“მინდა დედაჩემი ჩემი მეგობარი იყოს". UNICEF-ის კვლევა ქართველ მშობლებსა და მოზარდებზე
“მოზარდთა მშობლობა” – ასე ჰქვია საქართველოში ჩატარებულ კვლევას, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა 11 დეკემბერს გამოაქვეყნა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 10-დან 17 წლამდე მოზარდები, ასევე მშობლები და აღმზრდელები მონაწილეობდნენ, აჩვენა რომ:
ქართველი მოზარდების ნაწილი მათთვის ყველაზე რთულ და ემოციურ პერიოდში მშობლების სათანადო მხარდაჭერას ვერ გრძნობს;
მშობლების უმრავლესობა მოზარდებს ავტორიტარული სტილით ზრდის და მათ თავისუფლებას ზღუდავს;
მშობლები და მოზარდები ხშირად არ არიან მეგობრები;
ქართველი მამების ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ბიჭი-შვილი “ქუჩის აკადემიის” წესებით უნდა აღზარდო და მოზარდობის დროს ბორდელში უნდა წაიყვანო.
JAMnews-ი დაწვრილებით მოგიყვებათ ქართული მოზარდობისა და მშობლობის ამ და სხვა მნიშვნელოვან ტენდენციებზე:
______________________
“არ მინდა სახლში პრობლემებზე ვისაუბრო”
UNICEF-ის კვლევაში მონაწილე გოგონებიც და ბიჭებიც ერთხმად ამბობენ, რომ მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა სურთ.
“მინდა დედაჩემი ჩემი მეგობარი იყოს,” – აღნიშნა ერთ-ერთმა მოზარდმა კახეთში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის დროს.
თუმცა, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ სურვილი ერთია და რეალობა სხვა.
• 6 რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს
• ბავშვი ინტერნეტშია, როგორ მოვიქცეთ? გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში
არის შემთხვევები, როდესაც მოზარდი მისთვის ყველაზე რთულ და ემოციურ პერიოდშიც კი ვერ გრძნობს მშობლის მხარდაჭერას.
“არ მინდა სახლში პრობლემებზე ვისაუბრო. როდესაც გავუზიარე, ისევ მე დამადანაშაულეს”, – თქვა დისკუსიის დროს კიდევ ერთმა მოზარდმა.
მკაცრი მამა
“როდესაც შენი შვილი გაგიჟებს, როგორ უნდა შეიკავო თავი და არ ეჩხუბო?”, – თქვა კვლევის მონაწილე ერთ-ერთმა მამამ დისკუსიისას.
მოზარდების უმრავლესობა უფრო ავტორიტარულ მშობლად სწორედ მამას ასახელებს. როგორც გოგოები, ისე ბიჭები ამბობენ, რომ მამის თანდასწრებით უფრო თავშეკავებულად იქცევიან.
მამების დახასიათებისას მოზარდები იყენებდნენ ასეთ ფრაზებს -ისინი არიან მკაცრები, იძლევიან შენიშვნებს, მოითხოვენ ახსნა-განმარტებებს და სჯიან შვილებს. ხშირად მამის ეს მკაცრი იმიჯი შვილების მოზარდობის პერიოდშიც ნარჩუნდება.
“ბიჭმა ქუჩის აკადემია უნდა გაიაროს”. როგორ იცავენ მშობლები ბავშვებს ძალადობისგან?
მშობლების უმრავლესობა ვერ ახერხებს მოთმინებით და მხარდაჭერით უპასუხოს მოზარდების მიერ გაზიარებულ ამბებს ძალადობაზე. შედეგად, შვილები უბრალოდ აღარ უზიარებენ ასეთ მშობლებს თავიანთ გამოცდილებას.
მეტიც, ხშირად თავად მშობლები, განსაკუთრებით კი მამები, თავად ახალისებენ ძალადობას და აგრესიას.
მაგალითად, კვლევაში მონაწილე ერთმა ბიჭმა ასეთი რამე თქვა:
“მამაჩემი უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ ვცემდი იმას, ვინც სხვებს ჩაგრავს”.
ზოგი ქართველი მამა თავად მოუწოდებს შვილებს საპასუხო ძალადობისკენ. მამებს ეშინიათ, მოზარდი არ დაიჩაგროს და “ქალაჩუნა” არ გამოვიდეს.
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბიჭებისთვის კვლავ აუცილებლობად ითვლება ე.წ. “ქუჩის აკადემიის” გავლა.
„ბიჭმა „ქუჩის აკადემია“ უნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს,“ – ამბობს მოზარდის მამა ბათუმიდან.
მშობლების კიდევ ერთი კატეგორია, პირიქით, ძალადობის შემთხვევაში შვილისგან მხოლოდ მორჩილებას ითხოვს:
„მშობლებს არაფერს არ მოვუყვები, რადგან საბოლოოდ მე დამადანაშაულებენ. თუ ვინმემ რამე გითხრა, უნდა მოგეთმინაო, მეტყვიან. მე კი ასეთ რაღაცეებს ვერ ვითმენ“ – ამბობს მოზარდი ბიჭი თელავიდან.
“თუ ვყვირი, ყველა წყნარდება”. როგორ სჯიან საქართველოში შვილებს?
მხოლოდ მამებზე ჯოხის გადატეხვა არასწორი იქნებოდა.
საქართველოში დედების უმრავლესობაც საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს იყენებს.
მოზარდობის დროს ფიზიკურად იშვიათად სჯიან, უფრო ემოციური მანიპულირების ხერხებს მიმართავენ:
„მთლად დასჯა არა, შეიძლება ხმას ავუწიო. თუ ვყვირი ყველა წყნარდება,” – ამბობს მოზარდის მამა.
ერთი გოგონა ამბობს, რომ დედას რომ გააბრაზებს, ის, “სოფელში გაშვებით” ემუქრება.
პოპულარული მეთოდია მობილურ ტელეფონის ჩამორთმევა.
“მე მას მონასტერში გავაგზავნი”. ეკლესიის როლი მოზარდის აღზრდაში
კვლევის შედეგად კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა.
აღმოჩნდა, რომ შვილების დაუმორჩილებლობით დაღლილი მშობლები, განსაკუთრებით კი, მამები, მხარდაჭერას სასულიერო პირებთან (მაგალითად, მღვდლებთან) ეძებენ.
უფრო ხშირად ამ პრაქტიკას თბილისელი მამები მიმართავენ. ისინი საკუთარ შვილებთან კონფლიქტების მოგვარებას ხშირად მღვდლებს თხოვენ. მათი აზრით, მონასტერში ცხოვრება მოზარდის ქცევას შეცვლის და გამოასწორებს.
„მე ორი წლის წინ გავაგზავნიდი მას მონასტერში, მაგრამ მითხრეს, რომ განსაკუთრებულად ძნელია მონასტერში დიდი მარხვის დროს“ – თქვა კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა მამამ, რომელსაც “დაუმორჩილებელი” შვილი ჰყავს.
“მეგობარი მეუზრდელა, მამამ მითხრა მეორედ აქ არ ვნახოო”. ვინ არის ავტორიტეტი?
გავრცელებულია მოსაზრება, რომ თინეიჯერულ ასაკში ბავშვებისთვის მხოლოდ თანატოლები და მათთან სიახლოვეა მნიშვნელოვანი.
თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ მშობლებთან, ვიდრე თანატოლებთან.
მშობელსა და მოზარდ შვილს შორის სიახლოვე პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ვითარდება მოზარდი.
ის მოზარდები, რომლებსაც სიახლოვე აქვთ მშობლებთან, უფრო მშვიდად გრძნობენ თავს, უფრო გახსნილები და საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებში უფრო დარწმუნებულები არიან.
ის მოზარდები კი, რომლებიც ნაკლებად არიან მშობლებზე მიჯაჭვულები, ხშირად იგნორირებას უკეთებენ თავიანთ გრძნობებს, არ საუბრობენ პრობლემებზე და საკუთარ თავში იკეტებიან.
მოზარდები ფიქრობენ, რომ მათ მეტი თავისუფლება და ნდობა სჭირდებათ მშობლების მხრიდან.
მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანატოლები პატივს სცემდნენ. თანატოლებთან შვილის მიჯაჭვულობას მშობლები ხშირად საკუთარი ავტორიტეტის საფრთხედ განიხილავენ.
მაგალითად, ერთმა გოგონამ თბილისიდან თქვა:
„ერთხელ ჩემი მეგობარი იყო სტუმრად და ცოტა მეუზრდელა, მამაჩემი გაბრაზდა და მითხრა, რომ მეორეჯერ ამ გოგოს დანახვა აღარ უნდოდა“.
“ისინი ცდილობენ ცუდად მოიქცნენ, რომ მშობლების ყურადღება მიიქციონ”. რატომ კარგავენ კავშირს მშობლები და მოზარდები?
მშობლებსა და მოზარდებს შორის სუსტ მიჯაჭვულობასა და კავშირზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას.
თუმცა, ერთი რამ ცხადია – თუკი, თქვენსა და თქვენს მოზარდ შვილს შორის კავშირი არ არსებობს, მიზეზი ყველა შემთხვევაში თქვენ ხართ და არა თქვენი შვილი.
ზოგ შემთხვევაში ეს მშობლების მუდმივი მოუცლელობის და მძიმე სამუშაო გრაფიკის გამო ხდება.
ერთმა მშობელმა დაიჩივლა, რომ მისი და მისი შვილის ურთიერთობა ინტერნეტმა შეცვალა. მისი თქმით, ბავშვები ნაკლებად ეკონტაქტებიან მშობლებს და პასუხს ყველა კითხვაზე ინტერნეტში ეძებენ.
უფრო ხშირად მიზეზი მშობლების უყურადღებობაა შვილების გრძნობების და საჭიროებების მიმართ; ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვების პრობლემებიც “ბავშვურია” და შეიძლება წაუყრუო.
ერთმა მოზარდმა გოგონამ მკვლევარებს უთხრა, რომ სწორედ მშობლის გულგრილობაა იმის მიზეზი, რომ მოზარდები სუიციდს მიმართავენ:
„როდესაც ბავშვები თავიანთ თავს ზიანს აყენებენ, ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი არ ღებულობენ საკმაო სიყვარულს ოჯახებისაგან, არც სხვა ვინმესგან..”.
აი რას ამბობს კიდევ ერთი მოზარდი:
„ხანდახან, როდესაც მშობლები ყურადღებას არ აქცევენ და არ აინტერესებთ, რას აკეთებენ მათი შვილები, შვილებს სწყინთ… ისინი ცდილობენ ცუდად მოიქცნენ, რათა მშობლებისგან მიიღონ ყურადღება… თუ ღამის 12 საათამდე დარჩებიან გარეთ, რა თქმა უნდა, დაურეკავენ მშობლები და მოიკითხავენ”.
“ეს ბიჭის საქმეა, ეს – გოგოს”. გენდერული აღზრდა
გენდერული სტერეოტიპები სოფლად უფრო მეტია, ვიდრე ქალაქში. ფაქტია ისიც, რომ წინა წლებთან შედარებით, პატრიარქალური ნორმები თანდათან სუსტდება.
მაგალითად, სოფელში მცხოვრებმა ერთ-ერთმა დედამ თქვა:
„მე ერთნაირ მოვალეობას ვაკისრებ გოგოს და ბიჭს. სახლის დალაგებას, ჭურჭლის დარეცხვას ვავალებ არა მარტო გოგოს, არამედ ბიჭსაც“.
თუმცა, მშობლების დიდი ნაწილი მაინც სხვაგვარად ფიქრობს.
მშობლების უმრავლესობა თანხმდება, რომ განათლება ერთნაირად მნიშვნელოვანია ორივე სქესის შვილისთვის, თუმცა შემდეგ ზოგი მშობელი დააყოლებს ხოლმე, რომ ბიჭისთვის ეს საკითხი მაინც უფრო მნიშვნელოვანია.
ასევე, ადრეული ასაკიდან უნერგავენ მოზარდებს, რომ არსებობს ბიჭისთვის და გოგოსთვის შესაფერისი პროფესიები.
“უმრავლესობა ოჯახებში, თუ გოგონა ამბობს, რომ ფიზიკაში 10-იანი მიიღო, მშობელი ბედნიერია. მაგრამ, თუ გოგონამ თქვა, რომ უნდა ფიზიკოსი გამოვიდეს, შესაძლოა დიდი წინააღმდეგობა შეხვდეს. რაც გამომდინარეობს სულელური სტერეოტიპიდან, თითქოს გოგო არ უნდა გახდეს ფიზიკოსი”, – ამბობს მოზარდი გოგონა ბათუმიდან.
მშობლები უფრო მეტად აკონტროლებენ გოგოებს, ვიდრე – ბიჭებს.
თითქმის ყველა გოგონა აცხადებს, რომ ოჯახში მათი გარეგნობის კონტროლი დედის ფუნქციაა.
„დედას შეუძლია მომაბრუნოს სახლში და შემაცვლევინოს ვარცხნილობა, თუ არ მოსწონს,” – ამბობს გოგონა თბილისიდან.
“არავის ვკითხავ სექსზე, დავგუგლავ”
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ის თემაა, რომელსაც ქართველი მშობლების უმრავლესობა უბრალოდ იგნორირებას უკეთებს.
როგორც წესი, ქართველი მშობელი არ ესაუბრება შვილს სექსზე, სექსუალობაზე, თანმდევ რისკებზე, ფიზიკურ ცვლილებებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. არ ცდილობს ხელი შეუწყოს მას სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში.
მშობლები ფიქრობენ, რომ სექსზე საუბრით შვილებს ნაადრევი სექსის მიმართ ინტერესს გაუჩენენ.
თავის მხრივ, მოზარდებიც არაკომფორტულად გრძნობენ თავს მშობლებთან სექსუალობის შესახებ საუბრისას. ისინი ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში, ან თანატოლებში ცდილობენ.
“არავის ვკითხავ სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. “დავგუგლავ” და თუ ვერაფერი ვნახე, შევწყვეტ ძებნას”, – თქვა კვლევის მონაწილე გოგონამ თელავში.
სქესობრივ მომწიფებაზე, მენსტრუაციაზე, სხეულის ცვლილებებზე გოგონას აუცილებლად დედა ესაუბრება. მხოლოდ რამდენიმე მამამ გამოხატა მზაობა, ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა შვილებთან, განურჩევლად სქესისა.
რაც შეეხება ბიჭის სქესობრივი განათლებას, ეს მამის საქმედ ითვლება. სქესობრივ განათლებაში, როგორც წესი, მოზარდი ბიჭის ბორდელში წაყვანა მოიაზრება
ბორდელში პირველი ვიზიტის ინიციატორი ხშირად მამაა, ფულსაც ის იხდის.
როგორც კვლევამ აჩვენა, ამ “გაკვეთილში” იშვიათად შედის საუბრები დაცულ სექსზე.
რაც შეეხება გოგონას. ქართული ოჯახების უმრავლესობაში საერთოდ არ განიხილება გოგონების სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე.
“თუ მამა იტყვის, უნდა გათხოვდე”
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სოფლად აღზრდა უფრო კოლექტიური აქტივობაა. მაგალითად, სოფელში მცხოვრებ მოზარდს შეიძლება მეზობელმა ან მშობლის მეგობარმა შენიშვნა მისცეს, დატუქსოს და იშვიათ შემთხვევაში ფიზიკურადაც შეეხოს.
განსხვავებულია აღზრდის მეთოდები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთანაც. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში მამის როლი კიდევ უფრო ძლიერია. იქ მამას შეუძლია რომ ქალიშვილის ნაცვლად ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოს – მაგალითად, საქმრო მოუძებნოს და გაათხოვოს.
„ნაწილობრივ ბოშა ვარ. ბოშებთან ასეთი წესია, რომ გოგონა ქალიშვილი უნდა გათხოვდეს. 17 ან 18 წლის ასაკში ქორწინდებიან, ხანდახან 12 წლისაც. ჯერ ბავშვები არიან, და რომც არ უნდოდეს, თუ მამა ეტყვის, უნდა წავიდეს; შეიძლება სულ არ უნდოდეს ქორწინება გოგოს, მაგრამ მშობლების გამო უნდა გათხოვდეს,“ – ამბობს მოზარდი გოგონა თელავიდან.