სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყველა პოლიტიკურმა ძალამ ცნო
პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც სომხეთის 9 დეკემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ, კენჭისყრის შედეგები აღიარეს. სომხეთის პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა მოხვდა: ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“, ასევე პარტიები „აყვავებული სომხეთი“ და „განათლებული სომხეთი“.
მიღებული ხმების პროცენტები და მანდატების რაოდენობა
ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“, რომელსაც სათავეში სომხეთის რევოლუციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი უდგას, ამომრჩევლების ხმათა 70.44% მიიღო, და ამგვარად 88 მანდატი მოიპოვა. წინასწარი დათვლებით, მეშვიდე მოწვევის ეროვნულ საკრებულოში სულ 132 დეპუტატი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ჩემ ნაბიჯს“ შეუძლია საკუთარი კანდიდატი კოალიციური შეთანხმების გარეშე დაამტკიცოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ამომრჩევლების ხმათა 8,27 პროცენტი მიიღო, და მას ახალ პარლამენტში 26 მანდატი ექნება.
პარტიამ „განათლებული სომხეთი“ ხმათა 6,37% – და, შესაბამისად, 18 სადეპუტატო მანდატი მიიღო.
• სომხეთის პარლამენტში უმრავლესობა ფაშინიანის ბლოკს ერგო
• ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მისმა მთავრობამ ხალხის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა
• სომხეთსა და „პოსტ-საბჭოთა“ სამხედრო ბლოკის სხვა წევრებს შორის სკანდალი მწიფდება
გამარჯვებულების პირველი განცხადებები არჩევნების შემდეგ
არჩევნების შემდეგ ბლოკის „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერმა ფაშინიანმა საარჩევნო დღის შესაჯამებლად ჟურნალისტები პრეს-კონფერენციაზე მიიწვია. მან არჩევნების შედეგების კომენტირებაზე უარი განაცხადა, თუმცა აზრი გამოთქვა თავად არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით:
„ვნახე, თუ როგორ აფასებდა ბევრი, მათ შორის ჟურნალისტები, ხმის მიცემის პროცესს – როგორც მოსაწყენს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო შეფასებაა. არჩევნები მშვიდად ჩატარდა. ჩემი აზრით, ახლა უკვე შეიძლება წყნარად მივეჩვიოთ იმას, რომ მწვავე მოვლენები ყველა არჩევნებს არ ახლავს“.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განმარტა, თუ, მისი აზრით, რით იყო განპირობებული ამ არჩევნებზე ასეთი დაბალი დასწრება – 48%-ზე ოდნავ მეტი:
„თუ უკანასკნელი 15 წლის პრესას გადავხედავთ, ვნახავთ, თუ ყოველი არჩევნების შემდეგ რას ლაპარაკობს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, და რას წერენ ჟურნალისტები. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს რესურსის სახით რამდენიმე ასეული ათასი ხმა, რომლებსაც ის იყენებს, ესენი არიან ადგილზე არმყოფი ამომრჩევლები, გარდაცვლილები. გარდა ამისა, ხედავდით, რომ ამ არჩევნებზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლას არ აიძულებდნენ, მოქალაქეები არჩევნებზე საკუთარი ნებით მიდიოდნენ“.
ოლიგარქმა გაგიკ ცარუკიანმა – პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა, რომელმაც, ხმათა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილი დაიკავა, საკუთარ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა:
„როგორც მეორე პოლიტიკური ძალა – ჩვენი პარტია აპირებს, რომ პარლამენტში თქვენს ხმას წარმოადგენდეს. ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე გადის“.
ედმონ მარუკიანმა – პარტია „განათლებული სომხეთის“ ლიდერმა, ამ არჩევნებს ისტორიული უწოდა. პარტია აპირებს, რომ მთავრობის სტრუქტურის ცვლილებას მიაღწიოს, და მმართველი პოლიტიკური ძალის ძალაუფლება შეზღუდოს. მარუკიანის თქმით, „განათლებული სომხეთი“ ინსტიტუციონალურ ოპოზიციად ყოფნას აპირებს:
„ვაპირებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. უახლოეს ხანში პარლამენტის რეგლამენტისა და მთავრობის სტრუქტურაში შესატან შესწორებებს წარმოვადგენთ. გვსურს, ხელისუფლების კონტროლის მექანიზმი შევქმნათ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ახალ მინისტრებს შორის ქურდები და თაღლითები არ იქნებიან.
არჩევნების შეფასება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ
არჩევნების მსვლელობას 8 საერთაშორისო და 22 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. მთლიანობაში, არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობა ყველა მათგანმა დადებითად შეაფასა.
ადგილობრივმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები სომხეთში უფრო თავისუფლად ჩატარდა, ვიდრე წინა ერთიანი რესპუბლიკური არჩევნების დროს, და თან – დემოკრატიული ნორმების შესაბამისად.
„არ შეგვხვედრია ამომრჩევლის მოსყიდვის, ამომრჩევლის დაშინების ან ნების თავისუფლად გამოხატვაზე ზეწოლის შემთხვევები. საარჩევნო უბნების გარშემო არ იყო შეჯგუფებები. ზოგიერთ უბანზე იყო, თუმცა ამას ორგანიზებული ხასიათი არ ჰქონია. და, რაც მთავარია, არ შეგვხვედრია პოლიციის სისტემური უმოქმედობა“, – აღნიშნა ჟურნალისტთა კლუბის „ასპარეზის“ თავმჯდომარემ ლევონ ბარსეგიანმა.
ეუთოს დამკვირვებლებმა განაცხადეს:
„სომხეთში გამართული არჩევნების შესახებ მთავარი დასკვნაა: ის თავისუფალ გარემოში ჩატარდა და ამომრჩევლის ფართო ნდობა დაიმსახურა. არ ყოფილა მოსყიდვისა და ხმების ყიდვის შემთხვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა, უზრუნველყოფილი იყო ნების თავისუფლად გამოხატვა“.
დსთ-ს დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა:
„9 დეკემბერს გამართული სომხეთის ეროვნული საკრებულოს რიგგაგარეშე არჩევნები სომხეთის კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსთან შესაბამისობაშია. არჩევნები მრავალპარტიულობის საფუძველზე ჩატარდა, იყო ღია და გამჭვირვალე. საარჩევნო კომისიებმა ამომრჩევლებისთვის ნების თავისუფალი გამოხატვა ყველა დონეზე უზრუნველყვეს“.
ექსპერტების მოსაზრებები
ადგილობრივი საექსპერტო თანამეგობრობის წარმომადგენელთა შორის მსჯელობის მთავარ თემად იქცა დაბალი დასწრება. პოლიტოლოგი ერვანდ ბოზოიანი მოცემულ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი და ადამიანების უბნებზე მიზიდვის სხვა უკანონო მეთოდები არ გამოიყენა.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებსა და გამარჯვებულის მიერ დაგროვილი ხმების პროცენტს, ცენტრ „მოდუს ვივენდის“ ხელმძღვანელი არა პაპაიანი ასეთ შედეგს კანონზომიერად მიიჩნევს:
„ჩემ ნაბიჯს“ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა უნდა დაეგროვებინა, ეს მოსალოდნელი იყო. მოულოდნელი შეიძლებოდა ყოფილიყო ბრძოლის შედეგი მეორე, მესამე ან მეოთხე ადგილისთვისაც კი, თუმცა არც ეს მოხდა“.