გიორგი ცხადაიას ბლოგი" />

რუსული ენა საქართველოში lingua franca-ს სტატუსს კარგავს. ეს კარგია თუ ცუდი?

გიორგი ცხადაიას ბლოგი

რუსულ ენაზე საუბრისას, კომფორტულად თავს ვერასდროს ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა ბავშვობიდან მესმის. პროფესიიდან გამომდინარე (პოლიტოლოგი ვარ), უხერხულობის შეგრძნება უფრო მიმძაფრდება, როდესაც რუსულენოვან ფორუმზე, სემინარზე ან კონფერენციაზე ვარ მიწვეული. ხშირად ზოგიერთ ინტერკულტურულ ღონისძიებაზე დასწრებას სწორედ ამის გამო ვარიდებ თავს.

თუმცა, მე გამონაკლისი არ ვარ. დღეს, საქართველოში 30 წლამდე ახალგაზრდების დიდი ნაწილი რუსულ ენაზე გამართულად ვერ საუბრობს.

მარკეტინგული კომპანია ACT-ს მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ თბილისელთა მხოლოდ 36–მა პროცენტმა განაცხადა, რომ რუსულ ენას სრულყოფილად ფლობს.

ცხადია, ეს მხოლოდ თვითშეფასებაა და არა ენობრივი კომპეტენციის ობიექტური ინდიკატორი, მაგრამ ესეც მეტყველებს იმაზე, რომ დარჩენილი 64 % რუსულ ენასთან თავს კომფორტულად არ გრძნობს, რომ არაფერი ვთქვათ რეგიონებზე, სადაც რუსული ენის ცოდნა გაცილებით დაბალ დონეზეა.

2011 წლიდან რუსული ენა საქართველოში აღარ არის სავალდებულო სასკოლო საგანი. საქართველოში ნაციონალურ ტელევიზიებში რუსულ ენაზე გახმოვანებული ფილმები, ფაქტობრივად, აღარ გადაიცემა. რუსულ სატელევიზიო არხებთან წვდომა მოსახლობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს. ეთნიკურად ქართველები ყოველდღიურ კომუნიკაციაში რუსულს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ იყენებენ. მართალია, ინტერნეტში .ge დომეინზე ჯერ კიდევ უხვად დევს რუსულად გახმოვანებული ჰოლივუდის ფილმები, მაგრამ აქაც რუსულს ნელ-ნელა ქართული და ინგლისური ანაცვლებენ.

რა სიტუაციაა ამ მხრივ აზერბაიჯანსა და სომხეთში, ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა როგორც გარედან ჩანს, მეზობელ ქვეყნებშიც მსგავსი ტენდენციები შეინიშნება.

ფაქტია, რომ რუსული ენა, როგორც lingua franca თანდათან ქრება კავკასიის რეგიონიდან. 
უნდა შევუშალოთ თუ არა ხელი ამ პროცესს და რა ენაზე ვესაუბროთ მეზობლებს?

ის გარემოება, რომ რუსულის პოპულარობა საგრძნობლად მცირდება, ერთი მხრივ მისაღებია, რადგან ამგვარად ყოფილი სსრკ რესპუბლიკები, რომლებიც წლების განმავლობაში რუსული კულტურული სივრცის ნაწილს წარმოადგენდნენ, თანდათანობით თვითმყოფადობას იბრუნებენ. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ჩვენი რეგიონის ქვეყნებს საშუალებას აძლევს თავი წარმოაჩინონ როგორც დამოუკიდებელმა და თვითმყოფადმა კულტურებმა, და არა _ როგორც რუსეთის და რუსული კულტურის დანამატებმა.

თუმცა, თუკი საკითხს სხვა პერსპექტივიდან შევხედავთ, შესაძლოა, რუსულის პოპულარობის შემცირებამ რეგიონის ქვეყნებს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა შეამციროს.

აქამდე რუსული კავკასიის რეგიონის ერთგვარი lingua franca _ სხვადასხვა ეთნოსებსა და ერებს შორის საკომუნიკაციო ენა იყო. თუ კავკასიის ქვეყნები რუსულს დაივიწყებენ, მათ შორის კომუნიკაცია შემცირდება, ეს უარყოფითად აისახება რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე. ფაქტობრივად, ჩვენ ვეღარ შევძლებთ საკუთარ მეზობლებთან საუბარს. სწორედ ამ არგუმენტს იშველიებენ ისინი, ვინც რეგიონში რუსული ენის პოპულარიზაციასა და განმტკიცებას უჭერს მხარს.

თუმცა, რუსული ენის ხელახალი რეანიმირება, სულ მცირე, ოთხი მიზეზის გამო არის მცდარი.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – როგორც უკვე აღვნიშნე, რუსულენოვან ველში დაბრუნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება საზიანო.

მეორე: შეზღუდული რესურსების პირობებში, ქართველი ახალგაზრდები უცხო ენის შესწავლისას უპირატესობას აუცილებლად ინგლისურს მიანიჭებენ და არა რუსულს. ეს ბუნებრივი და პრაგმატული არჩევანია. თუ ქვეყანას განვითარება უნდა, მან აუცილებლად უნდა წაახალისოს საერთაშორისო ენის პოპულარიზაცია. სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურის 90 პროცენტი დღეს მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

მესამე მიზეზი: რუსულის ნაცვლად, ინგლისური ენის ხელშეწყობა ჩვენი რეგიონის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ურთერთობა დაამყარონ არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, არამედ დანარჩენ მსოფლიოსთანაც. კავკასიის რეგიონს დღეს აუცილებლად სჭირდება საერთაშორისო დონეზე გაბმული მეტი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური კავშირები. სხვათა შორის, მომავალში ინგლისურად საუბარი არც რუსულ პოლიტიკურ, ბიზნეს, კულტურულ და აკადემიურ წრეებთან გაგვიჭირდება, რადგან თავად რუსეთშიც საერთაშორისო ენა თანდათან იძენს პოპულარობას.

რა თქმა უნდა, რუსულის, როგორც რეგიონის lingua franca-ს ჩანაცვლება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ რუსული ენის არსებული რესურსები ერთმანეთთან ურთიერთობისთვის არ გამოვიყენოთ. ამის გაკეთება არაპრაგმატული იქნებოდა. თუმცა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ საქართველოში ან სხვა რომელიმე კავკასიურ რესპუბლიკაში რუსულის არცოდნა სირცხვილია.

მნიშვნელოვანია, რომ რუსული ენის პარალელურად, მოეწყოს მეტი ინგლისურენოვანი ინტერკულტურული ღონისძიება, განსაკუთრებით, კავკასიელი ახალგაზრდებისთვის. ხშირად, როდესაც სომეხს ან აზერბაიჯანელს ვხვდებით, შემორჩენილი კოლონიური სტერეოტიპებიდან გამომდინარე, რუსულ ენას ერთმანეთთან საურთიერთოდ ავტომატურად უპირატეს მდგომარეობაში ვაყენებთ ხოლმე. პირველ რიგში, სწორედ ამ მიდგომისგან გათავისუფლებას ვგულისხმობ.

ერთი წლის წინათ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიწვევით, ქართველი და სომეხი სტუდენტებისთვის ლექციის ჩატარება მომიხდა. ლექციას ინგლისურად ვკითხულობდი, შემდეგ კითხვა-პასუხიც ინგლისურ ენაზე იყო. მივხვდი, რომ ეს იყო გაცილებით უფრო პროდუქტიული კომუნიკაცია, ვიდრე რუსულ ენაზე სომეხ სტუდენტებთან ოდესმე მქონია.

ჩვენი რეგიონისთვის ინგლისურის, როგორც lingua franca-ს წახალისება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არსებული ტენდენციებიც სწორედ რუსულის ინგლისურით ჩანაცვლებას წინასწარმეტყველებენ, აუცილებელია.

მასალა პირველად გამოქვეყნებულია: 20.09.2016


ასევე წაიკითხეთ