ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მისმა მთავრობამ ხალხის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა
ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პრეს-კონფერენცია გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ ჩქარობს, და შეეცდება, ყველა შეკითხვას უპასუხოს. საბოლოოდ, პრეს-კონფერენცია თითქმის 4 საათს გაგრძელდა.
რით დაიწყო ფაშინიანმა
ნიკოლ ფაშინიანმა პრეს-კონფერენცია იმ განცხადებით დაიწყო, რომ მისმა მთავრობამ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რაც ხალხს მისცა. მას მხედველობაში აქვს ის დაპირებები, რაც რევოლუციის დროს გაისმოდა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ხელისუფლების შეცვლის სურვილს ხორცს შევასხამდით, და თან – ძალადობის გარეშე. ვამბობდით, რომ უკომპრომისო ბრძოლას გამოვუცხადებთ კორუფციას. დღეს ეს ვალდებულება სრულიად შესრულებულია – ბრძოლა მაქსიმალურად მასშტაბურად მიმდინარეობს. ვამბობდით, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მივაღწევდით. და თქვენი დახმარებით, ჩვენ ეს გავაკეთეთ. შესაბამისად, ყველა ის დანაპირები, რაც ჩვენ რევოლუციის ამ ეტაპზე გავეცით, შესრულებულია“.
ნიკოლ ფაშინიანის აზრით, მისი და მისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ მათ „ხელისუფლება ხალხს დაუბრუნეს“.
• სომხეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სხვა წევრებს შორის სკანდალი მწიფდება
• ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღე
ყველაზე აქტუალურია – სკანდალი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გარშემო
ჟურნალისტების პირველი შეკითხვები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას ეხებოდა. ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სიტუაცია არ შეცვლილა, და ის აპირებს, რომ ბელარუსისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს განმარტებები მოსთხოვოს. მანამდე ფაშინიანი უკვე აცხადებდა, რომ მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურების ქმედებებით უკმაყოფილოა. უკმაყოფილება იმას უკავშირდება, თუ რა რეაქცია მოახდინეს ლუკაშენკომ დ ნაზარბაევმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის დანიშვნაზე.
„ჩვენ არ ვგეგმავთ იმ საკითხებზე გაჩუმებას, რომლებიც სომხეთის ინტერესებს შეეხება, ჩვენ თანმიმდევრულად და პრინციპულად, მათ შორის პატრნიორობის ატმოსფეროში, გავაგრძელებთ სომხეთის ეროვნული ინტერესების დაცვას.“
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე განაცხადა, რომ თუკი 6 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურის განსაზღვრა ვერ მოხერხდება, კონსენსუსის ძიება გაგრძელდება.
ნიკოლ ფაშინიანი უკმაყოფილოა და ასევე დაუშვებლად მიიჩნევს მინსკის მიერ ბაქოსთვის იარაღის მიყიდვის ფაქტს.
მან გაიხსენა, რომ ბელარუსმა აზერბაიჯანს ზალპური ცეცხლის „პოლონეზის“ რეაქტიული სისტემების პარტია მიაწოდა.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ ვგმობთ ასეთ გარიგებებს, ამ ქმედებებს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულად მივიჩნევთ, და ვფიქრობთ, რომ ამით კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის არსი ზიანდება․․․ ჩვენ ურთიერთგანმარტებების გაკეთება მოგვიწევს“.
ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სამხედრო ბლოკის წევრებმა ერთმანეთის მიმართ თავიანთი ვალდებულებები უნდა გაარკვიონ. მან აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლება მიისწრაფვის, რომ ორგანიზაციაში საკუთარ წევრობას ახლებური არსი შესძინოს:
„ჩვენ სრულად ვიცავთ ჩვენს ვალდებულებებს, რასაც , სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ჩვენს ზოგიერთ პარტნიორზე“.
შეკითხვაზე, თუ როგორია შექმნილ სიტუაციაზე რუსეთის ხელმძღვანელობის პოზიცია, ფაშინიანმა ლაკონურად უპასუხა:
„ამ ისტორიაში რუსეთის პოზიცია მკაცრად კონსტრუქციულად მიმაჩნია.“
სომხეთის პოზიცია ირანთან დაკავშირებით არ შეიცვლება
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე კომენტარი გააკეთა ირანის მიმართ ამერიკული სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ამის გამო, სომხეთ-ირანის ურთიერთობები არ შეიცვლება:
„ჩვენ მეზობლები ვართ, და არამხოლოდ ურთერთობის კარგი დონე უნდა შევინარჩუნოთ, არამედ შევეცადოთ, რომ ეს ურთერთობა ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ. მაგალითად, კომპანიას ურთერთობა აქვს ამერიკულ და ირანულ კომპანიებთან. ზოგჯერ ხდება, რომ ამერიკელი პარტნიორი მას არჩევანის წინაშე აყენებს: თუ ჩემთან მუშაობის გაგრძელება გსურს, მაშინ ირანულ მხარესთან თანამშრომლობა შეწყვიტეო. ეს კერძო საკითხია.
სამთავრობო დონეზე კი ჩვენი პოზიცია ცნობილია, ის წარმოდგენილია, წარმოდგენილია ჩვენი ინტერესები სომხეთ-ირანისა და სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ნაწილშიც. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები სიტუაციას გაგებით მოეკიდებიან, რადგან ჩვენთვის სომხურ-ამერიკული ურთერთობის სწრაფი განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
სამინისტროები შემცირდება
რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ საკითხებს, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ წინ არის სახელმწიფო აპარატის მართვის ეფექტიანობის ამაღლების მიღწევა. ამასთან დაკავშირებით სამინისტროების რაოდენობის შემცირება იგეგმება.
„მთლიანობაში მთავრობის სტრუქტურა ძალიან შეიცვლება. დღეს ჩვენ 17 სამინისტრო გვაქვს, დროის გარკვეულ მონაკვეთში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გაცილებით ნაკლები სამინისტრო გვექნება. მათი რიცხვის ავტომატურად შემცირება არ მოხდება, არამედ იქნება შინაარსობრივი ცვლილება. ამით სამინისტროების ფუნქციების შეცვლაც მოხდება, რადგან მათი პასუხისმგებლობის ფარგლები გაფართოვდება“.
სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი თანხების დაბრუნება მოხერხდა
გაისმა კორუფციული მხილებების შესახებ შეკითხვაც. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ თვეების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 10 მილიარდი დრამის( 20 მილიონი დოლარის) დაბრუნება მოხერხდა, და აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები 64 მილიარდი დრამის (130 მილიონ დოლარზე მეტი) ოდენობის თანხის მითვისებისა და ბოროტად გამოყენების შესახებ.
„სრულდება თუ არა ამით ყველაფერი? არა. რატომ არ სრულდება? რადგან საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდულია. ისინი დაუღალავად შრომობენ. როდესაც ეს გამოძიებები დასრულდება – სხვები დაიწყება“.