისგან განსხვავების სწავლება.
„დიდი ხნის განმავლობაში ესტონეთის საზოგადოებაში ასეთი პარადიგმა არსებობდა: დაე, ყველა რუსმა ესტონური ისწავლოს, ესტონურ არხებს უყურონ, და ყველა კარგად იქნება, – გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას ესტონეთის რუსულენოვანი რადიოს „Radio 4“-ის ჟურნალისტი იური ნიკოლაევი, – მაგრამ რუსები რატომღაც ესტონურ ენას ცუდად სწავლობდნენ და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროებით – რუსული არხებით სარგებლობდნენ. დავა იმის შესახებ, სჭირდება თუ არა ესტონეთს რუსულენოვანი ტელევიზია, დღემდე გაგრძელდებოდა, უკრაინაში ომი რომ არ დაწყებულიყო. ესტონელი პოლიტიკოსები მაშინ სერიოზულად დაფიქრდნენ, თუ როგორ მიეღწიათ რუსულ აუდიტორიამდე. და 2015 წელს გადაწყდა, რომ რუსებისთვის ცალკე საზოგადოებრივი ტელეარხი – „ЭТВ+“ გაეკეთებინათ. ამ არხს ცენტრალური რუსული არხებისთვის კონკურენციის გაწევა უჭირს, თუმცა მას საკუთარი აუდიტორია ჰყავს“.
ნიკოლაევის თქმით, „ЭТВ+“-ის ჟურნალისტებს ქუჩაში ცნობენ, მოსახლეობა მათთან ერთად უკვე ნანახ სიუჟეტებს განიხილავს, და ახალ თემებს სთავაზობს.
„რუსულენოვანი ტელეარხის გაჩენამ რუსულ თემს ტელეეთრში გამოჩენის საშუალება მისცა. წინათ ამ ადამიანებს, მათ პრობლემებსა და აზრებს ეთერში ვერ ნახავდით. ახლა კი ეს ყველაფერი გაისმის და განიხილება. და ეს კარგია“.
მისი თქმით, „ЭТВ+“-ს ბევრი ესტონელიც უყურებს: „მოულოდნელად ორივე მხარეს ინტეგრაცია გამოვიდა“.
პრეზიდენტი ქალაქში
ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს ერთ კვირაში უკვე მესამედ გადააქვს ნარვაში ესტონეთის დედაქალაქი – აქ თავის მობილურ ოფისს აწყობს, ყოველდღიურად ხვდება ათობით დაწესებულებისა და საწარმოს ხელმძღვანელს, პოპულარულ ადამიანებს, სპექტაკლებსა და კონცერტებს ესწრება, ქუჩებში ადამიანებს ელაპარაკება.
ჩვენ მას თანამდეროვე ხელოვნების გამოფენაზე ვესაუბრეთ.
„ენა ჩვენი აზროვნების საფუძველს არ წარმოადგენს“, – პასუხობს კერსტი კალიულაიდი შეკითხვას – ხედავს თუ არა ხელისუფლება რუსულენოვანი ესტონელების შეხედულებებში რუსულენოვანი პროპაგანდისთვის მოწყვლად საფრთხეებს: „თავისთავდ ეს შეკითხვა ჩვენს რუსულენოვან მოქალაქეებს შეურაცხყოფს. ისინი იმავე თავისუფლებასა და ფასეულობებს ფლობენ, რასაც ისინი, ვინც ამ თავისუფლებისა და ფასეულობების შესახებ ესტონურად ლაპარაკობს. ესტონეთი თითოეული ადამიანის უფლებებს პატივს სცემს. და ინტეგრაცია ენობრივი უნარებით არ შემოიფარგლება. სახელმწიფოს ვალდებულებაა – ყველაფერი იღონის იმისთვის, რათა ყველა მოქალაქეს – განურჩევლად ენისა და ეთნიკურობისა – განვითრებისა და ამ საზოგადოებაში წარმატების მიღწევის საშუალება ჰქონდეს. ესტონეთი მულტიეროვნული და მრავალენოვანი ქვეყანაა. მაგრამ ოფიციალური ენა ერთი გვაქვს. და ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ მისი გამოყენება ყველამ შეძლოს“.
ნარვას მაგალითზე ესტონელებს იმის დამტკიცება სურთ, რომ რუსული ენა პოლიტიკური პოზიციის მანიშნებელი არა არის. ჩვენ ამაში დავრწმუნდით.
ნარვას მაცხოვრებელთა უმრავლესობა, ვისაც ქალაქის ქუჩებში ვესაუბრეთ, შეკითხვას: „ისურვებდნენ თუ არა ისინი, რომ იდა-ვირუმაა რუსეთის ნაწილი გახდეს?“, ერთმნიშვნელოვნად პასუხობს: „არა“.
„რა შეიძლება რუსეთმა ესტონელ რუსებს შესთავაზოს?“ – სვამს რიტორიკულ კითხვას კრისტინა კალასი: „ისინი კარგად ცხოვრობენ, მათ ევროპული ცხოვრების სტილი აქვთ. მათ ხომ იციან, რომ უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე მეზობელ (რუსულ) ივანგოროდში. ისინი ამას ყოველდღიურად ხედავენ. მათი შვილები ტალინში გიმნაზიებში სწავლობენ, ჰელსინკის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აპირებენ. მაინც რა შეუძლია რუსეთს, რომ ამის სანაცვლოდ შესთავაზოს? არაფერი“.
ესტონეთის მთავრობა ცდილობს, რომ რუსულენოვანი უმცირესობის პოზიციები მიმზიდველი გახადოს და ამით საზოგადოების გახლეჩვა არ დაუშვას. და ახლა ესტონეთის პრეზიდენტი შეკითხვას: „იქნება თუ არა ნარვა მომდევნო?“, დარწმუნებით პასუხობს, — „დიახ, ნარვა ესტონეთის მორიგი დიდი გამარჯვება იქნება“.